აქცია „გააღვიძე ოლიგარქის" მონაწილეები დაკითხვაზე დაიბარეს, რაც შეკვეთილში პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საჩივრის საფუძველზე მოხდა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ივანიშვილის რეზიდენციასთან ხმაურის კანონის დარღვევას ედავებიან, თუმცა იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომაც ამ საკითხზე მსჯელობისას ეს კანონდებლობა გათვალისწინებული უნდა იყოს.
„თუკი სასწორის ერთ პინაზე აღმოჩნდება ადმინისტრაციული შეზღუდვა ხმაურის შესახებ, ხოლო მეორე მხარეს - კონსტიტუციით დაცული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, სასწორის პინა კონსტიტუციით დაცულ ამ მხარეს უნდა გადაიხაროს.
„კანონმდებლობით დადგენილი არის როგორც ხმაურის შეზღუდვა, რაც ადმინისტრაციული კანონდებლობის სფეროა, ასევე გამოხატვის თავისუფლება, თუმცა, აქ კონკრეტული კვალიფიკაციის დროს, ყველა შემთხვევაში, კონსტიტუციით დაცულ სიკეთეს ენიჭება და უნდა მიანიჭოს უპირატესობა საქმის განმხილველმა მოსამართლემ, თუკი საქმე სასამართლომდე მივა.
„ოჯახმა დაურეკა, დაცვის წევრმა თუ მეზობელმა, ეს ყველაფერი შესწავლის საგანი უნდა იყოს. მაგრამ ორი სიკეთე რომ წარმოვიდგინოთ სასწორის პინაზე, მარჯვენა მხარეს თუ აღმოჩნდება კონსტიტუციით დაცული სიკეთე - შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ეს პინა სწორედ ამ მხარეს უნდა გადაიხაროს," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
ცნობისათვის შეტყობინება 112-ში ივანიშვილის სახლიდან შევიდა, რომლის მიმდებარედ აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი ხელისუფლების მხრიდან რუსულ მეთოდებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ისინი რუსული ხელისუფლების მსგავსად აქციის მონაწილეებს აკავებენ და დაკითხვებზე იბარებენ.
„თქვენ უყურებთ რუსეთში აქციების შემდეგ როგორ ხდება ადამიანების დაბარებები, დაკავებები და ამ რუსული მეთოდებით ივანიშვილი ცდილობს ის აქციის მონაწილეები დააკავოს, მიიყვანოს გამოკითხვებზე, როგორმე აქციას ხელი შეუშალოს, ფსიქოლოგიურად ზემოქმედება გააკეთონ პოლიციის თანამშრომლებმა, რომ როგორმე ბიძინა ივანიშვილს მიეცეს თავისუფლად დასვენების საშუალება," - განაცხადა ბაგრატიონმა.