ია აბულაშვილი
31.07.2019

 "2020 წელს საქართველოში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და ჩვენი პარტნიორების ამოცანაა, რომ ამ პოლარიზაციის ფონზე არ მოხდეს სერიოზული დაპირისპირება და პროცესები არ გასცდეს კონსტიტუციურ ჩარჩოებს.

"ქვეყანას ჰყავდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, ამიტომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდამჭერი განცხადებები უფრო მკვეთრი იქნება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ოპოზიციის განცხადებას, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ნათელი მესიჯი უნდა გაუგზავნონ ხელისუფლებას, რათა შეწყდეს ოპოზიციის დევნა, ქვეყანაში დაცული იქნას სიტყვის თავისუფლება და არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად.

კორნელი კაკაჩია: 2020 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება და პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე ემზადებიან არჩევნებისთვის, ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოების მეტი ყურადღება მიიპყრონ, რომ ეს არჩევნები არ გახდეს სადაო. რადგან ჩანს, როგორც წინა ხელისუფლება, დღეს მოქმედი ხელისუფლებაც არ აპირებს მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ დათმოს ხელისუფლება და ცდილობს არჩევნებამდე პოლიტიკური ველის მოსუფთავებას.

"მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს თავის ბევრი საზრუნავი აქვს, საქართველო მის პოლიტიკური დღის წესრიგში სულ არის და ძალიან კარგად იცის 2020 წლის არჩევნების მნიშვნელობა. ამ პოლარიზაციის ფონზე ცდილობენ, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს, სიტუაცია არ გამწვავდეს და არ გასცდეს კონსტიტუციის ჩარჩოებს. ქვეყანაში იყოს კონსოლიდირებული დემოკრატია და ყველა პოლიტიკური ძალის ქმედებები ჯდებოდეს დემოკრატიული პრინციპების საერთაშორისო ჩარჩოებში. ქვეყანას ჰყავდეს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

"ამიტომ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად მათი ყურადღება უფრო გაიზრდება. საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო მისიები და შეხვდებიან როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციის ლიდერებს. ასე რომ, ამ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა, როგორც პოლიტიკურ ძალებს ისე საზოგადოებას.

"არჩევნების მშვიდობიან ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანად გდაბარება, ან კოალიციური მთავრობის შექმნა, ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით მნიშვნლოვანი იქნება"- განაცხადა "რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მიმართ დასავლეთის ყურადღება გარკვეულწილად შესუსტებულია, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფინანსური არა, მაგრამ განცხადებების დონეზე მხარდაჭერა უფრო მკვეთრი იქნება.

"ჩემი აზრით, საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი გარკვეულწილად შესუსტებულია და ამას რამდენიმე მიზეზი ალბათ აქვს, პირველ რიგში მიმდინარე პროცესები ყირიმში და ლუგანსკში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო დასავლეთის დღის წესარიგში არ არის.

"ძალიან კარგია რომ განცხადებები კეთდება საქართველოში დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, მაგრამ არ შეიძლება თვალის დახუჭვა ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე, რაც ხელფეხს უხსნის ხელისუფლებას გაგრძელოს რეპრესიები; და არ მივიღოთ ისევ ის შედეგი, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში.

"ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს თავის ლობისტების მეშვეობით შექმნას სურათი, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის. ევროპარლამენტშიც არ არის ერთნაირი განწყობა, ხელისუფლებას ჰყავს როგორც კრიტიკოსები, ასევე მხარდამჭერები. მაგრამ გარკვეული წრეები მხარს უჭერს ოპოზიციას.

"თუნდაც სახალხო პარტიის 182 წევრი, რომლებიც მოკავშირეები არიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოსი". დარწმუნებული ვარ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ფინანსური არა, მაგრამ განცხადებების დონეზე მხარდაჭერა უფრო გაიზრდება" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×