(რეზონანსი) „სანამ სამსახურში გამოვიდოდი, ამ კომენტარებზე ბევრი ვიტირე. ცუდად ვიყავი, ემოციური ვარ და ძალიან ვინერვიულე. მაგრამ აქ გამოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც დავინახე ასეთი სამსახური, ასეთი კარგი გარემო, უფროსები, მაშველები" - ამბობს ნინო, რომელიც ბათუმის სანაპიროზე მაშველად მუშაობს.
მაშველი გოგონები აჭარაში წელს გამოჩნდნენ. ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი გამოხმაურებები მოჰყვა.
გოგონები ამბობენ, რომ სირთულეებმა მათ მოტივაცია შემატა, რათა დაემტკიცებინათ ყველსათვის, რომ იმ კომენტარების ღირსი არ იყვნენ.
„მესმის, რომ ხალხს უნდოდა ენახა სერიალ მაშველის გმირები. უნდოდათ ჩვენც ისე ჩაგვეცვა და ამ ფორმების გამო გაგვაკრიტიკეს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მსახიობები, ჩვენ ვართ ქალი მაშველები ბათუმიდან და ეს უნდა გაითვალისწინონ"- ამბობენ მაშველი გოგონები.
მაშველ გოგონებთან ინტერვიუ on.ge-მ ჩაწერა.