ქართული პროდუქტის გაძვირება დაიწყო და ფასები ძველ ნიშნულს არ დაუბრუნდება
თამარ მუკბანიანი
31.07.2019

 ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ გაძვირება უკვე დაიწყო. ლარის გაუფასურება სულ მალე ქათამსა და კვერცხზე აისახება და 5 თეთრით გააძვირებს პროდუქციას. სფეროს წარმომადგენლები და სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სხვა ადგილობრივი პროდუქტებიც გაძვირდება და ფასები კიდევ უფრო მოიმატებს. 

კვერცხი და ქათამი გაძვირება თითქმის გარდაუვალია. მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ პროდუქტზე ფასი მოიმატებს, თუ ლარის კურსის რყევა გაგრძელდება და ნიშნული არ დასტაბილურდება.

„ლარის კურსის რყევები და ეროვნული ვალუტის გაუფასურება კატასტროფულად მოქმედებს მეფრინველეობის დარგზე. თვითონ ფრინველი ერთდღიანი სანაშენე წიწილით უცხოეთიდან შემოდის და იძულებული ვართ, აბსოლუტურად ყველა კომპონენტი - ეს იქნება ზეთი, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ვიყიდოთ უცხოური და ეს ყველაფერი უცხოურ ვალუტაზეა მიბმული. შესაბამისად, ლარი ჩვენი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ცუდად შემაფერხებელი ფაქტორია. 

ჩათვალეთ, რომ მეფრინველეობას ფაქტობრივად, მოგება საერთოდ არ აქვს. სწორედ ამიტომაც არის, რომ დარგის განვითარება წლებია ადგილს ტკეპნის და არ ხდება, იმიტომ რომ ინტერესი არ არის. თუ ახლა არ გავაძვირეთ პროდუქცია, ფაქტობრივად მოგება არ გვექნება. ნებისმიერი წარმოების აზრი მითხარით თუ ის მოგებაზე არ მუშაობს? 

სულ ყველაფერი იმპორტირებულია, მარცვლეული უკვე გაძვირებულია, ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვიძვირებია და ყველაფერს ვაკეთებთ რომ არ მოიმატოს ფასმა, მაგრამ თუ ნიშნული არ დასტაბილურდა და 2.80-ზე მაინც არ დაჯდა, გაძვირება გარდაუვალია და ქათამი და კვერცხი მინიმუმ 5%-ით მაინც გაძვირდება“, - განაცხადა გადაცემაში `საქმე~ უჩუმბეგაშვილმა.

ლარის დევალვაციამ როგორც ყველაფერზე ასევე ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ფასზეც მოახდინა გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე საქართველოში წარმოებული საქონელიც მრავლადაა, მათი ფასი მაინც იზრდება იმპორტირებული პროდუქციის მსგავსად. 

მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ადასტურებს, რომ ლარის კურსი ადგილობრივი წარმოების გაძვირების მთავარი ფაქტორია. 

"როდესაც ლარი უფასურდება ეს მოქმედებს ადგილობრივი და ასევე იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებაზე, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, როგორც ქათმის და კვერცხის გაძვირება ასევე სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე ფასის მატება, სანამ ლარი არ დასტაბილურდება. ლარის გაუფასურების ნიშნული 3.0-ზეა ამ პირობებში, როგორ შეიძლება, ამ პირობებში რომ პროდუქტი არ გაძვირდეს", -  აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ლევან სილაგავამ.

ლარის გაუფასურება, რომ პროდუქციას გრძელვადიან პერსპექტივაშიც რომ გააძვირებს, ადასტურებს ეკონომისტი, პროფესორი პაატა აროშიძე.  

"ნამდვილად მოსალოდნელი იყო ადგილობრივი პროდუქციის გაძვირება, ქათმისა და კვერცხის შემდეგ დადგება სხვა ადგილობრივი პროდუქციის ჯერიც. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ლარის კურსი კიდევაც რომ გამყარდეს, ფასები ძველ ნიშნულს მაინც არ დაუბრუნდება. ასე იყო ყოველთვის და მომავალშიც ასე იქნება. 

ლარი რომ ასეთ დღეშია, რა თქმა უნდა, მწარმოებელი საქონლის ღირებულებას გაზრდის, რადგან წარმოებას თან ახლავს უამრავი სხვა პროცესი, თუნდაც ტრანსპორტირება, რომელიც ბენზინის ფასთან არის კავშირში. საბოლოო მაჩვენებლს კი ეს ყველაფერი ერთად აღებული გვაძლევს. 

ადგილობრივი მოსახლეობა კი იძულებულია გადაიხადოს ის თანხა, რა თანხასაც მწარმოებელი სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პროდუქტი აქ არის მოყვანილი, მაინც გაძვირდება. ახლა თუ საშუალო ფასია, მალე საშუალოზე მაღალი იქნება და არ ვიცი ამას საზოგადოება როგორ გაუმკლავდება", - აღნიშნა პაატა აროშიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

სამომავლოდ მდგომარეობის გაუმჯობესებას სპეციალისტები არ პროგნოზირებენ, რადგან ამ ეკონომიკურ პირობებში არათუ ფასის კლება, არამედ ამჟამინდელის შენარჩუნებაც კი ძალიან რთულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×