“მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ რეკლამის შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ, ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ“
ელზა პაპოშვილი
05.08.2019

 მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციების მესამე რაუნდს იწყებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, კონსტიტუციაში შევა ცვლილებები, რომლის თანახმად არჩევნები ჩატარდება პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით 2020 წელს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციის და მესამე სექტორის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. „რეზონანსთან" საუბარში ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პარალელურად, საარჩევნო კანონმდებლობაში ისეთი მუხლების ჩადებას გეგმავს, რაც პარტიებს არათანაბარ პირობებში აყენებს.

მათი თქმით, იგეგმება საარჩევნო სისტემაში ცვლილებები, რომელიც განსხვავებული აზრის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. საუბარია სარეკლამო ვიდეო რგოლებში ნეგატიური ინფორმაციის შეზღუდვაზე. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობას დიქტატის ქვეშ განსაზღვრავს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ოპოზიციის მსგავსად მოცემულ საკანონმდებლო ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ. მათი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებები კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი კრიტიკის მიზეზად საარჩევნო რეკლამების შინაარსის რეგულაციას ასახელებენ, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად მიაჩნიათ. ასევე მათთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში პარტიის დაფინანსება გაიზრდება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ: „2024 წელს უნდა გადავსულიყავით არჩევნების სრულად პროპორციულ სისტემაზე, თუმცა, ცხოვრებამ ამ ვადებში კორექტივები შეიტანა ...შეიცვლება პარტიების დაფინანსების სისტემა უფრო სამართლიანი და ობიექტური მოდელით, სადაც პარტია, რომელიც თუნდაც ერთ მანდატს მოიპოვებს პარლამენტში, დაფინანსებას მიიღებს არჩევნებში მოპოვებული ხმების შესაბამისად, ახალი, გამჭვირვალე და მარტივად გასაგები ფორმულით; მცირე პარტიები მიიღებენ შედარებით მეტ დაფინანსებას;

პარლამენტში შესული პარტია, რომელსაც არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში ყოველ სამეულში ერთი კანდიდატი განსხვავებული სქესის ეყოლება - კვლავაც მიიღებს 30%-იან დანამატს;

უფასო საეთერო დრო სამართლიანად, თანაბრად განაწილდება პოლიტიკურ პარტიებზე. დაუშვებელი იქნება ერთი პარტიის მიერ საკუთარი დროის გადაცემა სხვა პარტიისთვის. სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა იქნება თანაბრად ხელმისაწვდომი,"- განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომაარის განცხადებითვე, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე ქვედა დონის საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება 13 წევრისგან, რომელთაგან 7 წევრს კომისიაში პოლიტიკური პარტიები შეიყვანენ ისე, რომ ოპოზიციას გარანტირებულად ექნება მეტი ადგილი კომისიებში, ვიდრე მმართველ პარტიას.

წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობა და კონტროლი იქნება უფრო ეფექტიანი, გამჭვირვალე და ნაკლებ ბიუროკრატიული.

მისივე თქმით, პარტიის რეგისტრაცია 2020 წლის არჩევნებისთვის შესაძლებელი იქნება 5000 მხარდამჭერის ხელმოწერით, ხოლო მხარდამჭერთა სიების გადამოწმების მექანიზმი გამარტივდება.

სხვა ცვლილებებთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, დარეგულირდება ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესი: ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ბათილად მიჩნეული, თუ მონიშნული არ იქნება არცერთი / ან მონიშნული იქნება ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტი.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოამზადა ისეთი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკულად წინა არჩევნებზე რაც კი მათ პრობლემის სახით ჰქონდა ოპოზიციისგან. ამიტომ, დასხდნენ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ეს პრობლემები და ხვრელები ამოავსეს, რომელიც ოპოზიციას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევდა საარჩევნო კამპანიის დროს. მათი აზრით, ახლა ხელისუფლებამ ბევრად უფრო დამძიმებული საარჩევნო გარემო შესთავაზა.

დაფინანსება, სარეკლამო დრო, ცესკოს დაკომპლექტების წესი - ეს ის ჩამონათვალია, რომელსაც საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროცესში დეპუტატი ეკა ბესელია პრინციპულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისია იმგვარად დაკომპლექტდეს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ იყვნენ დომინანტები.

„ძალიან პრინციპული საკითხია, რომ მმართველ პარტიას არ ჰქონდეს სრული დომინანტი და იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური ძალები, იმისთვის, რომ დემოკრატიული გარემო მივიღოთ.

ამ პაკეტში არის საკმაოდ ბევრი ცვლილება, რომელიც კონსტიტუციურ ცვლილებას საერთოდ ცდება და საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო აუარესებს. არ არის ბლოკებთან დაკავშირებით ჩანაწერი. რამდენიმე პრინციპული რეკომენდაციაა, რომელიც აქვს ეუთოს ოდირს და ევროსაბჭოს და ამ რეკომენდაციების გაზიარება იქნება მნიშვნელოვანი," - აცხადებს ბესელია.

მნიშვნელოვანი ცვლილება შედის პარტიების დაფინანსების წესშიც. თუ აქამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტია დაფინანსებას მიღებული პროცენტული მაჩვენებლით იღებდა. ახალი წესით, ახლა დაფინანსება იმ ხმების რაოდენობით განისაზღვრება, რომელსაც პარტია არჩევნებში მიიღებს.

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე „რეზონანსთან" აბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა საარჩევნო სისტემის ცვლიილებაში ის არის, რომ სიძულვილის ენის განმარტების გარეშე, ასთი შეზღუდვის შემოტანა საფრთხეს სიტყვის თავისუფლებას უქმნის.

„პრობლემური ცვლილებაა განსხვავებით დაფინანსებისაგან, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. ვხედავთ დიდ საფრთხეს სიძულვილის ენის განმარტების გარეშე აკრძალვის შემოტანის შემთხვევაში, ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს არსებულ სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე.

"გარდა ამისა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც 30% განსხვავებული სქესის სიაში შეყვანის შემთხვევაში დაფინანსებაზეა მიბმული, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული,"-აცხადებს სულხან სალაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი კი ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა. მისი აზრით, ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნებათ მედიაორგანიზაციებსაც.

„ზოგიერთი არსებული რეგულაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ამ ვერსიაში, მათ შორის მედიისთვისაც. მედიას გაუმკაცრდა რეგულაციები არჩევნების კუთხით, აქ საუბარია, რომ სარეკლამო ტარიფების დადგენა მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ რეკლამების შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ, ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ,"-ამბობს ნატროშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×