(რეზონანსი) მედიას დღესაც ევალება გადაამოწმოს, პარტიის მიერ მომზადებული კლიპი თავსებადია თუ არა კანონთან - იქნებ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება უნდა? - ეს განცხადება, საქართველო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იმ ცვლილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული.
სამოქალაქო სექტორი ცენზურაზე საუბრობს, სამუშაო ჯგუფის წევრი, ირაკლი კობახიძე კი ამბობს, რომ ახალი ცვლილებებით გამოხატვის თავისულებას არც მედიის და არც პოლიტიკური პარტიების ნაწილში საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მაუწყებლების მიმართ გარკვეულ შესაძლო შეზღუდვებს, კობახიძე აცხადებს, რომ სააგიტაციო მასალას ვიდრე ტელევიზია ეთერში გაუშვებს, უნდა იცოდეს მისი შინაარსი.
„ამ ეტაპზე მოვერიდეთ სანქციის დაწესებას. თუ იქნება გამოთქმული მოსაზრებები, ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ამ ეტაპზე გვაქვს ვალდებულება გაწერილი. დღესაც მოქალაქეთა გაერთიანება რომ ავიღოთ, მიდის ტელევიზიაში და აქვს კლიპი, რომელიც შეიძლება იყოს მთლიანად პორნოგრაფია, დღესაც ევალება მედიასაშუალებას გადაამოწმოს არის თუ არა ეს თავსებადი კანონთან და თუ გაუშვას. ესეც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, იქნებ უნდა იმ პარტიას პორნოგრაფიის გაშვება. ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება. გამოხატვის თავისუფლება არის ისიც, რომ პორნოგრაფიას არ ვუშვებთ ეთერში. აქ გამოხატვის თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება",- აღნიშნა კობახიძემ.