პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. საუბარია ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.
ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის კუთხით მიმდინარეობს.
მათ წინააღმდეგ პროკურატურის გააქტიურება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნამ დააჩქარა. ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექს-პრემიერ, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს.
დააკავებენ თუ არა "ქართული ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსნებს, ჯერჯერობით უცნობია. გარდა ამისა, პროკურატურა იძიებს უკრაინულ კომპანია „ალტკომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ 47 მილიონი გადაუხადა, თუმცა „ალტკომმა" ვალდებულებები არ შეასრულა.
ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე „რუსთავი 2"-თან ამბობს, რომ ის მზად არის, გამოძიების კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხოს.
ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მასთან პროკურატურას კითხვები ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა, თუმცა ამბობს, რომ ის ამ ეტაპზე გამოკითხვაზე არ დაუბარებიათ.
რაც შეეხება ევროპის საინვესტიციო ბანკის დასკვნას, ალავიძე ამბობს რომ მას არ იცნობს.
„ერთი წლის წინ ვიყავი დაახლოებით და კითხვები ჰქონდათ და მივაწოდე ეს ინფორმაცია. დეტალებში არ შევალ, ამომწურავად გავეცი ყველაფერზე პასუხი, რაზეც კითხვები იყო და ეს იყო და ეს," - განაცხადა ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა „რუსთავი 2"-თან.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა მას ბრალი წაუყენონ ანდა დააკავონ, ზურაბ ალავიძე პასუხობს: „ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ეს ინფორმაცია, ეს უნდა შეეკითხოთ საგამოძიებო უწყებას. "ალტკომთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კარგად არ ვიცი, იმიტომ, რომ ჩემამდე მოხდა ეს ყველაფერი. ამიტომ, რაზეც არ მაქვს ინფორმაცია და დეტალები არ ვიცი, არ ვსაუბრობ შესაბამისად,"-განაცხადა ზურაბ ალავიძემ „რუსთავი 2"-თან.
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებს, ალავიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულებაც მის მინისტრობამდე გაფორმდა.
კითხვას - ჰქონდათ თუ არა გამომძიებლებს შეკითხვები ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ალავიძე არ პასუხობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს საქმე არის დაცლილი პოლიტიკური შინაარსისგან. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს არის სამართლებრივი პროცესი და ვერანაირი გუნდური კუთვნილება ვერ იქნება ხელის შემშლელი გამოძიებისთვის.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ ის მხარს მხოლოდ სიმართლის გარკვევას დაუჭერს. კაკულია ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და რეალურად კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვები გაიფანტოს.
„რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც კორუფციას უკავშირდება, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად მალე უნდა მოხდეს მისი ან დადასტურება, ან უარყოფა. ეს მხოლოდ გამოძიებას შეუძლია, მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს. მაგრამ, თუ ასეთი განცხადებები გაკეთდა, აქ პასუხი ერთადერთია, რომ ძალიან მალე უნდა იქნას ეს გამოძიებული. სამწუხაროდ... ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ტრაფარეტული აღარ იყოს ეს გამონათქვამი" - აცხადებს რომან კაკულია.