ია აბულაშვილი
04.08.2019

 "ისე, ოპოზიციას ვურჩევდი, ძალაუფლება ქუჩაში არ გდია, ის უნდა მოიპოვო, მაგრამ არა რევოლუციური გზით და სახელმწიფო გადატრიალებით, არამედ არჩევნების გზით. მათი შეცდომა იყო ნაადრევად რომ დაიწყეს ლაპარაკი, "ოცნება" დამთავრდაო," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც "მთელი კვირა" მიმდინარე მოვლნებზე ესაუბრა.

"მთელი კვირა": მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობის შეცვლას გეგმავს, სავარადოდ თანამდებობას დატოვებს პრემიერ-მინისტრიც.

იგორ კვესელავა: მთავრობის შეცვლის საკითხი ლეგიტიმური ხდება მაშინ, როცა ქვეყანაში არის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, თუმცა, ჩემი აზრით, დღეს შექმინილ ვითარებას ეს ვერ უშველის, თუ მთლიანად სისტემა არ შეიცვალა. რაც შეეხება ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებს, როგორც წინა, ასევე "ოცნების" ხელისუფლებამაც ვერ შესძლო ქვეყანაში შეექმნა საშუალო ფენა. შეცდომა იყო საკადრო პოლიტიკა.

მინისტრები არაკომპეტენტურ განცხადებებს აკეთებენ, თურმე 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ყოფილა მაშინ, როცა ლარის კურსი კატასტროფულ ნიშნულს მიუახლოვდა, ჩვენი ხელფასები კი მთლიანად გაუფასურდა. არ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი უნდა შეიცვალოს - ვინც თავის საქმეს კარგად აკეთებს, უნდა მიეცეს საშუალება დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანონ, მაგრამ მინისტრების ის კატეგორია, რომლებიც ყველა მთავრობაში იყვნენ, ერთი კალოშით რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და ცდილობდნენ ბევრი კალოშები დააგროვონ, ისევ ერთი კალოშის ანაბარა რომ არ დარჩნენ, იმათ უნდა დაემშვიდობო. ვინც დარჩება ან ახალი მოვა, ისინი უნდა გააკონტროლო, ეს ფუნქცია აქვს პარლამენტს, მაგრამ სამწუხაროდ თავად პარლამენტია გასაკონტროლებელი.

"მ.კ": ახალი მთავრობის შესაქმნელად სად იპოვნის ბიძინა ივანიშვილი ამდენ დიმიტრი გელოვანს, განათლებულს, პატიოსან, კარგი ოჯახისშვილს...

ი.კ: საქართველოში პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი ძალიან ბევრია და მათი პოვნა არ გაჭირდება. ყველაფერში რომ ევროპას ბაძავენ, იმაში მიბაძონ ასეთ ხალხს სამეცნიერო წრეებში რომ ეძებენ. მთელს მსოფლიოში ჭკუას მეცნიერებს ეკითხებიან, საქართველოს გარდა.

"მ.კ": ივანიშვილი რომ დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად და მან აიღოს პასუხისმგებლობა, ამაზე რას იტყოდით; არის ასეთი მოსაზრებაც, დაბრუნდეს და შეასრულოს დანაპირები, რომელიც ერთი წლის წინ ხალხს მისცაო...

ი.კ: თქვენ როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა ხდება ქვეყანაში? ის ძალიან ჭკვიანი კაცია და ძალიან ბევრს ფიქრობს როგორც ქვეყნის ბედზე, ისე საკუთარ ხვალინდელ დღეზე. მაგრამ ამ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადაგამს, თუ ექნება მყარი გარანტია, რომ შედეგი აუცილებლად იქნება. რაც შეეხება დაპირებებს, მეც ვფიქრობ, რომ არ იყო საჭირო ამდენი დაპირების გაცემა, 100 საწარმოს შევქმნითო, სად არის 100 საწარმო? იმდენი უნდა დაპირდე ხალხს, რამდენის გაკეთებასაც შეძლებ.

"მ.კ": ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შემოდგომაზე საპროტეტსო მუხტი უფრო მძლავრი გახდება და პოლიტიკურ მოთხოვნებს სოციალური მოთხოვნებიც დაემატება.

ი.კ: სოციალურ თემებზე პროტესტი საქართველოს ტრადიცია არ არის, ქარველი კაცი სოციალური მოთხოვნებით ქუჩაში ხელკეტით ჯერ არ გამოსულა, მაგრამ არჩევნებში რომ ამდენი ხალხი ხმას არ გაძლევს, ეს პროტესტის გამოხატულება არ არის? ისე, ოპოზიციას ვურჩევდი, ძალაუფლება ქუჩაში არ გდია, ის უნდა მოიპოვო, მაგრამ არა რევოლუციური გზით და სახელმწიფო გადატრიალებით, არამედ არჩევნების გზით. მათი შეცდომა იყო ნაადრევად რომ დაიწყეს ლაპარაკი, "ოცნება" დამთავრდაო. მინდა ვუთხრა, რომ "ოცნების" გარდაცვალებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და ის კიდევ გაშლის ფრთებს, ეს არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამოჩნდება.

"მ.კ": ოპოზიციაში იმასაც აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობასაც დაარღვევს, ქვეყანაში ან ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ან 2020 წელს არჩევნები ისევ შერეული სისტემით ჩატარდებაო.

ი.კ: პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კარგად გათვლილი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან და ამაზეც ალბათ ბევრი იფიქრა ივანიშვილმა. არავითარი ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში არ დაინიშნება და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. მართალია, "ოცნება" უმრავლესობით ვერ მოვა, 60%-ს ის ვეღარ აიღებს, დაახლოებით 30-35%-ს აიღებს, მაგრამ პარლმენტში შესულ პარტიებთან, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად შექმნის კოალიციას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მომავალ პარლამენტში დაახლოებით 10-ზე მეტი პარტია შევა, რა თქმა უნდა ბაჩუკი ქარდავა და დავითაია 13 ათას ხმას ვერ მოაგროვებენ. "ნაციონალები" და "ევროპული საქართველო" შევლენ, თუცმა არ ხმათა იმ რაოდენობით, რომელიც აქამდე ჰქონდათ. ვერც ერთობას შექმნიან, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ხის სხვადასხვა ტოტია, რადგან "ევროპული საქართველოს" ტოტი იზრდება, "ნაციონალების" კი არა. მათ ლიდერის სააკაშვილის პერსპექტივასაც ვერ ვხედავ, ვერც საქართველს და ვერც უკრაინის პოლიტიკაში. ზელენსკი, როგორც ჩანს, ძალიან ჭკვიანი გამოდგა.

"მ.კ": იმასაც ამბობენ, რომ საარჩევნოდ ახალი პარტიები და მოძრაობები გაჩნდება, ხაზარაძემ უკვე დაანონსა, რომ შემოდგომაზე ახალ მოძრაობას ქმნის.

ი.კ: სავარაუდოდ ასეც იქნება. საიდუმლოს გაგიმხელთ, უახლოეს მომავალში შექმნება ახალი მოძრაობა, პირობითად შეიძლება დაერქვას "ყველა თაობა საქართველოსთვის", სადაც ყველა თაობის ადამიანი შევა, ცნობილი სახეები, ინტელიგენცია, მეცნიერები, იურისტები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები. დარწმუნებული ვარ, ისინი თავის სიტყვას იტყვიან ქართულ პოლიტიკაში.

"მ.კ": პარტიებთან და მოძრაობებთან ერთად საარჩევნოდ ქართულ მედიაშიც ტელევიზიის ბუმი შეინიშნება. მაგალითად, ახალ ტელევიზიას ქმნის გვარამია, ცალკე კეზერაშვილი.

ი.კ: გვარამიას ახალ ტელევიზიაზე რა მოგახსენოთ, გვარმიას დიდი ალბათობით დაიჭერენ, რადგან "რუსთავი 2"-ში ძალიან სერიოზული ფინანსური დარღვევებია და ეს ტელევიზია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც აქამდე იყო. პირადად მე ეს არხი ჩინელ ხუნვეიბინებს მაგონებდა. იყო ასეთი მოძრაობა ჩინეთში, კომუნისტების დროს, კულტურული რევოლუციის მიმდევრები იყვნენ და ანგრევდნენ ჩინეთის განვითარებას, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც კი აიყოლიეს.

რაც შეეხება კეზერაშვილს, ის დღეს ძებნაშია და მის მიმართ ქართულ მართლმსაჯულებას უამრვი კითხვა აქვს. ჯერ მან ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი და სამომავალო გეგმებზე განცხადებები შემდეგ უნდა გაკეთოს. მაგრამ კეზერაშვილი უჭკუო ადამიანი არ არის, მან უბრალოდ მოსინჯა სიტუაცია, რა რეაქცია ექნებოდა ხელისუფლებას და საზოგადოებას, რომელსაც კარგად ახსოვს მისი წარსული და ვის რეჟიმს ემსაუხრებოდა. ტელევიზიის შექმნას უნდა ფული, რაც აქვს კეზერაშვილს, ბაჩუკი ქარდავასაც რომ ქონდეს ფული, ისიც გახსნიდა ტელევიზიას, ამიტომ გამორიცხული არ არის უცხოელ პარტნიორებთან ერთად მართლაც გააკეთოს ტელევიზია ისე, რომ თავად არ გამოჩნდეს, მაგრამ მერწმუნეთ, კეზერაშვილის ტელევიზია საქართველოში მასებს ვერ აიყოლიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×