"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს დილით გამოაცხადა. კუპრავას ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება.
საქმე ეხება თითქმის ერთი წლის წინ, სასამართლოს შენობაში მომხდარ ფაქტს. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი, გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს, რის გამოც ზვიად კუპრავას გირაო პატიმრობით შეეცვალა.
„სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი საკმარისი იყო იმისათვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილიყო და ზვიად კუპრავა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ. მას თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა 9 თვის ვადით.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზვიად კუპრავას მიერ განხორციელებული ქმედება იყო დანაშაული და ის დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სრულად იზიარებს ბრალდების მხარე", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად კუპრავას საქმის პროკურორმა ქეთევან გურაშვილმა.
კუპრავას საქმის ადვოკატმა ლევან დავითაიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ზვიად კუპრავას სასჯელი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ეს არის ცუდზე უარესი გადაწყვეტილება. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა მიღებული, რომ ნებისმიერ სამზარეულოში ნათქვამ ფრაზას მოყოლოდა სასამართლოს შეურაცხყოფის შესაბამისი კვალიფიკაცია და ამაზე სისხლის სამართლის წესით ვინმე მაინც დასჯილიყო. ეს არის ტოტალიტარულ სახელმწიფოში დაბრუნება. სხვა ახსნა ამას არ გააჩნია. ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს ნორმა თავისი ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოსა და ევროპულ სასამართლოში", - განაცხადა ლევან დავითაიამ.
გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).