ელზა პაპოშვილი
02.08.2019

 საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას გამოკითხვა  დასრულდა. გვარამია  2 საათზე მეტხანს იკითხებოდა.  დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ "რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კითხვები ფინანსურ დოკუმენტაციებს და სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობებს ეხებოდა.

გვარამია ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ ქიბარ ხალვაშის ქონება, რომლიც მან ქართული და ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებით მიიღო, ბევრად აღემატება გასულ წლებში არსებულს. ამბობს, რომ "რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები ხალვაშის წინააღმდეგ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით დავას დაიწყებენ. გვარამია მის დაკავებასაც არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო.  

რაც შეეხება დეტალებს, გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოკითხვაზე დასმული კითხვების უმრავლესობის ადრესატი ნიკა გვარამია არ და ვერ იქნებოდა. ეჭვობს, რომ ნინო ნიჟარაძის სარჩელი, რომელის საფუძველზეც სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი დირექტორი დღეს გამოიკითხა, პოლიტიკურად მოტივირებულია.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას პასუხისგებაში მიცემა წარმოუდგენელია. არათუ სს წარმოებაში, არსებული საქმე სამოქალაქო დავაშიც კი უპერსპექტივოა. თუმცა მაინც დარწმუნებულია, რომ სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.  

საქმის პროკურორი ზვიად გუბალაძე კი აცხადებს, რომ  გვარამიას გამოძიებისთვის ყველა საინტერესო კითხვა დაუსვეს. გუბელაძის თქმით, მას შემდეგ რაც სხდომის ოქმი შედგება, შეიძლება დაიგეგმოს ახალი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება გრძელდება და ის ობიექტური იქნება. არ გამორიცხავს, რომ ნიკა გვარამია გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარონ. 

ამის პარალელურად კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში პროკურორები შევიდნენ.  ტელევიზიის სათაო ოფისის ერთ -ერთ კორპუსში  რამდენიმე საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. საუბარია ოფისის იმ ნაწილზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული. გუშინ პროკურორებმა დოკუმენტაცია „ინტერმედიას“ სათავო ოფისიდან ამოიღეს, ახლა კი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

პროკურორ ლაშა აბულაძის განმარტებით საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდება დიდი ოდენობით თანხების მითვისების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეს.

კომპანია „ინტერმედია“ რუსთავი 2-ის კონტრაქტორია, რომელიც სარეკლამო დროს ყიდის.  საგამოძიებო მოქმედებას ესწრებოდა  „რუსთავი 2“-ის გენდირექტორი პაატა სალია, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის დეტალები უცნობია.

„მან განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი აინტერესებს. იმ გამოძიების ფარგლებშია რაც არის დაწყებული. როგორც რუსთავი 2-ისთვის ზიანის მიყენების ასევე ინტერმედიასთან მიმართებაში დაწყებული გამოძიების და სავარაუდოდ ეს დოკუმენტები აინტერესებს, რაც არის დაკავშირებული ინტერმედიასთან. ამის მეტი ინფორმაცია არ მაქვს ამ ეტაპზე,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

"რუსთავი 2"-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესწავლის თხოვნით განცხადება პროკურატურაში შეიტანა. პაატა სალია აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ში მას მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. არ გამორიცხავს, რომ გამოიკვეთოს ხელმძღვანელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ  ქვეყანაში ოფიციალურად მყარდება დიქტატურა - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. ოპოზიციის თქმით, ეს არის რუსული პროექტი და პირადად ბიძინა ივანიშვილის შურისძიება. ნიკა გვარამიას თანამოაზრეები, მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები გამოკითხვის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ.   

"რუსთავი 2" - ის ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც აფასებს. სულხან სალაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ  პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები. მისი აზრით, გამოძიებამ საზოგადოებას საქმის ირგვლივ მეტი ინფორმაცია უნდდა მიაწოდოს. 

"გამოძიებამ მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას და ყველაფერი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. აუცილებელია, რომ ამ საქმემ არ მიიღოს პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმა.  ყველა კითხვაზე იყოს პასუხი გაცემული, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან და არ დაგვრჩეს განცდა,რომ ეს პროცესი ატარებს პოლიტიკურად მოტივირებული საქმის ნიშნებს და არა რეალურად სამართლებრივ საქმეს“-აცხადებს სალაძე. 

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ რთულია კონკრეტულად საქმის ირგვლივ მტკიცებულებით ფორმაში რაიმეზე საუბარი. მისი აზრით, არის თუ არა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, ამას საქმის განვითარება გვიჩვენებს. გამომდინარე იქიდან გვარამიასთან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმეები ერთმანეთს დროში ემთხვევა, ეჭვების გაჩენა ლოგიკურია, ამიტომაც გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და კითხვის ნიშნები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს ორივე მხარე პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენებს. 

„გვარამიას ირგვლივ საზოგადოებას  რაც უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება, კითხვებიც ნაკლები გაჩნდება. მე როგორც იურისტისთვის რთულია წინასწარ რამე დასკვნების გამოტანა, მაგრამ ეს თემა, რომ პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენებული არ იყოს, გამოძიების ინტერესებშივე უნდა შედიოდეს, რომ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება მოხდეს. 

ყველაფერი დამოკიდებული მოვლენების განვითარებაზე იქნება. აქ საუბარი ხომ ვიღაცაზე   არ არის, რომ ინტერესი და ეჭვები არ გაჩნდეს. გვარამია იყო ქვეყნის განათლების, იუსტიციის მინისტრი და მთავარი გენერალური პროკურორი. ამიტომაც საზოგადოება ახლა მის გარშემო მიმდინარე ყველა მოქმედებას ეჭვის თვალით უყურებს. ჩვენს ქვეყანაში, რომ სამართალს პოლიტიკური შურისძიების ბერკეტად ხშირად იყენებენ, ეს არ ახალია. ამიტმაც ხელისუფლებას, რომ დავუჯეროთ, მეტი გამჭვირვალობისკენ მოვუწოდებ“, - აცხადებს ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×