"როგორც ჩანს, არჩევნებამდე, ყველა თავის პარტიულ ტელევიზიას ხსნის. არავისთვის დასამალი აღარ არის, რომ კეზერაშვილი აფინანსებს "ევროპულ საქართველოს", ის დიდი ხანია ქართული პოლიტიკის აქტიური წევრია, მერე რა რომ ტელევიზიებში არ ჩნდება" - აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.
"რეზონანსი": სააკაშვილის ხელისუფლების კიდევ ერთი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ტელევიზიას ხსნის. როგორც თავად ამბობს, საფრთხედ მიიჩნევს მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესერსების კონცენტრაციას და სურს ისეთი ტელევიზია შექმნას, რომელიც არა რომელიმე პარტიას ან ელიტურ ჯგუფს, არამედ მთელ საზოგადოებას გვერდში დაუდგება. კეზერაშვილის ამ განცხადებაში მისი პოლიტიკური ამბიცია ხომ არ იკითხება?
კახა კუკავა: ტელევიზია მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი რესურსია და დამოუკიდებელი ტელევიზიები სხვადსხვა პოლიტიკურ ძალებს საშუალებას აძლევენ გადაცემებში და დებატებში მიიღონ მონაწილეობა, განასაკუთრებით არჩევნების დროს, მაგრამ საქართველოში არსებობს მხოლოდ პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მხოლოდ თავის პარტიებს უთმობენ ეთერს. როგორც ჩანს, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ყველა პარტია თავისი ტელევიზიის გახსნას აპირებს. არავისთვის დასამალი აღარ არის, რომ კეზერაშვილი აფინანსებს "ევროპულ საქართველოს". რაც შეეხება პოლიტიკურ ამბიციას, ის ბიზნესმენია, მაგრამ იგი დიდი ხანია ქართული პოლიტიკის აქტიური წევრია, მერე რა რომ ტელევიზიებში არ ჩნდება. ამიტომ ვამბობდი, ივანიშვილის მცდელობა "რუსთავი 2"-თან არ იყო შორსმჭვრეტელური ნაბიჯი, არ იქნებოდა "რუსთავი 2", შეიქმნებოდა სხვა ტელევიზიები, ფაქტი სახეზეა.
"რ": ანუ არჩევნებამდე "რუსთავი 2"-ს ბევრი კონკურენტი გამოუჩნდება, მათ შორის მისი ყოფილი გენერალური დირექტორის სახით, რომელიც ახალ ტელევიზიას ქმნის და ისიც აცხადებს, რომ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარკება დაწყებულია, თუმცა ამ საქმეში, მხოლოდ მისი გუნდის და საზოგადოების მხრიდან შემოწირულობების იმედი აქვს.
კ.კ: არ ვიცი, საზოგადოებიდან შემოწირულობებით როგორ შეიქმნება ტელევიზია, მაგრამ ტექნიკურად დღეს ტელევიზიის გახსნა ადვილია, მაგრამ რამდენად იქნება ეს ტელვიზიები დამოუკიდებელი და ობიქტური, ეს არის საკითხავი. პრობლემა ის კი არ არის "რუსთავი 2" იქნება თუ არა, პრობლემა არის რატომ ჰყავს ამ ტელევიზიას ამდენი მაყურებელი. დარწმუნებული ვარ ქვეყანაში რომ იყოს სხვა უკეთესი ტელევიზია, ამ არხს დიდი ხანია მაყურებელი აღარ ეყოლებოდა და იქნებოდა მარგინალური, მაგრამ რა უნდა ქნა, სხვა ტელვიზიებში ისევ საბჭოთადროინდელ "მოამბეს" რომ უსმენ - ცეკას მდივანი დღეს გურჯაანში კოლმერუნეებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის წარმატებებზე ესაუბრაო. ამიტომ უნდა შეიქმნას უკეთესი ტელევიზია, დამოუკიდებელი, ობიექტური და ეთერი უნდა გაიხსნას ყველა პოლიტიკური ძალისთვის.
"რ": "რუსთავი 2"-ის ახალმა მეპატრონემ დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუცმა ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ამ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.
კ.კ: სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, ძმებ ყარამანიშვილებს ტელევიზია უნდა ჩამორთმეოდათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ყველა თვის ნახევარ სიმართლეს ამბობს. მართალი რომ გითხრათ, არ ვიცი აქიმიძეს და დვალს ამ კომპანიაში ჰქონდათ თუ არა 40%-ზე მეტი წილი და ფლობდენენ თუ არა საკონტროლო პაკეტს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა თქვან სიმართლე, საერთოდ წაართვეს ეს ტელევიზია, ან რამდენი აიღეს. თუ წაგართვეს, 40%-იან წილს შეიძლება არ დათანხმდე, მაგრამ თუ მილიონი აიღე და ახლა ისევ წილს ითხოვ, 40% ცოტა არ არის.
"რ": შიდა პოლიტიკურ საკითხებზე რას იტყოდით, ამბობენ რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა, კერძოდ "ევროპულ საქართველოში". იმასაც ამბობენ, რომ გიგი უგულავა ტოვებს "ევროპულ საქართველოს".
კ.კ: რამდენადაც ვიცი, "ევროპული საქართველო" ცდილობს დაშალოს "გაერთიანებული ოპოზიცია" და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მასში გაერთიანებულ პარტიებთან, რომ მის ირგვლივ გაერთიანდნენ. ასე რომ "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთობის პერსპექტივას ვერ ვხედავ, მითუმეტეს არჩევნებამდე. რაც შეეხება უგულავას, ფაქტიურად "ევროპული საქართველო" უგულავამ დატოვა.
"რ": "გაერთიანებულ ოპოზიციაში" მიიჩნევენ, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის ყურადღება შესუსტებულია, რაც ხელ-ფეხს უხსნის ხელისუფლებას გააგრძელოს რეპრესიები და მოუწოდებენ ევროპელ პარტნიორებს ნათელი მესიჯი გაუგზავნონ ხელისუფლებას შეწყდეს ოპოზიციის დევნა, დაცული იქნას სიტყვის თავისუფლება...
კ.კ: ყველაფერი შეიძლება დააბრალო ამ ხელისუფლებას, გარდა პოლიტიკური რეპრესიებისა. მეტი რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, დაჭერილი კაცი მელია ციხიდან გამოაყვანინეს. გაკოტრებულები რომ არიან სწორედ ამაზე მიანიშნებს, როცა მხოლოდ უცხო ქვეყნების, ვინც გინდა იყოს, იმის იმედად ხარ დარჩენილი. ეს უნდა იყოს შეშფოთების მიზეზი.
"რ": გაკოტრებულად "გაერთიანებული ოპოზიცია" მმართველ ძალას მიიჩნევს და ამბობს, რომ "ოცნება" უკვე დამთავრებულია.
კ.კ: დამთავრების რა მოგახსენოთ, მაგრამ "ოცნება" რთულ ვითარებაშია, გადამწყვეტ მომენტში, ანუ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გაკოტრდა და ყველა კარტი გახარჯა. ამიტომ არ ვიცი ამ ერთი წლის მანძილზე რა უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს, რომ მისი ნდობა მოიპოვოს. ერთი ის თუ უშველის, ნაწილობრივ მაინც, ბოლომდე მიიყვანოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა ის, რაც ქვეყანას დაანგრევს (გაბუნიას ერთი ტინგიცობა პირადპირ ეთერში ქვეყანას ორი მილიარდი დაუჯდა) დანარჩენ ოპოზიციას უნდა რომ ქვეყანა გადარჩეს. ასევე გადარჩენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება, თუ ხელისუფლება არჩევნებამდე იუსტიციის საბჭოს დაითხოვს.
"რ": ამ პოლიტიკურ ლანდშაფტში როგორ ეწერება ხაზარაძის პოლიტიკური ამბიცია, შექმნას ახალი მოძრაობა?
კ.კ: მე ვიფქრობ, რომ გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და ამიტომ ხაზარაძეს ვურჩევდი, გაითვალისწინოს ბადრი პატარაკაციშვილის მაგალითი. ვიდრე ბადრი პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებდა ყველა ფეხქვეშ ეგებოდა, როცა საკუთარი პარტია შექმნა პარტიული სოლიდარობა გაქრა და ყველამ ყველაფერი გაიხსენა. ხაზარაძის შემთხვევაშიც ასე იქნება, როგორც პოლიტიკური ლიდერი კი არ მოსწონთ, მის ფულებს ელოდებიან. საკუთარ პარტიას როგორც შექმნის, დღეს რომ ხოტბას ასხავს სწორედ ის ხალხი გამოვა და იტყვის, რომ იყო მევახშე, კავშირი ჰქონდა მხედრიონთან, ორ ლარად იყიდა კომპანია "ბორჯომიო".