„პროპორციული არჩევნების თემის შემოგდება სატყუარა ხომ არ არის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის? ისე არ მოხდეს, რომ ეს სატყუარა უკან წაიღონ, როდესაც პარლამენტი სასამართლოში მიმდინარე პროცესს დაამტკიცებს," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე.
დეპუტატი უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხსა და მმართველი გუნდის მხრიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ერთმანეთს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების" ეს განცხადება სასამართლოს ირგვლივ არსებული გამწვავებული მდგომარეობის შესამსაბუქებლად იყო გაკეთებული.
„ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემაზე გადასვლის საკითხი ყურადღების ქვეშ მოაქციოს საზოგადოებამ. ჩვენი უცხოელი პარტნიორები - ევროკავშირი, ევროსაბჭო, აშშ-ის საელჩო და ა.შ. განსაკუთრებით ყურადღებით აკვირდებოდნენ სასამართლოს თემას და აქტიური კონსულტაციები ჰქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით.
„ვიცით, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი მოდიოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ნეგატიური რიტორიკა შერბილდა „ქართული ოცნების" განცხადების ფონზე, რომელმაც თქვა, რომ ის მზად არის პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადავიდეს.
„დღეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, სადაც აბსოლუტურად ვემიჯნები იმ არასწორ კანონს, რომელიც მიღებულია. საზოგადოებამ კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი - არ მოხდეს ისე, რომ სასამართლოში მიმდინარე პროცესი იმ კლანური სისტემის მმართველობის საბოლოო გაფორმებით დამთავრდეს სექტემბრის თვეში.
„უმრავლესობა მზად არის, რომ მისცეს ხმა იმ კანდიდატებს, რომელსაც იუსტიციის საბჭო გადმოაგზავნის. არ მოხდეს ისე, რომ სასამართლო სისტემა დაკომპლექტდეს ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო ამ დაჯგუფებას მიერ. შემდეგ შესაბამისად პროპორციული არჩევნებიც არ აღმოჩნდეს ისე, რომ დეპუტატებიდან ვინმემ მხარი არ დაუჭიროს.
„პირდაპირ ეჭვს ვერ გამოვთქვამდი იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე მსგავსი ხდება, თუმცა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ფაქტთან დაკავშირებით და უფრო მეტი განმარტება მოვთხოვოთ ხელისუფლებას," - განაცხადა ლევან კობერიძემ.
„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს:
„არსებობს ასეთი ეჭვი. მეც მსმენია ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ითრევს ფეხს პროპორციულ სისტემასთნ დაკავშირებით და არ უნდა მას პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ისევე როგორც „ოცნებისთვის", „ნაციონალური მოძრაობისთვისაც" ეს არის მიუღებელი.
„ჩემთან რა ხმებიც მოდის, ივანიშვილი ეძებს მიზეზებს რომ უარი თქვას პროპორციულ სისტემაზე. 27 ივლისს უნდა გამართულიყო რიგგარეშე სხდომა, სადაც როგორც პროპორციულ სისტემაზე ,ასევე უნდა ემსჯელათ მოსამარლეებზე. ეს სხდომა გააუქმეს. არ ხსნიან რატომ", - ამბობს ელისაშვილი.
ხსენებული სხდომის გაუქმებასთან დაკავშირებით კობერიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.