თამთა ჩაჩანიძე
30.07.2019

 ბიზნესმენი ლევან ვასაძე მკაცრი მედიარეგულირების ინიციატივით გამოდის. ინტერნეტით გავრცელებულ თავის ვიდეომიმართვაში იგი „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომ სასწრაფოდ შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის მკაცრად დაისჯებიან.

„ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე ვასაძის მოწოდებას მიუღებლად მიიჩნევს. იგი ფიქრობს, რომ მედიასაშუალებებისთვის ცენზურა თვითრეგულირების სუბიექტი უნდა იყოს და არა გარე რეგულირების.

„რა თქმა უნდა ვასაძის ამ მიმართვას არ ვეთანხმები, რადგან ცენზურას არ ვემხრობი, თუმცა თვითრეგულაციით კარგი იქნება, თუ უხამსობას და პირდაპირ ეთერში გინებას ეთიკური კუთხით მიუღებლად გამოაცხადებენ. სხვა იმის იქით ცენზურას არ ვემხრობი, ეს თვითრეგულირების სუბიექტი უნდა იყოს და არა გარედან რეგულირების", - ამბობს ზოიძე.

მისივე თქმით, ამჟამად მსგავსი ტიპის კანონპროექტი პარლამენტში არ განიხილება და თუ ვინმე შეიტანს, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონის წინააღმდეგი იქნება.

„ვინმე თუ ასეთი ტიპის კანონპროექტის ინიციატივით იქნება, მე პირადად წინააღმდეგი ვიქნებოდი. ჩვენ მსგავსს არაფერს არ განვიხილავთ. ვინმე თუ შემოიტანს, წინააღმდეგი ვიქნებით.

„ჩვენთან დემოკრატიაა და ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრები. უმრავლესობა რა თქმა უნდა ცენზურის დაწესებას ნამდვილად არ განიხილავს", - განაცხადა ზოიძემ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ბიძინა ივანიშვილი ვასაძის ამ მოწოდებას, ზოიძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილი ამ ტიპის თემას პასუხს არ გასცემს.

„მეტი საქმე არ აქვს ბატონ ბიძინას, ეგეთ თემებს უპასუხოს", - განაცხადა ზოიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×