ელზა პაპოშვილი
03.08.2019

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება ყურადღება მედიის მიმართ. განსაკუთრებით იმის გათავლისწინებით, რომ სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავის 2“-ის დასაკუთრებაში ქიბარ ხალვაშს მწვანე შუქი აუნთო. უკვე დაანონსდა, რომ შემოდგომისთვის ორი ახალი ტელევიზია იხსნება, ორივე  გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით. ყოველ შემთხვევაში ნიკა გვარამიამ და დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიების შექმნის შესახებ საჯარო განცხადებები უკვე გააკეთეს. 

როგორც ცნობილია გვარამიას და კეზერაშვილის თანამშრომლობა არ მოხდება, თუმცა ორივე მათგანი, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების გადაბირებას ეცდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ დავით კეზერაშვლის მიერ დაანონსებულ ტელევიზიაში „ფორმულა კრეატივის“ ჯგუფი და მიშა მშვილდაძე გადავლენ. 

ანალიტიკოსები კი დაანონსებულ ახალ ტელევიზიებს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ არჩევნებამდე ერთ წლით ადრე, „რუსთავი 2“-ის მსგავსი ტელევიზიების გაკეთება რთულად წარმოსადგენია. მითუმეტეს ეს არ იქნება დამოუკიდებელი და კონკრეტული პარტიების დღის წესრიგზე  მორგებული მედიები. მათი პოტენციური დამფუძნებლების საჯარო განცხადებებით ამ დაანონსებული ტელევიზიებიდან ერთი „ნაცმოძრაობასთან“ იქნება აფილირებული, მეორე კი „ევროპულ საქართველოსთან.“

ცნობილია ორი კონკრეტული გვარიც, რომლებიც ახალ მედია საშუალებებს დააფინანსებენ. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვარამიას ტელევიზია „იბერიას“ ბაზაზე შეიქმნება. თავად ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ახალი არხის დაფინანსების პროცესში მონაწილეობის სურვილი „იბერია ბიზნესჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა გამოთქვა, ხოლო „ფორმულა კრეატივის“ ბაზაზე ტელევიზიას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი შექმნის. ორივე პირი ხელისუფლებასთან დაპირისპირებულია, ამიტომაც ანალიტიკოსები მოელიან, რომ ახალი ტელევიზიები „რუსთავი 2“-ის ჩანაცვლებას შეეცდებიან.  ხოლო მათ არჩევნებისთვის პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებენ. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ დიდი დროა საჭირო იმისთვის, რათა ახალმა ტელევიზიებმა ბაზარზე ნდობისა და რეიტინგის მოპოვება შეძლონ. ასევე ყველაზე რთული საკითხი სარეკლამო ბაზარზე დამკვიდრებაა. აქამდე სარეკლამო შემოსავლების 70%-ზე მეტი მხოლოდ „რუსთავი 2“ - სა და „იმედზე“ მოდიოდა. 

იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ახალი ტელევიზიების პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებს. ფიქრობს, რომ ეს მარტივი არ არის, მითუმეტეს საქართველოში, სადეც კონკურენცია დიდია, ბაზარი კი მცირე. ფიქრობს, გვარამიას რომ ახალი არხის გაკეთება შესძლებოდა, „რუსთავის 2“-ის პარალელურად გააკეთებდა, რადგან მოსალოდენლი რისკები საკმაოდ კარგად ჰქონდა გათცნობიერებული. 

„გვარამია ორი წლის წინ ღიად აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით გარკვეული საფრთხეები არსებობდა და მისი დახურვა სურდათ. თუ კი ამის შესაძლებლობა ჰქონდა, მისი პარალელურად გაკეთება შეეძლო. მეჩვენება, რომ გვარამიას მედიაზე ამოფარების მცდელობა აქვს. გვარწმუნებდა, რომ ისეთი კონტრაქტი ჰქონდა დადებული, ვერ გაათავისუფლებდბებ. ახლა გვემუქრება, რომ ახალ არხს ქმნის. არ მგონია, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს მხოლოდ პოლიტიკური თამაშია. 

რაც შეეხება კეზერაშვილის დაანონსებულ ტელევიზიას,  როგორც ვხედავთ „რუსთავი 2“-ის მეპატრონის ცვლილებამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს ტელეკომპანია, როგორც ბერკეტი, ხელიდან გამოაცალა. ახლა შეეცდებიან, როგორმე დანაკლისი აინაზღაურონ. არ მგონია, რომ ეს ტელევიზიები ასე სწრაფად დაიწყებენ ფუნქციონირებას და ისეთივე რეიტინგი და ეფექტი ექნებათ, როგორც „რუსთავი 2“-ს. ეს იქნება დროში გაწელილი საკმაოდ რთული პროცესი“, - აცხადებს მუხაშავრია „რეზონანსთან“. 

 ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ორივე დაანონსებული ტელევიზია პარტიულ დღის წესრიგს გაჰყვება. მისი თქმით, ბევრჯერ გვყოლია პოლიტიკური კუთვნილების მქონე მედიაები, რომლებიც საზოგადოებაში ნდობას ვერასდროს ინარჩუნებს.  მითუმეტეს ახალ ტელევიზიებს მაყურებლის მიზიდვა თავიდან ძალიან გაუჭირდებათ. ფიქრობს, კეზერაშვილის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ სარედაქციო პოლიტიკა უფრო თავისუფალი იყოს და ამის წინაპირობა არსებობს. სხვაგვარად არც „ევროპულ საქართველოს“ არა აქვს საზოგადოებაში დიდი რეიტინგი და მისი გაცხადებული სარედაქციო პოლიტიკა კი მედიის განვითარებას ხელს კიდევ უფრო შეუშლის. 

„დღეს მედია ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ამიტომაც ამ ტელევიზიებს თავის დამკვიდრება გაუჭირდებათ. ასე მარტივად მედიის შექმნა და რეიტინგის დადება არ ხდება. მითუმეტეს გვაქვს საკმაოდ მწირი სარეკლამო ბაზარი. ვიცით, რომ მედია დღეს ჩვენს ქვეყანაში მომგებიანი ბიზნესი არ არის. არ მგონია, რომ არჩევნებამდე რამე სერიოზული ტელეკომპანიები შექმნან, რომლებიც „რუსთავი 2“-ს ჩაანაცვლებენ. რა თქმა უნდა, კონკურენცია კარგია, რადგანაც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება, მაგრამ ძალიან დიდი ტექნიკური და ადამიანური რესურსია საჭირო იმისთვის, რომ რეიტინგული მედია შექმნა“, - აცხადებს კაკაჩია.   

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×