ლარის გამყარების მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. რა მოცემულობაც დღეს ქვეყანას ლარის კურსთან დაკავშირებით აქვს, ფაქტობრივად გაუფასურებას უდრის და ეს ყველაზე ნათლად სამომხმარებლო ბაზრებზე აისახება. რეალური სტაბილურობის მისაღწევად კურსი, მინიმუმ, 2,80-ზე უნდა ჩამოვიდეს, რის საფუძველიც ამ ეტაპზე არ არსებობს. ფასები მატულობს და სულ ახლახან დისტრიბუტორებმა პროდუქტის მორიგი გაძვირებაც დაანონსეს, ფასების ზრდაზე ალაპარაკდნენ ნავთობის იმპორტიორები და სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებიც.
როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, რამდენიმე პუნქტით გამყარება ვერაფერს შეცვლის და საბოლოოდ ეს ფასების მასშტაბურ ზრდას და გადასახადების გაძვირებას გამოიწვევს.
ამ ეტაპზე ლარის კურსი 2,90-ის ფარგლებშია. სულ ცოტა ხნის წინ თითქმის 3,0-იან ნიშნულს აღწევდა. მისი გამყარების ყველა მცდელობა ეკონომიკისთვის მოგონილი სტაბილურობაა, რაც ქვეყანას მოსალოდნელი რისკისგან ვერ დაიცავს.
მთავრობაც აღიარებს, რომ ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული და არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს ეკონომიკაში, რომ ლარი გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს გაუფასურებული, თუმცა არც გამყარების შესაძლებლობა ჩანს.
ქვეყანაში სავალუტო კრიზისია და ეს არის რეალობა. როგორ განვითარდება მოვლენები, საითკენ აიღებს კურსი გეზს და რა მაჩვენებელზე დასტაბილურდება, ჯერ კიდევ უცნობია. გუშინდელი ვაჭრობით თუ ვიმსჯელებთ, ლარი უახლოეს პერიოდში არათუ გამყარდება, პირიქით, გაუფასურებას გააგრძელებს.
სტატისტიკოსი სოსო არჩვაძის აზრით, ლარი თანდათან მიუახლოვდება მისი ობიექტური წონასწორობის ნიშნულს.
"დარწმუნებული ვარ, ეროვნული ვალუტა თანდათან მიუახლოვდება მისი ობიექტური წონასწორობის ნიშნულს, რომელიც თავისუფალი იქნება აჟიოტაჟური და უსაფუძვლო ნეგატიური მოლოდინების გავლენისაგან. ბოლო ორი დღის გამყარების ტენდენცია ამის დასტურია. ამაში დარწმუნებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც - იმ ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური ტენდენციებზე დაყრდნობით, რომლებზეც ინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და ეროვნული ბანკი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლარის კურსზე მოქმედი მთავრობისა და ეროვნული ბანკის დროული და ქმედითი ღონისძიებების გატარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულის თაობაზე საზოგადოების დროულ და ობიექტურ ინფორმირებას. ეროვნული ვალუტა ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარია და მის იმიჯზე, კურსზე ზრუნვა არა მარტო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, არამედ ბიზნესისა და ზოგადად, მთელი საზოგადოების ღირსების საგანს უნდა წარმოადგენდეს“, - წერს არჩვაძე.
სპეციალისტების ნაწილი მთავრობისა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. საბანკო სფეროს ექსპერტი, ეროვნული ბანკის ყოფილი მაღალჩინოსანი ვაჟა კაპანაძე ლარის გაუფასურების მიზეზად ეკონომიკურ გარემოებებს გამორიცხავს და ამბობს, რომ პროცესი ადამიანური ფაქტორით არის განპირობებული.
,,ძნელია კურსთან დაკავშირებით პროგნოზი გააკეთო, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის დღევანდელი მმართველების პირობებში, რომელთაც საერთოდ არ აქვთ სტრატეგია. დღეს ერთს იძახიან და ხვალ - მეორეს, იმდენად უაზრო არგუმენტებს ვისმენ, რომ მგონია, ამ ხალხს ეკონომიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ავტორიტეტი დაკაგეს, ჩვენ გვყავს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა, რომელმაც საზოგადოების თვალში პატივისცემა და ფასი დაკარგა.
კომერციული ბანკები ნებაზე არიან მიშვებული, უამრავი ბერკეტი აქვთ, რომ კურსზე ზემოქმედება მოახდინონ. არ არის მთავრობასთან კოორდინაცია. აქედან გამომდინარე, შთაბეჭდილება მრჩება, რომ გვყავს საკუთარი კეთილდღეობისთვის მოღვაწე ადამიანები მთავრობასა და სებ-ში, ქვეყნის ინტერესი არავის ადარდებს. ადამიანური ფაქტორი უფრო მეტად დამნაშავეა ლარის გაუფასურებაში, ვიდრე ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. რით ვერ დაადგინეს, რა გახდა ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი, თითქოს არაამქვეყნიურ მოვლენებთან გვქონდეს საქმე!
ვერავინ გვეუბნება რა ხდება სინამდვილეში - კომერციული გარიგებებია, ხელოვნურად გაუფასურება თუ ეკონომიკური პრპოცესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, ასეთი ანალიზი ჯერჯერობით არავის გაუკეთებიათ და ვატყობ, რომ არც აპირებენ. ძნელი სათქმელია, ამ მაჩვენებლზე დარჩება თუ არა კურსი, რადგან არავინ იცის, ვის რა მოუვა თავში და რა ინიციატივებს გამოიჩენენ", - ამბობს ვაჟა კაპანაძე.
ფინანსისტი დავით წიქარიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აცხადებს, რომ ლარს არ აქვს გამყარების პერსპექტივა, რასაც იგი მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.
,,ახლა მთავარი ლარისთვის სტაბილურობა და შინაგანი რწმენაა, რამაც ეროვნული ვალუტის მდგრადობა უნდა განსაზღვროს. დღეს არც ერთი ფაქტორი ფაქტორი მუშაობს და არც - მეორე. ხარჯი გაზრდილია აბსოლუტურად ყველა მიმართულობით, განსაკუთრებით ბიუროკრატიული, რაც უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შემოდის ინვესტიციები, ქვეყანა ვერ ვითარდება. პრაქტიკულად, არაფერი ჩანს, რაც გვაფიქრებს, რომ ქვეყანა უკეთესობოისკენ მიდის.
მოსახლეობა უფრო მეტად ღარიბდება, ფასები მატულობს და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. ადრე თურქულ ლირას მიიჩნევდნენ ლარის გაუფასურების მიზეზად, ახლა რუსეთიდან ტურისტული ნაკადის შემცირებას, მაგრამ სინამდვილეში ტრაგიკული არაფერი ხდება. ეკონომიკური პრობლემები მოდის ცუდი მენეჯმენტის, დაუგეგმავი ბიუჯეტის, არამიზნობრივი ხარჯების გამო.
ბიუროკრატია არის სამჯერ შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. ლარის კურსი დღითი დღე უფასურდება და ამ პროცესის შეჩერების ვერანაირ მექანიზმს ვერ ვხედავ. უარესის მოლოდინი უნდა გვქონდეს, სტაბილურობისგან ძალიან შორს ვართ", - ამბობს წიქარიძე.
ლარის კურსის ბოლოდროინდელი დინამიკა აჩვენებს, რომ
ყოველი გაუფასურების მერე კურსი მაღლა-მაღლა მიცოცავს და მისი გამყარების ყველა მცდელობა ეკონომიკისთვის მოგონილი სტაბილურობაა, რაც ქვეყანას მოსალოდნელი რისკისგან ვერ დაიცავს.
რისკი კი, როგორც ეკონომისტი რამაზ გერლიანი ამბობს, საკმაოდ მრავალმხრივია.
,,ლარის გაუფასურება აზარალებს მოსახლეობას და იმ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებსაც იმპორტის მიმართულებით აქვთ კავშირები, განსაკუთრებით მათ, რომლებიც სავაჭრო ურთიერთოებს აწარმოებენ. ვისაც ვალდებულებები დოლარში აქვთ აღებული, ყველაზე მეტ პრობლემას აწყდებიან ლარის გაუფასურების გამო. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ კურსი კატასტროფულად დაეცა, რაღაც პერიოდში თითქოს გამყარდა, მაგრამ ისევ გაუფასურებსიკენ განაგრძო სვლა. ახლა გეზი თითქოს გამყარებისკენაა, მაგრამ ეს არ არის სტაბილურობა. ლარი რეალურად გაუფასურებულია და ამ რეალობას ჯერჯერობით ვერაფერი შეცვლის.
შესაძლოა, დროდადრო რაღაც გამყარება მოხდეს, მაგრამ სტაბილურობის შენარჩუნება კურსთან დაკავშირებით არადამაჯერებლად ჩანს. საბოლოოდ ალბათ, 3,0-იან ნიშნულთან გაჩერდება. ბიუჯეტში კი გაცვლითი კურსი 2,70-ია, რაც ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შექმნის. დანაკარგი გადაფრვა მოუწევთ მოქალაქეებს და ბიზნესს, რომლებმაც ამ შემთხვევაშიც იზარალეს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი.