რუსეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები ივლისში მკვეთრად შემცირდა. მიუხედავაც ამისა, ზოგადი ტენდენცია მაინც მატებისკენაა და სტუმრების მლიანი რაოდენობა 1%-ით გაიზარდა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მოსალოდნელზე ბევრად ნაკლებია. კერძო სექტორი და სფეროს სპეციალისტები საზღვაო კურორტებზე დამსვენებლის განსაკუთრებულ სიმცირეზე საუბრობენ, რამაც ქვეყანა და ბიზნესიც მნიშვნელოვნად აზარალა.
2019 წლის ივლისში საქართველოში 1 099 474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570 482 შეადგინა, რაც 5 505-ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა 1%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.
უკვე სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ივლისში რუსეთიდან ვიზიტორების კლება გვაქვს. ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მე-2 კვარტალის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას დაადასტურა.
"ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები 4.5%-ით, ხოლო ტურისტულ ვიზიტებში 1%-იანი ზრდაა. ველოდით, რომ ეს თვე რეკორდული იქნებოდა და სტატისტიკა ორნიშნა მაჩვენებლით გაიზრდებოდა, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ეს ვერ მოხერხდა. ამიტომ ვეცადეთ, შესაძლო ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და შემცირების მიუხედავად პოზიტიურ ზრდის ტემპს ვინარჩუნებთ.
შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვთ. გაზრდილია რუსი სტუმრების შემოსვლის ტენდენცია სახმელეთო გზით და ასევე იყენებენ სატრანზიტო გზებს," -განაცხადა ქვრივიშვილმა.
რუსეთიდან ტურისტების კლების მიზეზი რომ პოლიტიკური არასტაბილურობა და ფრენების შეწყვეტაა, ისედაც ცალსახაა, მაგრამ კლების ტენდენციაა ისეთი ქვეყნებიდანაც, სადაც პარტნიორობა ორმხრივია. გაცილებით დიდია კლება ირანიდან და ინდოეთიდან. ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 60%-ით შემცირდა, 15,8%-ით არის დაკლებული ტურისტების რაოდენობა ინდოეთიდან.
სულ 2019 წლის ივლისში საქართველოში 13 437 ირანელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 21 ათასით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. რაც შეეხება ინდოეთს ამ ქვეყნიდან წელს 614-ით ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა.
საქართველოს, წლიდან წლამდე უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს და ამ ფონზე, ივლისში უმნიშვნელო, თუმცა მაინც მატება აღინიშნა. რა მდგომარეობაა, კონკრეტულად საზღვაო კურორტებზე, აჭარის ადგულობრივი ტურიზმის დეპარტამენტს იფორმაცია კვლავ არ აქვს. ,,ვიზუალური აღქმით თუ რამდენად შემცირდა ან გაიზარდა ტურისტთა ოდენობა, არ იქნება სწორი. სტატისტიკა გადამუშავების პროცესშია და ორ-სამ დღეში გვეცოდინება რამდენი უცხოელი სტუმარი ეწვია აჭარას ივლისის თვეში”, - განუცხადეს ,,ბიზნეს-რეზონანსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
ადგილობრივებმა კერძო სექტორმა კი ზუსტად იცის რამდენად შეუმცირდა ტურისტთა ოდენობა. ისინი საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ.
"როგორი მდგომარეობაა ტურისტული სეზონის თვალსაზრისით ქობულეთში? ამ კითხვის დასმა სასაცილოა, რადგან საქართველოში ტურისტული ბიზნესი საერთოდ ჩავარდა და აღარც არსებობს", - ასე აფასებს `ბიემთან~ საუბრისას ქობულეთში მდებარე მცირე სასტუმრო "სავანეს" მფლობელი თამილა ანთიძე.
ტურიზმის დეპარტამენტისGან განსხვავებით გაცილებით კონკრეტული მონაცემები აქვს "თიბისი კვლევას". მათი ინფორმაციით, ივლისის მეორე კვირაში, შარშანდელ შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსი ტურისტების რაოდენობა 21.4%-ით შემცირდა. თუკი თვის პირველ ნახევარში (სანამ პირდაპირი ფრენების აკრძალვა ძალაში შევიდოდა), საქართველოში 50 030 ტურისტი შემოვიდა, ივლისის ბოლო 2 კვირაში ტურისტების რაოდენობამ 41 423-მდე იკლო. თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 78.6%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება სახმელეთო გზით შემოსულ ტურისტებს, ივლისის პირველ კვირას მათი რაოდენობაც იკლებდა (1.6%-ით).
ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ ბაზრების დივერსიფიცირება ძალიან ხანგრძლივი პროცესია. ამ დროს კი ათვისებული ბაზრის ნაწილობრივ დაკარგვით კი საქართველოში ტურისტული სეზონი დიწილად ჩავარდა.
,,ტემპერამენტიანი სამხრეთელების გარდა, აბსოლუტურად ყველა, განსაკუთრებით კი ევროპელები და ამერიკელები მოგზაურობას დიდი ხნით ადრე გეგმავენ. უკვე საშობაოდ მთელ მაღალგანვითარებულ სამყაროში უკვე იციან სად წავლენ ზაფხულში და ამას მაისში და ივნისში წარმოებული საიმიჯო კამპანიებით ვერ შეცვლი. ვერც სოციალური ქსელის `ჰეშთეგებით~ მოპატიჟება იქნება მათთვის საინტერესო. ბაზრების დივერსიფიცირება, რეალურად ათწლეულის და ასეულობით მილიონის საქმეა.
ამ დროს ბაზარი, რომელიც უკვე ათვისებული იყო, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეების ტვინში გამჯდარი, ნაწილობრივ დაიკარგა და ამით, საზღვაო სეზონი თითქმის სრულად ჩავარდა. რეალობა შელამაზების გარეშე ასეთია. ახლა ჩვენ იმ ბაზარს ვეპოტინებით, რომელსაც სულ სხვა სტანდარტი და მოთხოვნები აქვს. მათ გამოწვევებს, სამწუხაროდ, ამ ეტაპამდე ვერ ვპასუხობთ“, - აცხადებს ,,ბიზნეს-რეზონანთან”