(რეზონანსი)საქართველოს საერთო სასამართლოების ქალ მოსამართლეთა მიერ „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაცია" დაფუძნდა. ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.
ასოციაცია საერთო სასამართლოების ქალ მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებაა და მის ძირითად მიზნებს წარმოადგენს სასამართლო სისტემაში გენდერული მგრძნობელობის საკითხებისა და ქალ მოსამართლეთა როლის გააქტიურება; სასამართლოს სისტემის, სამოსამართლო საქმიანობისათვის მხარდაჭერა და ხელის შეწყობა; მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, ხელშეუვალობის, მიუკერძოებლობის დაცვა; სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლება.
ასოციაცია ხელს შეუწყობს ქალ მოსამართლეთა ჩართულობას მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხების განხილვაში. საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოსამართლო თანამდებობებზე ქალები უმრავლესობას წარმოადგენენ და მათ აქვთ შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიანთი აქტიურობა მიმართონ საზოგადოების ნდობის ამაღლებაზე სასამართლო სისტემისადმი
დღეის მდგომარეობით მსოფლიოს 52 ქვეყანაში დაფუძნებულია ქალ მოსამართლეთა ასოციაცია, რომელიც გაერთიანებულია მსოფლიო ქალ მოსამართლეთა ასოციაციაში. მსოფლიო ქალ მოსამართლეთა ასოციაცია უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს ქალ მოსამართლეებს შორის მართლმსაჯულების აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გაცვლისთვის.
დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის" საერთო კრება ჩატარდა. ასოციაციის თავმჯდომარედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე აირჩიეს.