„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი, უკვე ნაცნობი და აბსოლუტურად არადამაჯერებელი მცდელობაა აფხაზეთის იზოლირებისა. არ გამოვა. ძალღი იყეფება, ქარვანი მიდის", - ასე შეაფასა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ სოხუმის აეროპორტის აღდგენის ინიციატივა, რაზეც ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველოს თანხმობის გარეშე საერთაშორისო მიმოსვლის დაწყება შეუძლებელი იქნება აფხაზეთის აეროპორტიდან.
ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე 29 ივლისს დაწერა.
ამჟამად, რუსი ინვესტორი აფხაზეთის აეროპორტში საპროექტო სამუშაოებს აწარმოებს, რომელიც მომდევნო თვის ბოლოს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" ავრცელებს.
აფხაზური მედიით ცნობით, 26 ივლისს დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტის სტატუსისა და აფხაზეთის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დოკუმენტი უკვე მიიღო.
"იგულისხმება ის, რომ იქ განთავსდება როგორც სამოქალაქო ავიაცია, ასევე, სახელმწიფო ავიაცია - ეს არის სამხედრო ავიაცია, საგანგებო სიტუაციების სამსახური, სანიტარული ავიაცია", - აცხადებს დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა.
შეგახსენებთ, რომ სოხუმის აეროპორტი საქართველომ დაკეტა 1993 წელს. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. ამასთან, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს.
სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და მისი ფუნქციონირების განახლების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) განმარტა, რომ საქართველოს ნებართვის გარეშე, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება. ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ საერთაშორისო ფრენებზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველომ, ისევე როგორც ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა უნდა უზრუნველყოს ქართულმა მხარემ.
„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე", - ნათქვამია GCAA-ს განცხადებაში.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-მ 2006 წელს სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ საკუთარი დოკუმნეტებიდან, რის შემდეგაც სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
ცნობისთვის, სოხუმის აეროპორტის აღდგენას 2011 და 2014 წლებშიც აპირებდნენ, მაგრამ 2015 წელს სეპარატისტული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთს არ აქვს იმის საშუალება, რომ დააფინანსოს სოხუმის აეროპორტის აღდგენა.