„როგორ შეიძლება გადასცენ ეს ტერიტორია... ვინ აცხადებს ამას? როგორც ჩანს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიმშვიდე არ იყოს და ტემპერატურა აიწიოს. სწორედ აქეთკენ მიდის ერთგვარი მეცადინეობა. სხვა როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ეს ტერიტორია აზერბაიჯანს გადაეცეს?" - აცხადებს „რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დავით გარეჯში არსებულ მოვლენების შესახებ საუბრისას.
მისი განცხადებით, ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ თითქოს ქართულმა მხარემ ჩიჩხიტურას მონასტრის მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანს გადასცა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამწვავებას ემსახურება.
„აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კომისია კი მუშაობს და დაველოდოთ. სიტუაციის გაცხელება აწყობთ იმათ, ვისაც სურს ცხელ გარემოში, ამღვრეულ წყალში რაღაცას ხელი გამოკრას," - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ცნობისათვის, დავით გარეჯში ვითარება უფრო მეტად დაიძაბა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" წევრების განცხადებით, ამ დრომდე ტაძრამდე მისასვლელი გზა ბლოკირებულია, ტერიტორიაზე კი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების რაოდენობა გაზრდილია.
„აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ააშენეს მეორე სამხედრო ბაზა, უდაბნოს მონასტრის მისასვლელთან და გაზარდეს მესაზღვრეების რაოდენობა. ჩვენ შევიმუშავებთ მიმართვის ტექსტს და აუცილებლად მივმართავთ დელიმიტაციის კომისიას, მივმართავთ ჩვენს მთავრობას და მოვითხოვთ საჯარო შეხვედრას საზოგადოების წარმომადგენლებთან," - განუცხადა დავით ქაცარავამ „მედიაცენტრ მთავარს".