თამთა ჩაჩანიძე
30.07.2019

 „მე ძალიან პესიმისტური განწყობა მაქვს და რეალურად იმას ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს და გამოსავალი რაშიც არის, იმისი პირობები ჩვენ არ გვაქვს", - ასე აფასებს „რეზონასთან" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს ანალიტიკოსი და საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია.

„რეზონანსი": ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებზე ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე წაუყენეს. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ოქრუაშვილის დაკავება მისი სკანდალური განცხადებების შემდგომ და რატომ ადრე არა? „რუსთავი 2"-ის მოვლენებს ხომ არ უკავშირდება ეს?

არჩილ გამზარდია: ოქრუაშვილის დაკავებას „რუსთავი 2"-ის თემას მაინცდამაინც არ ვუკავშირებ, თუმცა, თავისთავად შეკითხვა ჩნდება - რატომ ახლა? მაგრამ, მიუხედავად მისი განცხადებებისა, მე მაინც პირდაპირ ბმას ვერ ვაკეთებ.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის კვალიფიკაცია ჩემთვის ძალიან ირონიული დასანახია - იმ მცირერიცხოვანი ჯგუფის დესტრუქცია ცარიელ პარლამენტზე ისეთი შესასვლელიდან საიდანაც თავის დროზე რევოლუციაც კი არ განხორციელდა. თვითონ სახელმწიფო გადატრიალებაზე მაქვს ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება. შესაბამისად, ამ კონტექსტში ნებისმიერი ტიპის დაკავებას მე უფრო დევნად მივიჩნევ.

უფრო მგონია, რომ ოქრუაშვილთან დაკავშირებული ფაქტორი რაღაც სხვა საკითხთან უნდა იყოს ბმაში, მაინცდამაინც „რუსთავი 2"-ის ფაქტორთან ვერ ვუკავშირებ იმიტომ, რომ ოქრუაშვილს ამ შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს მინდობილობით მოქმედი პირი, რომელმაც შეიძლება პროცესი დაიწყოს და ა.შ. და გარკვეული დისკომფორტი შექმნას ამ ხელისუფლებისთვისაც და დღევანდელი „რუსთავი 2"-ის მფლობელისთვისაც და ოქრუაშვილის ამგვარი გარიდება საკითხის „მოგვარება" არ იქნებოდა.

მგონია, რომ რაღაცა შიდა დამოკიდებულებები უფროა ოქრუაშვილისა და ხელისუფლების ჯგუფებისა, იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია 20 ივნისის რამეს მომხდარ მოვლენებს ვუწოდოთ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. სახელმწიფოს გადატრიალების დროს პირველ რიგში იჭერენ ხოლმე თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს იმიტომ, რომ სახელმწიფო გადატრიალება არსად არ მომხდარა შიდა მოკავშირეობის გარეშე. ასე გარეთ ცალკეული ადამიანების დევნა და ორი პოლიციის წარმომადგენლის დაკავება იმ ფონზე, როდესაც ამდენი დასახიჩრებული ადამიანია, ძალიან შეუსაბამო ასპექტებია.

„რ": „რუსთავი 2"-ის მოვლენებს როგორ შეაფასებთ? თქვენი აზრით, შეცვლის თუ არა ახალი მფლობელი არხის სარედაქციო პოლიტიკას?

ა.გ.: „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა დუღილის ტემპერატურის მიხედვით იმოქმედებს. „ქართულმა ოცნებამ" მეტ ნაკლებად შეძლო ის, რომ დროში უფრო ფრთხილად წელავს მოვლენებს. მაგალითად, წინა ხელისუფლებას ახასიათებდა მომენტალური, სასურველი შედეგის მიღება ხისტი და უხეში ფორმებით, დღევანდელი ხელისუფლება ამ ყველაფერს უფრო „კოხტად" აგვარებს და ამ მხრვ სიმშვიდისა და სტაბილურობის რეჟიმში ცდილობს მოქმედებას გარკვეული „საკანონმდებლო ჩარჩოს" გამოყენებით.

„რუსთავი 2"-ის თემასთან დაკავშირებით მე უხეშ ფორმებს არ ველოდები, ალბათ იმის მიხედვით იმოქმედებენ, როგორი იქნება შიდა და გარე დუღილის ტემპერატურა. გარეში ვგულისხმობ საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების პოზიციებს „რუსთავი 2"-თან დაკავშირებით, შიგნით კი თავად ტელევიზიის თანამშრომლების აქტვობის უნარს და საზოგადოების პოზიციას.

რამოდენიმე სახის სცენარია შესაძლებელი. პირველი - „რუსთავი 2"-ის თ ანამშრომლებზე ისეთი ტიპის ზემოქმედება მოახდინონ, რომ თავად დატოვონ ტელევიზია (თუმცა, ამ ტელევიზიის თანამშრომლები სხვანაირი შეუპოვრობით ხასიათდებიან); მეორე მხრივ გარკვეული ფინანსური ფაქტორი, ან მესამე მხრივ რაღაც ეტაპზე იპოვონ დრო და რებრენდინგი გამოაცხადონ და ისეთი შეთავაზებები გააკეთონ, რომელიც „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის მიუღებელი იქნება და ა.შ.

ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მფლობელები ახლა ეცდებიან, რომ მოადუნონ თანამშრომლების და გარე ყურადღება და ამ მოდუნებას თუ უზრუნველყოფენ, მერე სასურველი შედეგი დაამყარონ.

„რუსთავი 2"-ის თემა ცხადია, რომ ბიზნეს ინტერესების გამო არ იყო და ეს იმის გამო იყო, რასაც ეს ტელევიზია ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა. ამიტომ ახლა შეეცვალოს პროფილი და დატოვონ იგივე, რაღაცა შეუსაბამობაა მთელი ამ სასამართლო პროცესების მოტივაციასა და შედეგს შორის. ამიტომაც ბუნებრივია, შეეცდებიან სასურველ დროს მიიღონ სასურველი შედეგი.

„რ": მამუკა ხაზარაძემ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლაზე, რას უკავშირდება მისი დაკავება როგორ ფიქრობთ?

ა.გ.: ზოგადად, „ქართული ოცნება" რამდენიმე წელია რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს, ამაზე ხშირად მეკამათებოდნენ ხოლმე - სად „ის" რეპრესიები და სად „ესო", მაგრამ ფაქტს ვხედავთ, რომ ნებისმიერი ის ბიზნესმენი, სულ რომ პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონდეს, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, უკვე იქცევა ხოლმე კანონდამრღვევად, ურჩ გადამხდელად და ა.შ.

ამაზე მთელი რიგი სამსახურები მუშაობენ ხოლმე, რომ რაიმე უპოვონ რომელი ბიზნესმენიც არ ემხრობა მათ და ჩვენი ბიზნეს სექტორი რომ დიდი უმწიკვლოებით არ ხასიათდება, ეს ბუნებრივია. ხელისუფლებას ვისზეც სურს, იმაზე თვალს ხუჭავს, ვისზეც არ სურს - არა. შერჩევითობის მიზეზი არის სწორედ პოლიტიკური ფაქტორი.

ხაზარაძე, ისევე როგორც სხვა ბიზნესმენები, ვინც ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, აღმოჩნდენ რეპრესიების რეჟიმში და რაკიღა ხაზარაძემ აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაც დაიწყო, მით მეტად გაძლიერდა მისი დევნა. მას სხვა დევნილ ბიზნესმენებისგან განსხვავებით ბევრად უფრო ფართო ლობი აქვს. პოზიტიური ურთიერთობები აქვს საექსპერტო, სახელოვნებო, ბიზნესმენთა საზოგადოებაში, ასევე მედიასთან მიმართებაში. ამიტომ მისი რესურსები არ არის მაინცდამაინც მცირე. ცხადია, ეს არ იყო საკმარისი, რომ გამხდარიყო წარმატებული პოლიტიკოსი, მაგრამ ხელისუფლებამ სცადა, რომ მალე დაეწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა იმიტომ, რომ რაც უფრო გაძლიერდებოდა ხაზარაძე, მით უფრო ძნელი იქნებოდა მასთან ბრძოლა.

„რ": ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებაზე რას ფიქრობთ?

ა.გ.: მე ანაკლიის თემას მარტო პოლიტიკურ სარჩულს არ დავუდებდი, ეს თემა საერთო ჯამში აისბერგივითაა - ზემოდან უფრო მცირე ნაწილი ჩანს და შესაძლოა ქვემოთ ბევრად დიდი ნაწილია. ანაკლიის თემის პოლიტიკური ვექტორი შესაძლოა ვიღაცის წისქვილზე ასხამდეს წყალს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის თემები, რაც სახელდება ანაკლიის ხელისშემშლელ ფაქტორებად, კი ფაქტორებია, მაგრამ შესაძლოა ამის უკან რაღაცა სხვა იმალებოდეს და ამის მიგნება, ცხადია ჩვენ ასე მარტივად არ შეგვიძლია.

„რ": მთავრობა ლარის კურსის ვარდნას პარლამენტთან მიმდინარე აქციებს უკავშირებს. თქვენ რას ფიქრობთ, რის გამოა კურსის ასეთი ვარდნა?

ა.გ.: როგორც კი აქციები დაიწყო, მეც და სხვებმაც არაერთი მსგავსი სტსტუსი ვნახეთ სოციალურ ქსელში და დავწერეთ კიდეც, რომ ხელისუფლება დაიწყებდა საკუთარ ეკონომიკურ და სოციალურ წარუმატებლობების დაბრალებას ამ ყველაფერზე და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეკონომისტები არ ვართ, ჩვენდა უნებურად ძალიან მარტივად დავინახეთ რა ინტერესი ჰქონდა ხელისუფლებას.

ბუნებრივია, ხელისუფლების ეს „არგუმენტები" ბლეფია, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. „ნაციონალურ მოძრაობას" ხომ აკრიტიკებდნენ, რომ მყიფე ეკონომიკური სისტემა შექმნესო და რყევებს ვერ უძლებდაო, აი, შვიდი წელია „ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და საერთოდ აღმოჩნდა, რომ კიდევ უფრო გაანადგურეს თუნდაც ის მყიფე ეკონომიკა, ხელისუფლება საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალებას ცდილობს სხვებზე, მათ ანტიგმირების მთელი ნაკადი ჰყავთ ყოფილი მმართველი ძალისა და მათი პარტნიორების კუთხით და ცდილობენ, რომ ყველაფერი ამ კონტექსტში გადაიტანონ..

ჩემი და მთელი საზოგადოების მოთმინების მიკვირს, რომ ამგვარად განადგურებული სოციალური მდგომარეობა, ასეთი ოჯახური პრობლემები და ასეთი მოცემულობები ალბათ 90-იანების ბოლოს გვქონდა და ახლაც დაგვეწყო. ვალუტა ეცემა, შესაბამისად, ფასებიც მაღლა იწევს და ა. შ.

„რ": გამოსავალს რაში ხედავთ?

ა.გ.: რეალურად ძალიან მძიმე ვითარებაა. მე არ ვიცი ამ ყველაფრის გამოსავალი რაშია, პოლიტიკურ ნაწილს ვგულისხმობ, რასაც ეკონომიკურთანაც ბმა აქვს. რეალურად ძალიან მძიმე სურათი იხატება. არ ვიცი სახელმწიფო როდემდე გაუძლებს. ამას ემატება საგარეო ვალის ზრდა, შიდა პროცესები რთულდება, წვრილი და საშუალო ბიზნესი ყოველ წუთში კვდება, რიგით მოქალაქეებს სამსახურებში ხელფასები უგვიანდებათ, კომპანიები ისეთ დღეში არიან, რომ ზოგიერთ დაქირავებულ მუშახელს სამი, ოთხი თვის ხელფასი აქვს ასაღები და ეს ტენდენცია უფრო და უფრო მძიმდება და რაც გინდა ბელეტრისტიკა შემოგვთავაზოს ხელისუფლებამ - ახსნა-განმარტებებით, თუ ვინ რას აკეთებს, ჩვენ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ უარესი ვითარებაა და არ არსებობს სფერო სისტემური კუთხით სადაც სახელმწიფოს ჰქონდეს წარმატება.

მე ძალიან პესიმისტური განწყობა მაქვს და რეალურად იმას ვფიქრობ, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს და გამოსავალი რაშიც არის, იმისი პირობები ჩვენ არ გვაქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×