პურის ქარხნები ჯერჯერობით თავს იკავებენ პროდუქციის გაძვირებისგან, თუმცა ზღვარზე მუშაობენ
თეო გუდავაძე
01.08.2019

 ქვეყანა ისევ პურპროდუქტების გაძვირების მოლოდინშია. ფქვილის ფასმა კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. რამდენადაც ფქვილი 2 ლარით შეიძლება გაძვირდეს, რაც ეს საფრთხე უქმნის პურს ფასს და დანამდვილებით გააძვირებს სხვა ტიპის საკონდიტრო ნაწარმს. მეწარმეები მოსალოდნელ ზარალზეც ალაპარაკდნენ. 

ლარის გაუფასურების გავლენით საქართველოში იმპორტირებული ხორბალი 20-30 დოლარის ფარგლებში გაძვირდა. წისქვილკომბინატები ელოდებიან, რომ ფქვილის ფასიც დაახლოებით 2 ლარით აიწევს. 

მეხორბლეთა ასოციაციის ცნობით, დღეს ფქვილი ადგილობრივ ბაზარზე 47-48 ლარი ღირს, რაც 2,75-2,80 კურსით არის დაანგარიშებული. გაუფასურებული ლარის პირობებში კი ფასნამატი, სავარაუდოდ, 2 ლარი იქნება. 

შარშან დეკემბერში, როცა პური 10 თეთრით გაძვირდა, ფქვილის ფასი ერთბაშად 11 ლარით გაიზარდა და 48-50 ლარს მიაღწია. მას შემდეგ დაახლოებით 2-3 ლარით გაიაფდა, მაგამ თუ ამ ეტაპზე ფასი კვლავ 2 ლარით მოიმატებს, ის 2018 წლის დეკემბრის ნიშნულს გაუტოლდება.  

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სულ სამი კომპონენტია რისი გაძვირების მიხედვითაც ვხვდებით რამდენად რთული მდგომარეობაა. ხორბალი, ფქვილი და საწვავი სასურველია არ ძვირდებოდეს.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი მალხაზ დოლიძე "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ბაზარზე პურის გაძვირებას ამ ეტაპზე არც ახლა ელის და არც ახლო მომავალში. 

"ჩემი აზრით. ძირითადი ნედლეული არ არის გაძვირებული, პირიქით ხორბლის ფასი ამ ეტაპზე შემცირებისკენ წავიდა, ახლა ალოობაა და ლოგიკურია, რომ ასე იქნება. ფასი 50 ლარამდეა ასული ბოლო პერიოდში, მაგრამ უფრო 20 ივნისის შემდეგ დაიწყო ეს პროცესი. ქართული ფქვილი კი 5 ლარით უფრო ნაკლებია და ესეც გასათვალისწინებელია. 

პურის ფასი ჯერჯერობით არ მომატებს და მოლოდინიც არ მაქვს, რომ გაგრძელდება ხორბლის გაძვირება. შესაძლოა სხვა მიმართულებით უფრო მოახდინოს ლარის გაუფასურებამ გავლენა, ვიდრე კონკრეტულად პურის გაძვირებაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მალხაზ დოლიძემ.

შესაძლოა სოციალური მომენტის გათვალისიწნების გამო პურის ფასი იმავე ნიშნულზე დარჩეს, მაგრამ გაძვირდეს სხვა პროდუქტი, რომლის დასამზადებლადაც ფქვილი და ხორბალია საჭირო. ეს კი ადამიანების ბიუჯეტს ნამდვილად დაეტყობა.

ქეთევან სალაყაია ახმეტელის თეატრთან მდებარე საცხობის მეპატრონეა და ამბობს, რომ საცხობისთვის ყოველ თეთრს აქვს მნიშვნელობა. მისი თქმით, ფქვილის 2 ლარით გაძვირება მკვეთრად ეტყობა საცხობის ბიუჯეტს. 

"ფაქტობრივად ჩვენი მთავარი ინგრედიენტი ფქვილია, ყველაფერში ამას ვიყენებთ და აბა, მე მკითხონ, როგორია 2 ლარით იმ პროდუქციის გაძვირება, რომელიც უამრავი რაოდენობით არის საჭირო. მზა პროდუქციაზე ფასს ვეღარ გავზრდი, რადგან ისედაც მომატებულია გაზაფხულის შემდეგ და ასე კლიენტებს დავკარგავ. გამოდის, რომ წონა უნდა შევამცირო. 

რაც შეეხება ქართულ ფქვილს ნამდვილად არ არის გაძვირებული, მაგრამ დაბალი ხარისხისაა. შეიძლება 45 ლარად 1 ტომარა ფქვილი ვიყიდო და მერე მთელი პროდუქტი ჩამიწვეს და გამოვიდეს ცუდი. საცხობის წარმატების მთავარი გასაღები არის ხარისხიანი ფქვილი ამის შემდეგ გამოდის პროდუქტი კარგი, შესაბამისად, ამაზე ეკონომიას ვერ გავაკეთებ და მიწევს ძვირის გადახდა", - აღნიშნა ქეთევან სალაყაიამ "რეზონანსთან" საუბრის დროს.

პურის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „იფქლი“ ლარის გაუფასურების გავლენით ხარჯების გაზრდის მიუხედავად ამ ეტაპზე პურის ფასის გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს. 

„ლარის კურსის გაუფასურება ბუნებრივია, ჩვენს საქმიანობაზე გავლენას ახდენს. იმპორტირებული ხორბლის ფასი, რომელსაც ქართული წისქვილკომბინატებისაგან ვიძენთ, ლარის გაუფასურების პარალელურად იზრდება. ამას გარდა, ჩვენს კომპანიას ხარჯი ეზრდება ისეთ პროდუქციაზეც, როგორიცაა დაზგა-დანადგარები, მათი სათადარიგო ნაწილები, შესაფუთი მასალები და სხვა. 

დღევანდელი მდგომარეობით, 1 ტომარა ხორბლის ფქვილზე ფასი დაახლოებით 2.5 ლარით არის გაზრდილი. ფასის ეს მატება დღეს არ გვაძლევს იმის მიზეზს, რომ საფასო პოლიტიკას გადავხედოთ პროდუქციაზე ან ახლო მომავალში პურის გაძვირების საკითხი დავაყენოთ დღის წესრიგში. 

ძალიან რთულია სამომავლო პროგნოზების გაკეთებაც. პურის ფასწარმოქმნა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის რა ფასზე დასტაბილურდება ერთი ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი, ვალუტის კურსი, წარმოებაში საჭირო სხვადასხვა მასალების ფასი და ა.შ. სწორედ ამ გარემოებების ერთიანობით დგინდება პროდუქტზე საბოლოო ფასი და შესაბამისად, ძალიან რთულია წინასწარ ზუსტი პროგნოზის გაკეთება.

ჩვენ ვაკვირდებით ხორბლის ფასის დინამიკას და ვიმედოვნებთ, რომ ფასნამატი არ იქნება ისეთი დიდი, როგორც ეს შარშან იყო“, - აცხადებენ "იფქლში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×