რადგანაც 2020 საარჩევნო წელია, მთავრობა ტარიფს ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს
თამარ მუკბანიანი
01.08.2019

 მარეგულირებელმა, გაზის ტარიფის გადათვლა დაიწყო. მკვეთრად გაუფასურებული კურსის გამო, ქვეყანა ბუნებრივი აირის ტარიფის მატების მოლოდინშია. თუმცა, რადგანაც 2020 სარჩევნო წელია, ხელისუფლება, სავარაუდოდ, შარშანდელ პრაქტიკას გამოიყენებს და სამომხმარებლო ტარიფს კვალვ დაასუბსიდირებს, კომერციული კი ისევ გაიზრდება. 

სემეკმა, ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვის მიზნით განაცხადების განხილვა დაიწყო. პროცესს გეგმიური ხასიათი აქვს და ყოველ წელს ასე ხდება. სამომხმარებლო ტარიფების დაანგარიშებისას შარშან მარეგულირებელ კომისიას აღებული ჰქონდა კურსი დოლართან მიმართებით 2.66, წელს კი მკვეთრად განსხვავებული ვითარებაა.  

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავა ადასტურებს, რომ გაზის ტარიფის გადახედვის ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.

"ეს არის ჯამი განაწილების, ტრანსპორტირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების ტარიფისა. როდესაც ვსაუბრობთ ლარის კურსზე, მას გავლენა აქვს მხოლოდ მიწოდების ფასზე, სამომხმარებლო ტარიფის ერთ კომპონენტზე, ამიტომ იმის თქმა, რომ კურსის გამო შეიძლება ტარიფი გაიზარდოს ან არ გაიზარდოს, წინასწარ შეუძლებელია.

მინდა შარშანდელი წელი გავიხსენოთ. ჩვენ გვქონდა არსებითი ცვლილება გაცვლით კურსში და იყო მოლოდინი, რომ სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდებოდა, თუმცა ის დარჩა უცვლელი. ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი შემცირდა და ამის საფუძველზე მოხდა კურსით გამოწვეული ცვლილების დაბალანსება", - აცხადებს მილორავა.

რეალურად კი შარშან კომერციული ტარიფი გაიზარდა, სამომხმარებლო კი - დასუბსიდირდა სახელმწიფოს მხარიდან. რას მოხდება ამჯერად? სემეკმა გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ კურსის 2.75-ის ნიშნულზე დასტაბილურების გარეშე სამომხმარებლო ტარიფის მატება გარდაუვალია, მოსალოდნელი საარჩევნო ციებ-ცხელების გამო, სავარაუდოდ, ხელისუფლება ტარიფის კვლავ ბიუჯეტის ხარჯზე სუბსიდირებას გადაწყვეტს. 

სემეკი წევრი გოჩა შონია ,,რეზონანსთან” აცხადებს, რომ გაუფასურებული ლარი, თავისთავად გაზრდილ ტარიფს არ ნიშნავს. 

,,ტარიფი დგინდება სამი ძირითადი კომპონენტის შეწონვით და მათგან, მხოლოდ ერთერთია ლარი, რომელიც შარშანდელი ტარიფის დადგენისასაც მკვეთრად იყო გაუფასურებული. შეგახსენებთ, 2018 წლის ბიუჯეტი 2.50-ზე იყო დაგეგმილი, ხოლო რეალური შეწონილი კურსი 2.66 იყო. 

განხილვის პროცესი გეგმიურია, 180 დღე გვაქვს განსახილველად, იქამდე შედეგებზე საუბარი სანამ დეტალური განხილვა არ მოხდება, ძალიან არაკვალიფიცური იქნება”, - აცხადებს შონია. 

მიუხედავად რიგი ფაქტორებისა, ტარიფის გაზრდის შესაძლებლობას ხედავენ ენრგეტიკოსები, რასაც დაუფარავად აფიქსირებენ კიდეც. ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, ,,რეზონანსთან” აღნიშნავს, რომ საკითხის პოლიტიზება აზარალებს პროცესს. სემეკი ნამდვილად არის კომპეტენტური ორგანო, რომლის გადაწყეტილების გამოცხადების შემდეგაც, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საჭიროებას ხედავს. 

,,ტარიფი უნდა იყოს სამართლიანი და მასში უნდ აიყოს ყველა კომპნონენტი ასახული, მათ შორის, ლარის გაუფასურებაც. დღეს, სემეკი ნამდვილად არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპეტნტური ორგანო, რომელიც მხოლოდ კომპონენტთა შეწონვით იღებს სწორ გადაწყვეტილებას და ჩემთვის სანდოა მათი მსჯელობა და შედეგიც. 

იმ შემთხვევაში თუ ვითარება მნიშვნელოვნად არ გამოსწორდა, რასაკვირველია, ტარიფი გაიზრდება. მიმაჩნია, რომ არ უნდა ხდებოდეს დიფერენცირება  და ყველასთვის ერთი უნდა იყოს ტარიფი, შემდეგ კი მოწყვლადი ჯგუფების მიხედვით სახელმწიფო ასუბსიდირებდეს. ამის საჭიროება წელს სამომხმარებლო ტარიფზე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იქნება”, - აცხადებს ენერგეტიკოსი. 

შეგახსენებთ, განაცხადების განხილვისთვის მარეგულირებელს 180-დღიანი ვადა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×