რუსეთის დუმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიმართვას უახლოეს დღეებში განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მიმართვა ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას ათი დღის წინ გაუგზავნა, რომელიც, მათივე თქმით, 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში" მცხოვრებთა გენოციდს ეხება.
"ცხინვალის პარლამენტის განცხადებას 1920 წელს საქართველოს მიერ ოსების გენოციდის შესახებ სახელმწიფო სათათბიროში ყურადღებით მოეკიდნენ. ამ საკითხს დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე განვიხილავთ", - განუცხადა დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ჟურნალისტებს.
ყოფილმა სახელმწიფო მინისტრი და ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი „რეზონასთან" ამბობს, რომ რუსეთის დუმის გადაწყვეტილება საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობის შესახებ პუტინის განცხადების გაგრძელებაა.
„სამწუხაროდ ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რაც პუტინმა წამოჭრა, ის განცხადება შემთხვევით არ გაუკეთებია, თითქოსდა გააყალბა ჩვენი ისტორია და რაღაც შეუსაბამო ფაქტები მოიტანა. როგორც წესი, ასეთი განცხადებები შემთხვევით არ კეთდება, მას ასეთი განცხადება უცოდინრობის გამო არ გაუკეთებია, მან ეს კონკრეტულ კონტექსტიდან გამომდინარე გააკეთა, კარგად გამოიყენა დრო და დაძაბულობა საქართველოში ანტირუსული ტალღის აგორებისა, რათა უპასუხოს "ნაციონალური მოძრაობის" მართველობის დროს ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებას.
„ვლადიმირ პუტინი როგორც წესი საკმაოდ ჩასაფრებული ადამიანია, ელოდება თავის დროს, რათა ეფექტურად უპასუხოს მოწინააღმდეგეს, ამას მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ აკეთებს, ის ყველა სახელმწიფოს მიმართ აკეთებს, თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ აბსოლუტურად წინდაუხედავად (მთელს მსოფლიოში არავის არ უღიარებია ჩერქეზი ხალხის გენოციდი) ოფიციალურად აღიარა ჩერქეზი ხალხის გენოციდი, ანუ პირველი ნაბიჯი ჩვენ გადავდგით ამ მიმართულებით და ახლა პუტინი იყენებს საქართველოში აგორებულ ანტირუსულ კამპანიას, რათა უპასუხოს „ნაცმოძრაობის" დროს მიღებულ ჩერქეზი ხალხის გენოციდის შესახებ გადაწყვეტილებას," - ამბობს ზაქარეიშვილი.
ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთის დუმის გადაწყვეტილებას, ბრალი დასდოს საქართველოს ოსი ხალხის გენოციდში, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება.
„დუმის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება, ისევე როგორც არ ჰქონდა სამართლებრივ საფუძველი „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში მიღებულ ჩერქეზი ხალხის გენოციდის აღიარებას, მაგრამ ამას პოლიტიკური დატვირთვა ექნება , პრაქტიკულად მუდმივად იქნება გაჟღერებული და რა თქმა უნდა ეს საქართველოს იმიჯს არ წაადგება. (რუსეთის იმიჯი ისედაც ცნობილია).
„რუსეთი რომ არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, ეს მსოფლიოში ყველამ იცის,მაგრამ საქართველო იბრძვის თავისი დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელად და გასამყარებლად. რუსეთის დუმის ამ ტიპის გადაწყვეტილება დაამახინჯებს საქართველოზე ინფორმაციას, რაც ახლა რუსეთს აწყობს და დიდი ხანია ელოდებოდა.ოსები დიდი ხანია ამბობდნენ, რომ საჭიროა გენოციდის აღიარება რუსეთის მხრიდან, ეს ახალი ამბავი არ არის, რუსეთი ახლა იყენებს ამ შანსს, რასაც ხელიდან არ უშვებს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერიოზული პროპაგანდა უნდა გასწიოს, რომ ასე არ იყო, საჭიროა მეტი ისტორიული ცნობების წარმოდგენა, საჭიროა ამ მხრივ გარკვეული მხატვრული ლიტერატურა ისტორიული მიმართულებით, ანუ ბევრი ღონისძიება უნდა განახორციელოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რათა თავის დროზე „ნაცმოძრაობის" მიერ მორიგი გაფუჭებული საქმე გამოასწოროს, მაგრამ სამწუხაროდ ამ მთავრობამ წინა მთავრობის გაფუჭებული საქმეები ჯერ ვერ გამოასწორა და თუ ამას იზამს კარგი იქნება, მაგრამ როგორც ვატყობ მათ ამის საშუალება და უნარი არ შესწევთ, რომ მუხლებზე დაყენებული საქართველო ფეხზე წამოაყენონ.
„რუსეთი ამ ქმედებით ცდილობს დასავლეთის ჩვენზე დამოკიდებულება შეცვალოს, იმედია, მას ეს არ გამოუვა, მაგრამ პროცესები შეფერხდება თუ არ წარვუდგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და არგუმენტები, შესაძლოა დასავლეთში პრორუსულმა ძალებმა, ვისაც სურს გაამართლოს რუსეთის დეტრუქციული ქმედებები, ანგარიში გაუწიონ ამას და მათ გაუძლიერდეთ არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სასარგებლოდ," - აცხადებს ზაქარეიშვილი