"ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს გარე შოკზე და მე მგონი თავად არის შოკში ეს კაცი"
თეო გუდავაძე
30.07.2019

 ლარის გამყარების კონკრეტული სამოქმედო გეგმა რომ არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უკვე დაუფარავად აღიარა. გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტა უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. არსებობს მექანიზმები, რომლითაც გამყარება შეიძლება, თუმცა სებ-ი ამას არ აპირებს. ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ გვენეტაძის განცხადება თუ ქმედება არაკომპეტენტურია და ქვეყანა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გვენეტაძის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი ვარდნის მთავარი მიზეზი გამოწვეულია იმ საგარეო შოკიდან, რაც რუსეთის მხრიდან ვიზიტორთა რაოდენობის კლებას უკავშირდება. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ კურსის რეაქცია ამ შოკის მიმართ იყო იმაზე უფრო მკვეთრი, ვიდრე თავად ამ კრიზისის მდგენელ ფაქტორებს უნდა გამოეწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გვენეტაძის აზრით, კურსის გაუფასურება დიდხანს არ გაგრძელდება. 

"დღეს, საქართველო გადის საგარეო შოკს, საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება. საქართველოში შემოვიდა იმაზე ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი, მე აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის. 

იმ შემთხვევაში თუ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ჩვენ გვაქვს სხვა და სხვა ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ გავლენას, განვახორციელებთ ამ ზომებს. 

ვფიქრობთ, რომ დღეს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, ანუ ის კურსი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენ სავაჭრო პარტნიორებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ის საგარეო შოკის ზომაა, რაც დღეს გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ ასეთი განვითარება, გადაეცემა ინფლაციას, მივიღებთ ზომებს. ის, რომ ეფექტური გაცვლითი კურსი არის უფრო მეტად გაუფასურებული, შეიძლება მიგვანიშნებდეს იმაზე, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება", - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

კომპანია "დუს" ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი სებ-ის პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და აღნიშნავს, რომ მიუღებელია ამხელა თანამდებობის პირისგან მსგავსი გამონათქვამები, სამომავლოდ კი რთული იქნება მდგომარეობის გამოსწორება. 

"ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც იმპორტი დღითი დღე გვიძვირდება, ბუნებრივია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს, რომელსაც მეტი ქაოსი შემოაქვს და აბსოლუტურად არადამაიმედებელია. ასეთი კატასტროფული ლარის კურსი ბიზნეს მძიმე მდგომარეობაში აყენებს და ეს არ იქნება მხოლოდ პროდუქციის გაძვირება, ეს ბიზნესის შემცირება იქნება. პატარები გაქრება, დიდებს კი მოგვიწევს შევამციროთ მუშახელიც, გაყიდვების კლების პარარელურად. ბიზნესი ვითარდება ისე, როგორი სიტუაციაც აქვს ვალუტას, დამაიმედებელი მდგომარეობა არ არის ამ ეტაპზე და როგორც ჩანს,  გეგმაც არ არსებობს ეს დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" გოგიჩაიშვილმა.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია კი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არადამაიმედებელია, ხოლო ქვეყანას ამ პირობებში დეფოლტი ელის. 

"დღეს მოვუსმინე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლას, რომელიც საუბრობს გარე შოკზე და მე მგონი თავად არის შოკში ეს კაცი. მისი განცხადება აბოსლუტურად მიუღებელია ჩემთვის. უამრავ ბიზნესმენთან მაქვს შეხება და ვიცი რა მდგომარეობაა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოდის და გვიხსნის დღეს რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რაც ისედაც ვიცით, არსებულის დაფიქრირება ჩვენ ეროვნული ბანკისგან არ გვჭირდება, ამას ყველა ვხედავთ. ეროვნული ბანკისგან გვჭირდება  გეგმებზე და სასწრაფო გამოსავალზე საუბარი. 

თუ არ დარეგულირდა ეს შოკი, რაზეც ახლა მიდის საუბარი, ქვეყანა დეფოლტის წინაშე დადგება. რა გარანტია გვაქვს, რომ საგარეო შოკი დარეგულირდება? არანაირი. გვენეტაძის გამოსვლა არაფერს გვაძლევს და არ გვამშვიდებს, ვიღაცას ემლიქვნელება აშკარად. გვეუბნება, რომ დღეს არ არის ცუდი მდგომარეობა და ამაში გვარწმუნებს მაშინ უნდა თქვას, რომელი ნიშნულია ცუდი მდგომარეობა  და რომელი ნიშნული უნდა გავითავლისწინოთ, რომ ვიცოდეთ, აი, აქამდე თუ მივბედით მერე გვაქვს ცუდად საქმე. გვანიშნოს სად არის ჩვენი ზღვარი, სადამდე შეიძლება ლარი გაუფასურდეს. 

ეროვნული ბანკი რაც უფრო ნაკლებად გამოვა მსგავსი არაკომპეტენტური განცხადებებით, მით უკეთესი იქნება მათთვისაც და ჩვენთვისაც. რატომ არ აკეთებენ სწორ დასკვნებს ფინანსისტები, რომლებიც უხვად გვყავს საქართველოში? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება არც დამამშვიდებელია და არც მომავალი აქვს ამ ყველაფერს. ან უნდა დასახოს სასწრაფო გეგმები, ან უნდა დატოვოს თანანმდებობა. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი", - აღნიშნა ჭყონიამ "რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×