იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან“ ინტერვიუში ნიკა გვარამიას და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ამბობს, რომ რთულია კონკრეტულად საქმის ირგვლივ მტკიცებულებით ფორმაში რაიმეზე საუბარი. არის თუ არა ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებული, საქმის განვითარება და მომავალი გვიჩვენებს. რადგან გვარამიასთან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმეები ერთმანეთს დროში ემთხვევა, ეჭვების გაჩენა ლოგიკურია, ამიტომაც გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ პროცესები გამჭვირვალედ წარიმართოს და კითხვები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ საქმეს ორივე მხარე პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოიყენებს.
„რეზონანსი“: გვარამია ამბობს, რომ მასზე პოლიტიკური დევნა დაიწყო. არსებობს ამის საფუძვლიანი ეჭვი?
ლია მუხაშავრია: იმის მიხედვით რა შედეგი დადგება, შეიძლება ვიმსჯელოთ არ ის თუ არა ეს პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული. ჯერჯერობით, რა ინფორმაციაც მაქვს და რასაც ვუყურებ, რაიმე კონკრეტულზე საუბარი როგორც იურისტს გამიჭირდება. ველი, რომ გამოძიება უფრო მეტს იტყვის და პროცესები გამჭვირვალე იქნება. ამის შემდეგ რაიმეს საუბარი მტკიცებით ფორმაში კიდევ შესაძლებელი გახდება.
„რ“: თქვენთვის ეს პროცესები დროში ერთმანეთს საეჭვოდა არ ემთხვევა. „რუსთავი 2“-ს ახალი მფლობელი ჰყავს და ერთდროულად შედის პროკურატურა ტელეკომპანიაში გარკვეული დოკუმენტების ამოსაღებად და გვარამიას იბარებენ დაკითხვაზე. მისი პოლიტიკური აქტივობა და ხელისუფლებასთან მუდმივად დაპირისპირება ეჭვს არ აჩენს?
ლ.მ: რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ასეთი ეჭვები და ვარაუდები ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე იურისტი ვარ და მეტი ინფორმაცია მჭირდება. მხოლოდ ვარაუდების საფუძველზე რამის თქმა ჭირს. ამიტომაც ველი, რომ პროკურატურა უფრო გამჭვირვალე იქნება, ვიდრე ახლა არის. ეს ხომ რიგითი საქმე და რიგითი ადამიანის მიმართ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები არ არის. გვარამია ერთ დროს გენერალური პროკურორი, განათლების და იუსტიციის მინისტრი იყო. ასევე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მეტ საბაბს აძლევს საზოგადოებას, რომ პროკურატურის მოქმედებებში ეჭვი შეიტანოს.
„რ“: რა მოლოდინი გაქვთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. არსებობს სხვადასხვა ვერსიები, რომ შესაძლოა უბრალოდ ტელეკომპანიის გაკოტრება მოხდეს. რაც პროკურატურას გვარამიას წინააღმდეგ დევნის კიდევ უფრო მყარ საფუძველს მისცემს...
ლ.მ: დვალი და აქიმიძეც აცხადებდნენ, რომ კომპანიას გარკვეული პრობლემები ბოლო დროს ჰქონდა. თავად გვარამიაც ამბობდა, რომ მიმდინარეობდა მცდელობა, ტელეკომპანიის ხელოვნურად გაკოტრების და მისი დახურვის. არ არის გამორიცხული, რომ რეალურად ფინანსური პრობლემები არსებობდეს. თუმცა გასარკვევია, ეს რამდენად რეალურია. თუმცა ვიცით, რომ „რუსთავი 2“-ს სახელმწიფომ მილიონობით ვალები ჩამოაწერა. ყველაზე დიდი ვალები ჰქონდა, მაგრამ ყველაზე მარტივდ ჩამოიწერა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ვალები კიდევ არსებობდეს.
„რ“: 20 ივნისის აქციების შემდეგ, საზოგადოების ნაწილს და ოპოზიციასაც აქვს განცდა, რომ ქვეყანაში პროცესები დიქტატურისა და რეპრესიებისკენ მიდის. დაკავებულია აქციის 19 მონაწილე და მათ შორის ოპოზიციის წევრები. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად შეიცვალა თუ არა ხელისუფლების ქმედებები ივნისის აქციების შემდეგ?
ლ.მ: ისტორიამ გვაჩვენა უკვე, რომ მსგავსი აქციების შემდეგ, ხელისუფლება საზოგადოების და საკუთარი მოსახლეობის ტერორს და დაშინებას იწყებს. მგონია, რომ 20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება ძალადობრივი მართვის მეთოდებზე გადავიდა. არ გამოვრიცხავ, რომ ყველა ეს დაკავება ამის ადეკვატური ასახვა იყოს. სამწუხაროდ არ არის გამორიცხული, რომ დაკავებები გაგრძელდეს და პასუხისგებაში უფრო ბევრი ადამიანი მიეცეს. ხელისუფლებას ახლა აღარაფერი დარჩენია გარდა ანგარიშსწორებისა და უკანონო მოქმედებებისა. მაგრამ როგორც სრულდება ხელისუფლებისთვის ასეთი ქმედებები, ესეც გვაქვს ნანახი.
„რ“: როგორც ცნობილია შემოდგომაზე შესაძლოა ორი ახალი მედია საშუალება ვიხილოთ. ერთის გახსნას ნიკა გვარამია აპირებს, მეორესას კი დავით კეზერაშვილი. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში რა ახალი რელობა შეიძლება შეიქმნას?
ლ.მ: გვარამიას რომ შესაძლებოდა ახალი სატელევიზიო არხის გაკეთება, აქამდე გააკეთებდა. ის ორი წლის წინ ღიად აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები არსებობდა და მისი დახურვა სურდათ. თუ კი მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მისი პარალელურად გაკეთება შეეძლო. მეჩვენება, რომ გვარამიას მედიაზე ამოფარების მცდელობა აქვს. ის იმაშიც გვარწმუნებდა, რომ ისეთი კონტრაქტი ჰქონდა დადებული, რომ მისი გათავისუფლება შეუძლებელი იქნებოდა. ახლა გვემუქრება, რომ ახალი ტელევიზიის შექმნას აპირებს. არ მგონია მას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური თამაში მგონია.
რაც შეეხება კეზერაშვილის დაანონსებულ ტელევიზიას, როგორც ვხედავთ „რუსთავი 2“-ის მეპატრონის ცვლილებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ტელეკომპანია, როგორც ბერკეტი, ხელიდან გამოაცალა. ახლა ისინი შეეცდებიან, რომ როგორმე ეს დანაკლისი აინაზღაურონ. არ მგონია, რომ ეს ტელევიზიები ასე სწრაფად დაიწყებენ ფუნქციონირებას და ისეთივე რეიტინგი და ეფექტი ექნებათ, როგორც „რუსთავი 2“-ს. ეს იქნება დროში გაწელილი საკმაოდ რთული პროცესი.