ია აბულაშვილი
02.08.2019

 ბიძინა ივანიშვილი შემოდგომაზე მინისტრთა კაბინეტის დათხოვნას აპირებს, ამ ინოფრმაციას გამოცემა "ნიუპოსტი" ავრცელებს. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილმა მთავრობის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სექტემბრის ბოლოს მთავრობა შეიცვლება. ლარის კურსის რეკორდული გაუფასურების საბაბით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შეიძლება თანამდებობა დატოვოს. მის შემცვლელად კი სახელდებიან ამერიკაში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს, თუცმა მისი აზრით, ეს უფრო მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

"მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ და გადაჭრით ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის საფუძველი არსებობს, რომ მოხდეს სერიოზული ცვლილებები. ჩემი აზრით, იმ შემთხვევაში თუ ცვლილებეები განხორციელდა, სავარაუდოდ მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკურ გუნდს შეეხება.

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა იმ ტემპებით ვერ ვითარდება, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო, მაგრამ ამას აქვს როგორც სებიექტური, ასევე ობიქტური მიზეზები.

რაც შეეხება ლარის კურსის გაუფასურებას, არაერთი მოსაზრება გამოითქვა, თითქოს ეს მხოლოდ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. ჩემი აზრით, ეკონომიკის მიბმა მხოლოდ ტურიზმთან ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა არ არის იმ დონეზე მყარი, რომ ასეთ რყევებს გაუძლოს. ვნახოთ, ვინ დაიკავებს თანამდებობებს მომავალ მინისტრთა კაბინეტში. საქართველოში საკმაოდ ბევრი მაღალი კლასის პროფესიონალია და არ არის საჭირო მხოლოდ შიგნით ვეძებოთ მინისტრები. გახსოვთ შევარდნაძემ მთავრობის დასაკომპლექტებლად მომავალი მთავრობის წევრები სამეცნიერო წრეებიდან შეარჩია და წლების მანძილზე ეს ხალხი წარმატებით ახორციელებდა მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ახლაც შეიძლება ამ მეთოდის გამოყენება" - განაცხადა "რეზონანსთან" რევაზ არველაძემ.

"ოცნების" ყოფილი წევრის დავით ჭიჭინაძის აზრით, მხოლოდ სამთავრობო ცვლილებები საქმეს ვერ უშველის, ამიტომ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინიტსტრად და თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ყველაფერ იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება; შეასრულოს ის დაპირებები, რომელიც ერთი წლის წინ ქართველ ხალხს მისცა.

"ცვლილებები რომ საჭიროა, ამაში ყველა ვთანხმდებით, რადგან უმთავრობოდ და უპარლამენტოდ ცხოვრება აღარ შეიძლება, ამიტომ მთავრობამ უნდა იმუშაოს სრულყოფილად. ყველა ვხედავთ, რომ დღევანდელი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს, რაც საჭიროა ქვეყნის მართვისთვის და მხოლოდ თავისი მონაპოვარის შენარჩუნებას ცდილობენ. ქვეყანა საარჩევნო ციკლში შედის და ასე გაგარძელება აღარ შეიძლება. ეკონომიკურ ფონზე საპროტეტსო მუხტი უფრო გაიზრდება. მართალია, ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომ სოციალურ საკითხებზე ვერიდებით უკმაყოფილების გამოთქმას, ვამბობთ, ოღონდ ქვეყანა არ დაიქცეს და ყველაფერს მოვითმენთო, მაგრამ არცერთი ქვეყანაში ამ ფუფუნების უფლებას თავის თავს არ აძლევს. ამიტომ ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს იმ შეცდომებზე რომელიც დაუშვა, თავი დაანებოს ბუღალტერიას თითქოს ყოველწლიურად ჩვენი ეკონომიკა 5%-ით იზრდება. ამ ლოგიკით, ჩვენ უკვე აყვავებული ქვეყანა უნდა ვიყოთ. მე კი ვფიქრობ, რომ რეალურად ჩვენი ეკონომიკა ყოველწლიურად 2%-ით კლებულობს. კარგია თუ ივანიშვილი აპირებს ცვლილებებს, მაგრამ მთავრობის შეცვლა ამას ვერ უშველის, ის თვითონ უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად და პასუხისმგებლობა აიღოს, შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც ერთი წლის წინ ქართველ ხალხს მისცა" - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×