"არ მახსოვს, კეზერაშვილი ძებნაშია თუ არა, და არც ის ვიცი ამჟამად სად იმყოფება, ისარელში თუ ამერიკაში, მაგრამ მის მიმართ კითხვები რომ არსებობს, ეს ფაქტია და ჯერ ამ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ გააკეთოს განცახადებები სამომავალო გეგმებზე" - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია დავით კეზერაშვილის განცხადებას ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით.
მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ახალი ტელევიზიის გახსნა დაანონსა, რომელსაც "ფორმულა კრეატივთან" ერთად ქმნის, გამოცემა "პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ კეზერაშვილის ტელევიზიაში ბორდს დავით ტყეშელაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. ტელვიზიის დირექტორად კი "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩორგოლეიშვილი მოიაზრება.
ცნობისთვის, დავით ტყეშელაშვილი სააკაშვილის ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებს იკავებდა. იყო გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის მინისტრი. სახელმწიფო მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში, შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2010 წლიდან კი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
"არ მახსოვს ძებნაშია თუ არა კეზერაშვილი, და არც ის ვიცი, ამჯერად სად იმყოფება ისრაელში თუ ამერიკაში, მაგრამ მის მიმართ კითხვები რომელიც არსებობს, ჯერ ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და შემდეგ გააკეთოს განცხადება, რომ გამოჩნდა და აპირებს პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას.
რაც შეეხება ტელევიზიის გახსნას, კანონს თუ არ არღვევს, რაც უნდა ის გასხნას და ვისაც უნდა იმას დაეხმაროს, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვები, რა ფულით აპირებს ტელევიზიის გახსნას? ბიჭი, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა და მილიონერი გახდა.
ვფიქრობ, ის ხალხიც უნდა დაფიქრდეს, ვისთან ერთადაც ხსნის ტელევიზიას, იქნება ეს შემოქმედებითი ჯგუფი თუ პარტია, რა წარმომავლობა აქვს ფულს, რომლითაც ტელევიზია გაიხსნება. არა მგონია, რომ ახლა სადაც იმყოფება, ისრაელში თუ ამერიკაში, იქაც შრომით ჰქონდეს ხელები გადატყავებული. ვნახოთ სამომავალოდ რა პოლიტიკური ამინდი იქნება ქვეყანაში, მაგრამ სამართალს რომ ვერავინ გაექცევა და ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს კანონის წინაშე აგოს პასუხი, ეს გარდაუვალია.
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ვაჟბატონი, რომელიც აცხადებს, რომ მხოლოდ პროდიუსერი იყო და ფინანსური საკითხები მის კომპეტენციაში არ შედიოდა, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე ვინმემ ხელი მოკიდოს და ციხეში ჩასვა, მაგრამ ვნახოთ რა სიმძიმის დანაშაული გამოიკვეთება. ისე, თუ დაიჭერენ, ოპოზიციის ამ "ჟრიამულს" გამოაკლდება და მოწყენილობას შემოიტანს" - განაცხადა "რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.