შემოდგომიდან საქართველოში შესაძლოა ორი ახალი მედია საშუალება გაიხსნას. ამის შესახებ უკვე დაანონსებულია და ცნობილია მათი დამფუძნებლები ვინ იქნებიან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიას ხსნის. ამის შესახებ განცხადება, კეზერაშვილმა "ფეისბუქზე" განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, განაპირობა მისი გადაწყვეტილება საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შესახებ.
კეზერაშვილის მტკიცებით, ეს პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს. სარედაქციო დამოუკიდებლობის მყარი გარანტიების შექმნის მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამერიკასა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო. კეზერაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ტელევიზია დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან.
კულუარული ინფორმაციით ცნობილი ხდება, რომ კეზერაშვილის ტელევიზია ეთერში შემოდგომაზე გავა. სახელი კი ჯერჯერობით მოფიქრებული არ არის.
შემოდგომაზე ახალი ტელევიზიის გახსნა ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დაანონსა. როგორც ცნობილი ხდება კეზერაშვილის პარტნიორი გვარამია არ იქნება და ორივე სრულიად სხვადასხვა ტელევიზიის გახსნას აპირებს. თუმცა ასევე კულუარული ინფორმაციით, კეზერაშვილიც და გვარამიაც „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების და პროდუსერების გადაბირებას ცდილობენ.
როგორც „რეზონანსს“ წყარო უყვება, კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში „რუსთავი 2“-ის ყოფილი სახეები ნამდვილად გამოჩნდებიან. რაც შეეხება მოქმედ თანამშრომლებს, მათთან გარკვეული სახის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ცნობილია, რომ კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში გადავა „ფორმულა კრეატივი“ და კეზერაშვილის ერთ-ერთი პარტნიორი იქნება მიშა მშვილდაძე. „რეზონანსი“ მშვილდაძესთან დაკავშირებას ეცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
კულუარული ინფომაციით, კეზერაშვილის ახალ ტელევიზიაში შესაძლოა, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი ვიხილოთ. „რეზონანსი“ მასთან დაკავშირებასაც ეცადა, თუმცა სატელეფონო ზარებს არც მან უპასუხა.
კეზერაშვილი კი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ამბობს: "ახალგაზრდების აქტიურობამ ახალი პოზიტური მუხტი გააჩინა ქვეყანაში. ჩვენ თვალწინ იბადება სამოქალაქო საზოგადოება - გამოჩნდა თაობა, რომელსაც სურს აქტიური როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გაჩნდა იმედი, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ არა მხოლოდ რამდენიმე პარტიის და პოლიტიკური ჯგუფის, არამედ მთლიანად საზოგადოების და ახალი თაობის დაცვის ქვეშაა.
ამავდროულად უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.
მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა სჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.
ახალი სატელევიზიო პლატფორმა დაიცავს თავისუფალი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის უმაღლეს სტანდარტებს.
დაწყებული მაქვს მოლაპარაკებები ჩვენს მეგობრებთან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რათა შეიქმნას სოლიდური შემადგენლობის სამეთვალყურეო საბჭო და ამით, ტელეარხის სარედაქციო დამოუკიდებლობას იმთავითვე მყარი გარანტიები ჰქონდეს.
იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად," - ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებულ ტელევიზიას დ მის პარტნიორებს, ასევე კულუარული ინფორმაციით, გვარამიას მიერ დაანონსებული ახალი არხი ტელეკომპანია „იბერიას“ ბაზაზე შეიქმნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, გასული წლის შემოდგომაზე დაიხურა. სავარაუდოდ, გვარამიას მიერ დასახელებული ერთ-ერთი პარტნიორი ზაზა ოქუაშვილი იქნება, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიის“ მფლობელია.
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ 25 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ ქმნის ტელევიზიას, სადაც ძველი გუნდით გადავა. ნიკა გვარამია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ბევრი ფიქრისა და პროფესიონალებთან, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვიტა შექმნას ახალი ტელევიზია, რომლის შემოსავლებსაც ოპტიმისტურად უყურებს.
მისი თქმით, საჭიროა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, ინვესტორები არიან, მაგრამ ხარჯი უფრო მეტია. ამიტომ ნიკა გვარამია გულშემატკივრებს მიმართავს და ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის დასახმარებლად საჯარო კამპანია მალე დაიწყება.