ტატა შოშიაშვილი
30.07.2019

 „კანონისმიერი ვადები იმისა, თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულდეს გასაუბრებები, არ არის, ამიტომ ისინიც ბოროტად სარგებლობენ ამით. ეჭვი მაქვს, რომ ეს პერიოდი გამოყენებული იქნება ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის, თუ ვინ გაიყვანონ და ვინ - არა, რაც შეიძლება, რომ ხელისუფლებას აწყობდეს",- ასე შეაფასა იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ დიმიტრი გვრიტიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი რაღაც ეტაპზე შეწყდეს და სექტემბერში გაგრძელდეს, რადგან საშვებულებო პერიოდია.

გვრიტიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და განმარტა, რომ გვრიტიშვილი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითმარქვია თავმჯდომარე, რომელსაც, მისი თქმით, კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების რაღაც ეტაპზე შეჩერებას გულისხმობს:

„ცოტა გაურკვევლად იქცევიან. ჯერ შეთანხმდნენ, რომ დღეში ხუთ ადამიანთან უნდა გამართულიყო გასაუბრება, შემდეგ ჩამოვიდნენ სამზე, ბოლოს გადაწყვიტეს, რომ თურმე შესაძლებელია ორ ადამიანთან ჩატარდეს გასაუბრება, თუმცა მათი დამოკიდებულება პროცესისადმი არის ჩემთვის გაუგებარი.

„არ ვიცი დიმიტრი გვრიტიშვილს რა უფლებამოსილება აქვს, ის მედიაში აცხადებს, რომ შესაძლოა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადადოს გასაუბრების ეტაპი და გაგრძელდეს სექტემბერში.

„ეს საკითხი სხდომაზე არ განხილულა. გვრიტიშვილს კანონით არ აქვს უფლება საბჭოს სახელით გააკეთოს ასეთი განცხადება, თუმცა, თუ ეს ასე მოხდება, ამას მივიჩნევ გამარჯვებად იმ ბრძოლის შედეგად, რომელიც აქ მიმდინარეობს. როგორც ჩანს, აღარ მოსწონთ, რომ საზოგადოება თვალს ადევნებს ამ ცირკს, რომელსაც ხელმძღვანელობს თვითმარქვია გვრიტიშვილი და უნდათ შეაჩერონ დროებით, რათა განეიტრალდეს ემოციები", - დასძენს ჯანეზაშვილი.

იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, რომ კანონით არ არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარების ვადები, რითაც საბჭოს წევრები ბოროტად სარგებლობენ:

„ზუსტად ვერ გეტყვით (რატომ უნდა საბჭოს მოსამართლეებთან გასაუბრების გადატანა), ეგ უკვე თავად საბჭოს გადაწყვეტილებაა, რადგან კონკრეტული, კანონისმიერი ვადები იმისა, თუ როდის დაიწყოს და დასრულდეს გასაუბრებები, არ არის. ამიტომ, ისინიც, ასე ვთქვათ, ბოროტად სარგებლობენ ამით.

„გასაუბრებების შეჩერება გამოიწვევს იმას, რომ საბჭოს წევრები ზაფხულში კარგად დაისვენებენ და, ეჭვი მაქვს, რომ ეს პერიოდი აშკარად გამოყენებული იქნება ინტენსიური მოლაპარაკებებისთვის, თუ ვინ გაიყვანონ და ვინ - არა.

გასაუბრების გადატანა შეიძლება პოლიტიკურ ხელისუფლებას აწყობდეს იმისთვის, რომ კარგად გათვალონ - ვის შეიძლება ენდონ და ვის - არა. ეს პერიოდი იქნება გამოყენებული გადარჩევისთვის, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და უახლოეს პერიოდში არც იგეგმება", - აღნიშნა იურისთმა.

მისივე განმარტებით, გასაუბრების სექტემბრამდე გადატანის დიდი შანსი არსებობს, რადგან რამდენიმე მოსამართლის გასაუბრებამ მათი არაკვალიფიციურობა დაანახა საზოგადოებას და საბჭოს ეს დრო დასჭირდება იმისთვის, რომ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება თუ ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ვინ - არა.

„გასაუბრების გადატანის დიდი შანსი არსებობს, რადგან, ვფიქრობ, რომ ამ გასაუბრებების პირდაპირ ეთერში გადმოცემამ საზოგადოებას დაანახა რა უმწეო ადამიანები აცხადებენ პრეტენზიას უზენაესი სასამართლოს წევრობაზე და შესაძლოა, რომ ამ გამჭვირვალობის ელემენტმა ხელისუფლება დააფიქრა, რომ არ დანიშნოს ის კანდიდატები, რომლებმაც აშკარად თავი შეირცხვინეს და გასაუბრების დროს ძალიან არაკვალიფიციურად გამოიყურებოდნენ.

„მე ვფიქრობ, რომ მათ სჭირდებათ მოლაპარაკება იმაზე, თუ როგორ გადაირჩეს ის შემადგენლობა, რომელიც, შესაძლოა, წინასწარ უკვე შერჩეული იყო, მაგრამ გამოვლინდა, რომ ისინი ძალიან უღირსები და არაკვალიფიციურები არიან, რაც საზოგადოებამაც დაინახა", - ამბობს ლია მუხაშავრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×