ლარის გამყარება უკვე დღეიდან დაიწყება და საშუალო ვადაში 2.80-ის ფარგლებში ნიშნულზე დასტაბილურდება. ასეთია ქვეყნის ორი უმსხვილესი ბანკის პროგნოზი. ასეთ თამამ პროგნოზს ეჭვის თვალით უყურებენ დამოუკიდებელი ექსპერტები, თუმცა ლარი რომ აუცილებლად გამყარებას დაიწყებს, ამას ცალსახად ადასტურებენ.
საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკი 1-ელ აგვისტოს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. ეს მიზანმიმართული ნაბიჯია ეროვნული ვალუტის ზედმეტად გაუფასურებული კურსის გასამყარებლად. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, სებ-ი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.
ლარის რომ გაუფასურდების პერიოდი რომ დასრულდა, ამაზე მთავრობის და ეროვნული ბანკის განცხადებებიც მოწომობს. ბოლო 2 დღეა სახელმწიფო მოხელეები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ამბობენ, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას ობიექტური ფაქტორები და მოლოდინი განაპირობებს. ასეთი იყო, ქვეყნის პრემიერის, სებ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები.
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდება. ვახტანგ ბუცხრიკიძე დამატებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს მხოლოდ იმას, რომ "თიბისის" მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოლოდინი აქვთ, რომ ლარი გამყარდება.
"თიბისი კვლევებს ყოველთვის აწარმოებს და ბოლო 2 თვის განმავლობაში რამდენიმე კვლევა წარმოვადგინეთ. ყოველდღიურად ძალიან რთულია კურსის პროგნოზირება, მაგრამ მოლდინი გვაქვს, რომ საშუალო ვადაში ლარი უნდა გამყარდეს.
ტურიზმში კლება იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სხვა ქვეყნებიდან მოხდება ამის კომპენსირება და ჯამურად 2019 წელს ტურიზმში დადებით მაჩვენებელი გვექნება 2018 წელთან შედარებით.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ანალიზით, საშუალოვადიან პერიოდში ლარი უნდა გამყარდეს. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. საშუალო ვადაში ლარი აუცილებლად გამყარდება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ლარის გამყარება რომ მოხდება, ადასტურებს მეორე უმსხვილესი ბანკის შვილობილი, ,,გალტ ენდ თაგარტიც”. საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსის ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების მიზეზი ნეგატიური მოლოდინია. ამიოტმ მალე ლარი 2.80-ის ნიშნულამდე დასტაბილურდება.
"რასაც ვუყურებთ 10-11%-ით ზედმეტად არის გაუფასურებული ლარი. ჩვენი მოლოდინია, რომ ნეგატიური მოლოდინების მინელების ფონზე კურსი უნდა დასტაბილურდეს 2.80-ის ნიშნულთან ახლოს.
მოველით, რომ ტურისტული ნაკადი შენელდება და ამას შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეს ლარის კურსზე. თუმცა, ამავე დროს მოხდება იმპორტის კორექტირება და ეს თავისთავად კურსის დასტაბილურებაზე დადებითად იმოქმედებს", - აცხადებს ბოჭორიშვილი.
კითხვაზე, რამ გამოიწვია ლარის გაუფასურების ტენდენცია ივნისის მოვლენებამდე, როცა ეროვნული ვალუტა თებერვლიდან გაუფასურების ტრენდს აჩვენებს, ევა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების შევსება, რაც 200 მილიონი დოლარის შესყიდვით გამოიხატა ბოლო თვეებში.
ლარის გამყარება რომ მოსალოდნელია, ამაზე მიანიშნებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილის განცხადებაც.
"არ დავუშვებთ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების განვითარებას, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს. ამისთვის გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, გამოვიყენებთ როგორც სავალუტო ინტერვენციებს, ასევე გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას. არ დავუშვებთ ინფლაციური პროცესების განვითარებას და ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს, მათ შორის რეზერვების დონეც ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გაზრდილია.
მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ დავიწყებთ ინტერვენციებს“, – განაცხადა მესტვირიშვილმა, თუმცა ხებ-მა არავითარ ვადებს აღარ დაუცადა და უკვე 1-ლი აგვისტოდან იწყებს სავალუტო ბაზარზე დოლარის გამოტანას.
ლარი რომ გამყარებას დაიწყებს, ადასტურებს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც, თუმცა მისი აზრით 2.80-ის ნიშნული ამ ვითარებაში ფანტასტიკის სფეროა. ფინანსისტი ამბობს, რომ გამყარება 1-ლი აგვისტოდანვე დაიწყება.
,,ლარის რეაური გრძელვადიანი პროგნოზი, ორი კვირის შემდეგ გამოიკვეთება და გვეცოდინება ფაქტორები და ნიშნები სამთვიან ვადაში. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებით მოსალოდნელია, რეგიონულ ქვეყნებში ეროვნული ვალუტების გაუფასურება ოღონდ ნომბერ-დეკემბერში და ამას ჩვენზეც ექნება ასახვა.
ახლა კი ლარი გამყარებას ნამდვილად დაიწყებს. ეს მოხდება უკვე 1-ლი აგვისტოდან, თუმცა ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ლარის 2.80-იან ნიშნულთან დაბრუნება ფანტასტიკის სფერო იქნება”, - ამბობს ,,რეზონანსთან” ნიკა შენგელია.