კინორეჟისორი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგო ხაინდრავა „რეზონანსთან“ აგვისტოს ომამდე არსებულ სიტუაციას იხსენებს და ამბობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ცხინვალთან დაკავშირებით სიტუაცია ხელოვნურად ომამდე გააფუჭა. ამბობს, რომ მისი მინისტრობის დროს, ცხინვალში დაცვის გარეშე ჩადიოდა და ქუჩებში დღისით ღიად გადაადგილდებოდა. ხოლო მისი თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, სააკაშვილმა მოლაპარაკების ყველა ფორმატი გააუქმა და ომის პროვოცირებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა.
ხაინდრავა ამბობს, რომ 7 აგვისტოს ღამის 2 საათზე სააკაშვილის ბრძანებით ქართველმა სამხედროებმა ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს და ამის თაობაზე საქართველოს გარდა ყველგან ღიად საუბრობენ. ფიქრობს, რომ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ვაშაძე, უტიაშვილი და გენშტაბის უფროსი სამშობლოს ღალატისთვის უნდა გასამართლდნენ, რადგანაც მიზანმიმართულად გაითამაშეს რუსული სცენარი და პუტინის პროვოკაციას ქვეყანა განზრახ წამოაგეს.
გოგა ხაინდრავა: სახელმწიფო მინისტრობის დროს, ცხინვალში მინიმუმ 100 ჯერ ვიყავი. ალბათ უფრო მეტჯერაც. იქ ღამითაც ვრჩებოდი და ქუჩაში დაცვის გარეშე დავდიოდი. ჩემი მოხსნის შემდეგ, სამი მინისტრი ამის ნახევარჯერაც არ ყოფილა.
პრაქტიკულად ჩემი წასვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ცხინვალის მიმართ რადიკალურად შეიცვალა. მოიშალა ყველა ფორმატი, რომელიც არსებობდა. ასეთი კონფლიქტის დროს ორი გზა გაქვს - ან მშვიდობა და მოლაპარაკებები ან კიდევ ომი. ამიტომ ბუნებრივია, როდესაც ყველა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე უარს ამბობ, ერთადერთი გზა, რისთვისაც ეზადები, ომია.
„რეზონანსი“: ფიქრობთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხელოვნური პროვოკაციებით ცდილობდა ომის გამოწვევას? რის საფუძველზე ამბობთ ამას?
გ.ხ: მოდი გავიხსენოთ ის პროვოკაციულიქმედებები, რასაც მერაბიშვილი და ოქრუაშვილი ცხინვალის რეგიონში ახორციელებდნენ. ოქრუაშვილის მინისტრობის დროს მისმა პოლიციამ რუსეთის დიპლომატიურ მანქანაზე თავდასხმა მოაწყო. საოცარი კიდევ ის არის, რომ იქვე რუსეთის „იტარ ტასის“ კორესპოდენტი აღმოჩნდა. ასევე გვახსოვს კადრები, როგორ მორბის ოქრუაშვილი ჯართან ერთად, სადაც ერთ ისარს ცხინვალი და მეორეს კიდევ აფხაზეთი აწერია. ეს იმ ფონზე კეთდებოდა, როდესაც სამშვიდობო პოლიტიკას ვაცხადებდით და რუსეთს ყველანაირი საბაბს ვაძლევდით იმისთვის, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი მოქმედებები დაეგმო.
ეს იყო ორმაგი თამაში და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს რუსული თამაში იყო, რომელსაც ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, სააკაშვილი თამაშობდნენ. ამის დასამტკიცებლად უამრავი საბუთი გამაჩნია. უბრალოდ ამისთვის ვერავინ მოიცალა, რეალურად მერაბიშვილი ოქრუაშვილი და მათ შორის სააკაშვილიც, სამშობლოს ღალატისთვის უნდა ისხდნენ ციხეში იმისთვის, რომ რუსულ პოლიტიკას ახორციელებდნენ.
„რ“: ახლა რუსული თამაში ახსენეთ. მუდმივად არის ხოლმე იმაზე საუბარი, რომ სააკაშვილს ე.წ. მწვანე შუქი ამერიკამ და ბუშმა აუნთო იმისთვის, რომ ცხინვალში შესულიყო. თქვენი მინისტრობის დროს, მსგავსი საუბრები ყოფილა?
გ.ხ: ამერიკისგან არანაირი მწვანე შუქი არ ყოფილა. პირიქით, დასავლეთი გვაფრთხილებდა, რომ რუსეთს ჩვენი პროვოკაციაზე წამოგება სურდა და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. 2006, 2007 და 2008-ში ყველამ კარგად ვიცოდით, რომ როკის გვირაბის გადაღმა რუსული ჯარის ინტენსიური წვრთნები ტარდებოდა. რუსეთის სამხედრო გაზეთი მაქვს, სადაც პირდაპირ ნაჩვენები იყო, რა წვრთნები მიდიოდა ჩრდილო კავკასიაში. პირდაპირი სქემები იდო, როგორ უნდა შემოჭრილიყო რუსული ჯარი საქართველოში. ეს სქემა კრემლმა 2008 წელს ერთი-ერთში გამოიყენა. რუსებს ტანკეებიც კი არ გამოურთვიათ, ისე ელოდნენ სააკაშვილისგან იმ ნიშანს და ავანტიურას, რომელიც თავისი მოქმედებით მაშინდელმა ხელისუფლებამ საბაბად პირდაპირ ხელში მისცა.
„რ“: იყო თუ არა საომარი მოქმედებების დაწყების ობიექტური რეალობა?
გ.ხ: არანაირი ობიექტური რელობა არ არსებობდა. როგორც აღვნიშნე, სააკაშვილმა მისცა პირდაპირ პუტინს ხელში საბაბი. არადა ყველა გვაფრთხილებდა და გვეუბნებოდნენ, რომ ამისთვის რუსეთი ემზადება და ნუ მისცემთ საშუალებას, ეს გაკეთოსო. სააკაშვილი ქმედება რა იყო თუ არა რუსეთის ინტერესების პირნათელი შესრულება?
„რ“: ანუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მსგავსად თქვენც ფიქრობთ, რომ სააკაშვილმა მძინარე ცხინვალი დაბომბა? ეს ხომ იმას ამტკიცებს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ. ამის მტკიცებით საქართველო რას იგებს? მაშინ გამოდის, რომ ცხინვალის დაბომბვა იქ მაცხოვრებელი ჩვენივე მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედება იყო?
გ.ხ: რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ამ ვითომ პატრიოტებმა, პოლიტიკოსებმა, არასამთავრობოებმა თუ თვითმარქვია ანალიტიკსოებმა, ვამბობ, რომ 7 აგვისტოს, ღამის 2 საათზე, ცხინვალს ცეცხლი სააკაშვილმა გაუხსნა. ეს მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია და ყველა დოკუმენტით დადასტურებულია. ეს არის ეუთო, გაერო თუ სხვა ორგანიზაციები. ეს არის სამწუხარო, სამარცხვინო და საბედისწერო საქართველოს ისტორიისთვის. რასაც საკუთარ თავს ვუმალავთ, მსოფლიომ იცის. მეტსაც გეტყვით, სააკაშვილმა ეს გამოაცხადა კიდევაც. მაქვს ინტერვიუ, სადაც ამბობს, ჩვენ გავხსენით ცხინვალის მიმართულებით ცეცხლი, რათა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდესო. მანამდე სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ვანათი დაბომბეს.
„რ“: ჩვენ ხომ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევსულვართ, სააკაშვილს რომც დაეწყო ომი, ეს ხომ რუსეთს არ აძევდა იმის საშუალებას, რომ მეზობელი ქვეყნის საქმეში ჩარეულიყო. ანუ საქართველო რუსეთს არ დასხმია, პრეზიდენტი თუ კი ქვეყნის მთლიანობის აღდგენას ცდილობდა, ეს რუსეთის საქმე რატომ უნდა ყოფილიყო?
გ.ხ: რა თქმა უნდა, ჩვენ არანაირი აგრესია და ომი არ წამოგვიწყია. ჩვენ რუსეთს მივეცით საბაბი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ინტერვეცია დაეწყო. ეს რუსების აგენტი და დამსმენი ვაშაძე, პრეზიდენტად რომ უნდოდათ გაეყვანათ, ისიც იქ ბრძანდებოდა იმ უშიშროების სხდომაზე, სადაც სააკაშვილმა თქვა, რომ მან გასცა პირდაპირი ბრძანება, რათა ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგი და ქვეყნის მთლიანობის აღდგენა მომხდარიყო. პუტინი კი როკის გვირაბთან დაქოქილი ტანკებით სწორედ ამას ელოდებოდა.
„რ“: რა მიიღო ან რა დაკარგა საქართველომ ამ ომის წამოწყების შედეგად?
გ.ხ: საქართველომ ამ ომით ვერაფერი ვერ მიიღო გარდა სირცხვილისა და გმირულად დაღუპული ბიჭებისა, ასევე ორჯერ მეტი დაკარგული ტერიტორიებისა. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ომი ქვეყანამ დღენახევარში წააგო. არანაირი ხუთი დღე იქ არ ყოფილა. ეს დამნაშავე, უტიფარი და უსირცხვილო უტიაშვილი. 9-10 აგვისტოს ტელევიზიით სამხედრო ფორმაში ჩაცმული რომ გამოდიოდა და ხეობის ხალხს ატყუებდა, ჯავაში უტევს ქართული ჯარი რუსებსო.
ამ დროს კიდევ არცერთი ქართველი ჯარისკაცი ხეობაში აღარ იყო. ამის გამო უამრავი ადამიანი დაიღუპა, სახლებში შეუცვივდნენ და ნამუსები ახადეს ჩვენს ქალებს. ამის გამო უტიაშვილი ციხეში უნდა ეგდოს და აქ კიდევ გვმოძღვრავს თურმე 2008 წლის ომი შვება ყოფილა. ეს უნამუსო, ენა როგორ უტრიალდება, როცა მზეზე დაყრილი ჯარისკაცები გვილპებოდა და ამისთვის კიდევ შვება ყოფილა. მისმა შეგნებულმა ტყუილმა ბევრი ქართველი და ჯავის ხეობის მცხოვრების სისხლი დაღვარა.
„რ“: ანუ თქვენი საუბრიდან გამომდინარე სააკაშვილის ხელისუფლების გასამართლება უნდა მოხდეს? ვინ და რა ფორმით უნდა აგოს ამ ომზე პასუხი...
გ.ხ: რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ღალატის მუხლით, სააკაშვილი, მერაბიშვილი, ვაშაძე, უტიაშვილი, გენშტაბის უფროსი, და სხვა ვინც წინასწარ იცოდა, რომ რუსეთი საქართველოსგან პროვოკაციას ელოდა და ამის საშუალება მისცა, ყველა უნდა გასამართლდეს. მწყემსებიც კი გვეუბნებოდნენ, რომ აგერ როკის გვირაბის შესასვლელთან დგანან რუსები ჩართული ტანკებით და იცოდეთო. მთელი რუსული არმადა მომზადებული სააკაშვილის ნიშანს ელოდა. ივნისში კონდოლიზა რაისი იყო ჩამოსული. სააკაშვილი კატეგორიულად გააფრთხილა. სალომე ზურაბიშვილს რომ დაეტაკნენ, რატომ თქვი ცხინვალი სააკაშვილმა დაბომბაო. მე ვუთხარი სალომეს და ბევრად კიდევ ადრეც ვაცხადებდი ამას. ამას კი საბაბად რუსული ინტერვეცია და აგრესია დაედო.