ლარის კატასტროფული გაუფასურება ისევ საზოგადოების მსჯელობის მთავარი თემაა. პოლიტიკური ძალები, როგორც მთავრობა ასევე ოპოზიცია, გაუფასურებას ერთმანეთს აბრალებს.
სახელისუფლებო ძალები აცხადებენ, რომ გაუფასეურებაში ლომის წილი რუსეთის სანქციების მიუძღვის, რაც 20 ინვისის გამოსვლებით იყო განპირობებული. ოპოზიცია კი ყველაფერს მთავრობის პოლიტიკას აბრალებს და, ასევე, თიბისი ბანკთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.
ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ლარი არაბუნებრივად, ზედმეტად არის გაუფასურებული და ეს ბოლოდროინდელ მოვლენებს უკავშირდება.
„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ტრენდი შეიცვლება და ლარი წამოვა ქვემოთ, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც გადაითარგმნა სერიოზულ პრობლემებში ტურიზმის სფეროში და ასევე მომიჯნავე სექტორებში. შესაბამისად, ამას დაერთო მოლოდინები, რომელიც კიდევ უფრო მუქი და კიდევ უფრო მძიმე იყო, ვიდრე საკუთრივ ეს მოვლენები. ჯამურად მივიღეთ ეს შედეგი. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, მე მაქვს სრული რწმენა, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების პროცესი დაიწყება. ასევე, ჩვენი სამთავრობო გუნდის წევრები, ის ექსპერტები, რომლებიც დაცლილები არიან ზედმეტი პოლიტიკური ტვირთისგან, დარწმუნებულები არიან, რომ ლარი გამყარდება," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
"დარწმუნებული ვარ, კურსი დასტაბილურებას დაიწყებს," - აცხადებს დედაქალაქის მერი კახა კალაძეც.
კითხვაზე, ლარის კურსის გამო გაიზრდება თუ არა ფასები, კალაძემ აცხადებს, რომ ფასები შეიძლება გაიზარდოს იმპორტირებულ პროდუქტზე.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ გაუფასურება უკვე აისახა ფასებზე. მგონია, რომ არ გაზრდილა. თუმცა თუ ტენდენცია შენარჩუნდება და ლარი კიდევ გაუფასურდება, ეს რა თქმა უნდა, იმოქმედებს ფასებზე. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის სწორი ნაბიჯები, რომ გაუფასურების ტენდენცია შეჩერდეს და გადაიდგას ნაბიჯები, რომ ლარი დასტაბილურდეს", - აცხადებს კალაძე.
„ეს ოფიციალურმა სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ არ არსებობს რაიმე ორგანული, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სიღრმისეული მიზეზი, რომელიც წლის პირველ 6 თვეში ლარის კურსზე ნეგატიურ როლს ითამაშებდა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
დღეს არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ხელისუფლება არაადეკვატურად პასუხობს. ლარის გაუფასურების გამო პრაქტიკულად ყველა პროდუქტი გაძვირდება, რაც კიდევ უფრო გააღარიბებს ჩვენ მოსახლეობას , - აცხადებს ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგი წერეთელი.
„იმის ნაცვლად, რომ ჩვენ ვისმენდეთ მთავრობის წარმომადგენლებისგან პრობლემის მოგვარების გზებს ან ჩამოყალიბებულ,თუნდაც მოკლევადიან ანტიკრიზისულ გეგმას, ვხედავთ მხოლოდ სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ძალიან სუსტ არგუმენტებს, რომ ლარის დევალვაცია არის საზოგადოების პროტესტის შედეგი ან რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირების", - განაცხადა წერეთელმა.
„რაც უფრო მეტად უფასურდება ვალუტა, მით უფრო მეტად ჩნდება იმის მოლოდინი, რომ ფასები უნდა გაიზარდოს", - ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას ფინანსისტმა აკაკი ცომაიამ განაცხადა. მისი თქმით, სინამდვილეში საქმე საკმაოდ რთულ პროცესებთან გვაქვს.
"ფასები რომ გაიზრდება, შესაბამისად ეს საქონელსა და პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს. მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. მწარმოებლები დაიწყებენ ბრძოლას გადარჩენისთვის და გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვადასხვა კომპანიების დახურვა დაიწყება, თუ მანამ არაფერი შეიცვალა.
შემცირდება მიწოდება და ეს ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევს. ასეთი მასშტაბური გაუფასურების შემდეგ შესაძლოა, სცენარი ამ გზით განვითარდეს", - განაცხადა ცომაიამ.
"ადამიანების საგარეო ვალდებულებებმა მოიმატა, მათ სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ელასტიურ საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდება, ადამიანები პურზე და თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე უარს ვერ იტყვიან.
ასევე, ჩვენ იმპორტის დიდი რაოდენობა გვაქვს, ანუ ადამიანები აღარ ყიდულობენ ამ იმპორტს, შესაბამისად, იმპორტიორები მძიმე მდგომარეობაში არიან. მათ გაუძვირდათ პროდუქცია, მეორე მხრივ ამ პროდუქციას არავინ ყიდულობს და იწყება ბრძოლა გადარჩენისთვის. რამდენი ხანი გაძლებენ ისინი ასეთ მდგომარეობაში, ეს დროის საკითხია", - აღნიშნა ცომაიამ.