ასეთი მსხვილი კანონდარღვევა საქართველოში არც ერთი ნავთობიზნესში ჩართულ არც ერთ სუბიექტს არ ჩაუდენია
თამარ მუკბანიანი
01.08.2019

სამ მილიონამდე გადასახადის დამალვისთვის საგამოძიებო სამსახურმა ,,ფრეგოს” ორი ხელმძღვანელი პირი ციხეში გაგზავნა. კომპანია, რომელიც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაიხსნა და გაძლიერდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ფინანსურ პრობლემებზე საუბრობდა და ოპტიმიზაციაც განახორციელა. ანალიტიკოსების თქმით, უნცაურია რომ სახელმწიფომ ამ მასშტაბის ზარალის  მიღება დაუშვა და აქამდე არფერი მოიმოქმედა. 

„ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი და ვლადიმერ ყველაშვილი დააკავებულები არიან. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. არსებული ინფორმაციით, ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. სასამართლომ ორივე მათგანს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე გლდანის ციხეშია გადაყვანილი.

რეესტრის მონაცემებით, „ფრეგო ჯგუფის" დამფუძნებელი ნამდვილად თოფჩიშვილია, ხოლო „შპს ფრეგოს" 100%-იანი წილების მფლობელი კი მისი მეუღლე ნინო გიორგობიანი. კომპანიის წილები ამ დროისთვის დაყადაღებულია.

"ფრეგოს" დამფუძნებლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადებაც გაავრცელა. 

საგამოძიებო უწყების ცნობით, 2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „ჭIშE LINK HOLDINGშ LთD“-ის მფლობელი გიორგი თოფჩიშვილი და და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვლადიმერ ყველაშვილი, რომლებიც მართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიებს - შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმს“. უწყების ცნობით,  "ფრეგოს" დამფუძნებლებმა ბიუჯეტს 2 837 683 ლარის ზარალი მიაყენეს. 

როგორ მიუშვა სახელმწიფომ კომპანია იმ დონემდე, რომ მას თითქმის სამი მილიონით შეძლო ბიუჯეტის დაზარალება? ეს არის ანალიტიკოსების მთავარი კითხვა. ბექა კემულარია ის იშვიათი ექსპერტი აღმოჩნდა, რომელმაც ,,ფრეგოს” ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

,,ადამიანები თუ ამხელა თანხას აზარალებენ ბიუჯეტს ორი აზრი არ არის, რომ უნდა დაისაჯონ. კანონის წინაშე, ყველა თანასწორი უნდა იყოს, მაგრამ ჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორ მიიყვანა და მიუშვა სახელმწიფომ თავის ნებაზე, რომ ლამის 3 მილიონამდე ავიდა ზარალის მოცულობა? დამაფიქრებლად მეჩვენება ეს ფაქტი. რა გამოდის, ვინც საწვავს იაფად ყიდის ყველა გადასახადს მალავს? ეს ხომ აბსურდია”, -განუცხადა კემულარიამ ,,რეზონანსს”. 

ბიზნესომბუდსმენის აპარატი უკვე ინფორმირებულია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ. ბიზნესის მთავარი დამცველი ამბობს, რომ ეს დაკავება კომპანიის საქმიანობაზე ზეწოლად ვერ შეფასდება.

„ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. დაუჭერს თუ არა მხარს სასამართლო ეტაპზე ბიზნესომბუდსმენი `ფრეგოს~ დამფუძნებელს გიორგი თოფჩიშვილს, ლექვინაძე აღნიშნავს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატი მოკლებულია შესაძლებლობას ბიზნესს მხარი სისხლის სამართლის პროცესის ეტაპზე დაუჭიროს, სხვა შემთხვევებში კი აპარატი ყველა მის ხელთ არსებული მექანიზმით მზად თანადგომა აღმოუჩინოს. 

კომპანია „ფრეგო” 2013 წლის 20 მარტს დაარსდა, მისი სამართლებრივი ფორმა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიაა. კომპანიას ჰყავს ორი შვილობილი - შპს „ფრეგომარტი“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ფონდი ფრეგო, რომლებშიც ფლობს წილის 100%-ს. კომპანიის 2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „ფრეგოს” აქტივების მოცულობა 11,542 მლნ ლარს შეადგენს, კომპანიის შემოსავალი კი წლის განმავლობაში 74, 172 მლნ ლარი იყო. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, „ფრეგომ“ 2017 წელი 2,450 მლნ ლარის ზარალით დაასრულა.

ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ნოემბერს კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია, რაც მიზნად ისახავდა ზარალიანი ავტოგასამართი სადგურების დახურვას, ადმინისტრაციული თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაციას და საიჯარო ქირების შემცირებას. ამ ყველაფრის შედეგად კი, დაიხურა 26 ავტოგასამართი სადგური და 19 ერთეულით შემცირდა ადმინისტრაციულ თანამშრომელთა რაოდენობა, თუმცა ბენზინგასამართი რომელიც წლებია ქლაქისათვის პრობლემას ქმნის, კვლავ გმირთამოედანზეა განთავსეული, მიუხედავად იმისა, რომ აერთ სტანდარტს არღვევს. 

,,რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, ,,ფრეგოს” ხელმძღვანელ პირებთან დაკავშირებას, თუმცა ისინი თავს არიდებნდნენ რაიმე სახის ინფორმაციის გაცემასაც კი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×