სებ-ის პრეზიდენტმა ან საერთოდ არ იცის თავისი საქმე, ან კიდევ ლარის გაუფასურება მიზანმიმართულად ხორციელდება
ნინა გარდაფხაძე
31.07.2019

 ლარის  უპრეცენდენტო გაუფასურების მიუხედავად, ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. ასეთია ოფიციალური მონაცემი, რომელსაც "საქსტატი" აქვეყნებს, რამაც სპეციალისტთა ნაწილში ეჭვი გააჩინა. ხომ არ ცდილობს ვალუტის გაუფასურებით ხელისუფლება ეკონომიკის სტიმულირებას და მშპ-ს ლარში გაზრდას? 

"საქსტატმა" ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9%-ით განისაზღვრა. 

ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემი, ეკონომიკური ზრდის შესახებ, ხელისუფლების ხრიკია, რომელიც კურსის გაუფასურებით ეკონომკის სტიმულირებას და ლარში გამოთვლილი მშპს ზრდას ცდილობს. 

„გაუფასურების პარალელურად 5%-იანი ეკონომიკური ზრდა  ხელისუფლების მზაკვრული ხერხია. ამ მიდგომას იყენებდა წინა მთავრობაც და იყენებს დღევანდელიც. საქმე ისაა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გამოითვლება ლარში და შესაბამისად, იზრდება ბრუნვაც, გადახდილი თანხების მოცულობაც და ა.შ. მაგალითად, მოქალაქე თუ კონკრეტულ პროდუქტში იხდიდა 1 ლარს, ახლა  1.50 ლარს იხდის, შედეგად იზრდება ის საერთო ბრუნვაც რაც ვახსენე. ამიტომ ლარის გაუფასურების პროცესი ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას ხელს უწყობს, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია სხვა ეკონომიკურ პროცესებთან ერთად.

რეცესიას და ეკონომიკური ზრდის გაჩერებას, რა თქმა უნდა ჯობია 4-5%-იანი ზრდა, მაგრამ ეს არაა ის ციფრი, რაც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და მასზე აისახება. ამიტომაც საზოგდადოება ამ ზრდის სიკეთეს ვერ გრძნობს“, - განაცხადა ბერიძემ ,,კომერსანტთან” საუბრისას. 

ეკონომისტთა ნაწილი არ ეთანხმება აღნიშნულ მოსაზრებას. სოსო სიმონიშვილი ამბობს, რომ ლარის გაუფასურებით ხელისუფლება ვერ ახდენს ეკონომიკის სტიმულირებას, პირიქით, ეს ცუდად აისახება ბაზარზე, ამიტომაც ცდილობს ეროვნული ბანკი ახლა უკვე კურსის გამყარებას. 

,,ნამდვილად ვერ დავაეთანხმები მოსაზრებას, თითქოს მშპს გაზრდისათვის ხდებოდეს ლარის გუაფასურება, ან ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისათვის. მით უფრო, რომ ახლა უკვე ეროვნული ბანკი რეზერვების გაყიდვით გამყარებას ცდილობს და ყველა ლოგიკის მიხედვით, ეს მოხდება კიდეც. კურსი სპეკულაციური მომენტებით რომ გაუფასურდა და ეს ეროვნული ბანკის ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხდებოდა ესეც ფაქტია და ყველა თანხმდებ", - ამბობს "რეზონანსთან" სიმონიშვილი. 

ლარის გაუფასურება რომ მიზანმიმართულად ხდება, ადასტურებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სანდრო თვალჭრელიძე, თუმცა ამის მიზეზად იგი ეკონომიკის სტიმულირებას არ მიიჩნევს. 

,,როგორ შეიძლება, მაგალითად, ლარის გაუფასურება რუსთაველზე აქციებს დავუკავშიროთ, როცა, თავის დროზე, ლარმა 1998 წელს რუსეთში დეფოლტსა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომსაც გაუძლო. ლარის პერიპეტიებს ვერც საგარეო ფაქტორებს დავუკავშირებთ - რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გაცვლითი კურსი აბსოლუტურად სტაბილურია.

აქედან გამომდინარე, ან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთოდ არ იცის თავისი საქმე, ან კიდევ ლარის გაუფასურება მიზანმიმართულად ხორციელდება. ამაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 30 ავისტოს გაკეთებულმა კომენტარებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

ღიმილის მომგვრელი იყო ბატონი გვენეტაძის განცხადების პირველი ნაწილი, რომ ლარის გაუფასურება უცხოელი ტურისტების შემცირებული ნაკადის ბრალია. მეორე ნაწილი კი შემაშფოთებელი იყო. მან ბრძანა, რომ ეროვნული ბანკი დააკვირდება მოვლენათა განვითარებას და ფინანსურ ინსტრუმენტებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.

დავფიქრდეთ, ვისთვისაა სახარბიელო სუსტი ლარის ფინანსური პოლიტიკა? ეს, ექსპორტიორებსა და, პირველ რიგში, ევროპული სტანდარტების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლების აძლევს ხელს. იმპორტიორებისთვის და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ეს დამღუპველია, ვინაიდან ფართო მოხმარების პროდუქციას აძვირებს. ჩვენ კი წარმოება არ გაგვაჩნია”, - განუცხადა თვალჭრელიძემ `რეზონანსს”. 

აღსანიშნავია, რომ დღეს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×