
20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებების ახალი სერია დაიწყოს. უწყებაში 31 ივლის დაკითხვაზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიბარეს. გავრილოვის ღამიდან 42-ე დღეს საგამოძიებო უწყებაში ათობით ადამიანს მოწმის სახით მისვლა და ჩვენების მიცემა მოთხოვეს, თუმცა როგოც აქციის მონაწილეები „რეზონანსთან“ ამბობენ, ეს მხოლოდ მახეა და უწყებაში მათი მიტყუება უნდათ, შემდგომ კი დააკავებენ.
მათი უფლებადამცველები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეების დაკავებას, სავარაუდოდ, ისევ განაგრძობს. მანამდე კი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ გამოკითხვაზე დაბარებული მოქალაქეები კონსულტაციებს მათთან გადიან და ცდილობენ, რომ გამოკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს, რადგანაც უწყების მიმართ უნდობლობა აქვთ.
ადვოკატი ბექა ბასიალაია ამბობს, რომ 31 ივლისს მასთან 10 ადამიანი მივიდა და განაცხადეს, რომ ისინი საგამოძიებო უწყებაში არიან დაბარებულები. მათ ბასილაიას დახმარება სთხოვეს. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ უწყებამ აქციის მონაწილეების მასობრივი დაბარება დაიწყო და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაკავებას აპირებენ.
„10 ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ მოწმის სახით გამოკითხვაზე არიან დაბარებულები. დახმარება მთხოვეს და შიშობენ, რომ დაკითხვაზე მისულებს დააკავებენ. როგორც ვიცი 10 ადამიანის გარდა, რომლებიც ჩემთან დახმარებისთვის მოვიდნენ, დაკითხაზე კიდევ ათეულობით ადამიანია დაბარებული. რა თქმა უნდა, ჯერ მოწმის სახით იძახებენ, შემდეგ კი მათი დაკავება მოხდება.
მე ვურჩიე მათ და განცხადება დავწერეთ, რომ დაკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს. როდესაც ამის შემდეგ გამომძიებელს დაურეკეს და თავისი უფლებების შესახებ უთხრეს, იქიდან ისეთი აგრესია და ზეწოლა წამოვიდა, რომ დაკითხვაზე მისულებს რას უზამენ ხომ წარმოგიდგენიათ?!
როგორც ვიცი, დაკითხვაზე მხოლოდ ერთი წავიდა, დანარჩენმა ყველამ მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა მოითხოვა. მიდის სერიოზული რეპრესიები და ხალხის დაშინება. ველით, რომ დაკავებების სერია გაგრძელდება. უწყებაში ათეულობით ადამიანია დაბარებული, რომლებიც არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იკითხებიან“, - აცხადებს „რეზონანსთან“ ადვოკატი ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 აქციის მონაწილე დააკავა, აქედან გირაოთი მხოლოდ ერთი ადამიანია გათავისუფლებული, დანარჩენ მათგანს საქალაქო სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასევე უწყებამ 2 პოლიციელი პასუხისგებაში მისცა და მათაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.