ახალი ნორმის 2021 წლიდან ამოქმედებით ეკოლოგიას ზიანი არ მიადგება, ხოლო მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება
ნინა გარდაფხაძე
06.08.2019

 2020 წლიდან დიზელი გაძვირდება. მიზეზი, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონია, რომელიც პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს და შედეგად, საქართველო სრულად "ევრო-5"-ის ტიპის დიზელზე გადავა. ოფიციალური მიზეზი, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაა, თუმცა არავითარი კველევა ამის შესახებ არ არსებობს. სამაგიეროდ ნათელია რომ შედეგი 10-15 თეთრით ფასის და რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა იქნება. იმპორტიორები, რეგულაციის 1 წლით გადავადებას ითხოვენ. 

31 ივლისს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მთავარი თემა 2020 წლის პირველი იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედების საკითხი იყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ეკონომისტები, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები და "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ხელმძღვანელობა. 

საუბარია იმაზე, რომ მთავრობის დადგენილებით, მომავალი წლიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის ტიპის საწვავის ხარისხობრივი ნორმები "ევრო-5"-ის სტანდარტის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მიმდინარე ეტაპზე კი, ქვეყანაში მოქმედი ხარისხობრივი ნორმები "ევრო-4"-ის შესაბამისია.

საქართველოში დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რომლის ხარისხობრივი მაჩვენებელი შეესაბამება "ევრო-4"-ის სტანდარტს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან დიზელის საწვავის იმპორტის განხორციელება ვეღარ მოხდება და აზერბაიჯანს სავარაუდოდ რუსეთი ჩაანაცვლებს, რომელიც სრულად შეეცდება აზერბაიჯანის 40%-იანი წილის ათვიდებას. 

საქართველოში მოძრავი ავტოპარკიდან გამომდინარე, იანვრიდან ასამოქმედებელი ახალი რეგულაცია რომ გარემოსათვის მნიშვნელოვანს სიკეთეს ვერ მოიტანს, ფაქტია. სამაგიეროდ, საქართველო მეტად მიებმება რუსეთს ეკონომიკურად და მოსახლოებას კი საწავავი აუცილებლად გაუძვირდება.

"ჰაბ ჯორჯიას" დირექტორი ვასო ურუშაძის თქმით, რეგულაცია არ ეფუძნება არავითარ კველვას და გაუგებარია, რატომ უღირს ხელისუფლებას, რუსეთზე მეტად "ჩამოკიდება" საწვავის იმპორტის კუთხით.

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ ცვლილებებზე, მკაფიო უნდა იყოს მიზანი და შედეგი. დღეს ჩვენ გვაქვს სურათი, როცა 2020 წლიდან საქართველოს მთავრობას სურს, რომ შემოიღოს "ევრო"-5-ის სტანდარტის რეგულაცია,  რაც გამოიწვევს უსერიოზულეს ცვლილებებს. კერძოდ, მთავარი სტრატეგული პარტნიორი, აზერბაიჯანი რჩება თამაშგარე და  ბუნებრივად და ავტომატურად ამ წილს რუსეთი ჩაანაცვლებს. ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს მთავარ სტრატეგიას - ბაზრის დივერსფიცირებას და დამოუკიდებლობას. 

მთავარი კი ისაა, რომ ეს არავითარ კვლევას და გაანგარიშებას არ ეფუძნება რა შედეგი გვექნება. მაშინ როცა შეგვიძლია ეს პროცესი გადავდოთ 2021 წლამდე, მომზადდეს ავტოპარკი, რათა მოსახლეობას ზედმეტი დანახარჯი არ ჰქონდეს. 

გარდა ამისა, ალბათ ყველას ესმის, რომ ავტომატურად გაძვირდება რუსული დიზელიც, როგორც კი ის ფაქტობრივი მონოპოლისტი იქნება ბაზარზე, საშუალოდ, ეს იქნება 10-15-თეთრიანი მატება", - ამბობს ურშაძე ,,რეზონანსთან".

საწვავის გაძვირებაზე აკეთებს მთავარ აქცენტს, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ ვიცე-პრეზიდენტიც. პაატა ბაირახტარი მიჩნევს, რომ რეგუალცია, რომელიც მხოლოდ ფასის მატებაზე იქონებს რეალურ ასახვას, უნდა გადავადდეს. 

"ევრო5"-ზე გადასვლა ეკოლოგიური თვალსაზრისით, როგორც მინიმუმ ცუდი არ იქნება, მაგრამ ამის საპირწონე რისკები უნდა დაითვალოს კარგად. ამ რეგულაციით, რომ მნიშვნელოვნად სწორდებოდეს ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობა, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ზეგავლენა, პრაქტიკულად, შეიძლება არც იქონიოს. სამაგიეროდ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს იმხელა რიკს შეიცავს, რომ მიმდინარე პერიოდში ამის გაკეთება არ იქნება გონივრული. 

თუ ჩვენ ერთი წლის განამვლობაში, აზერბაიჯანულ დიზელს არ მივიღებთ გვექნება ერთი ქვეყნის, რუსეთის დომინირება, რომლის არასანდო პარტნიორობა და ეს ვიცით ყველამ. მასზე ჩემოკიდება რომ არასწორია, მგონი ისედაც გასაგებია.

გარდა ამისა, არც ერთ ხელშეკრულებაში, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს, დირექტივის სახე აქვს არ აქვს ამ რეკომენდაციას და არც დრო წერია, როდის უნდა გადავიდეს ქვეყნა "ევრო 5"-ის დიზელზე”, - განმარტავს ბაირახტარი. 

ეკონომისტები და ანალიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ "ევრო 5"-ის ტიპის დიზელზე გადასხვლა 2020 წლიდან, მხოლოდ ფასის მატებას მოიტანს და არ ექნება არავითარი შედეგი გარემოს გაჯანსაღებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია, საერთაშორისო კველევებისა  და პროგნოზების ცენტრის ვიცე-რეზიდენტი ნიკა შენგელია საწვავის გაძვირებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, რეგულაცია მინიმუმ ერთი წლით მაინც უნდა გადავადდეს და  ეს ხელისუფლებამდე საექსპერტო წრეებმა და მედიამ ერთად უნდა მიიტანონ. 

"ევრო 5"-ის ტიპის დიზელის შემოსვლა ამ ეტაპზე არის ძალიან ნაადრევი. ამისთვის არ არის მზად ქართული ავტოპარკი. მეორე - ამ ტიპის საწვავი დიდი ფუფუნებაა და მუდმივად გაუფასურებული ლარის პირობებებში არის დიდი საშიშროება კვლავდაკვლავ გაძვირდეს დიზელი, რაც გაზრდის მომსახურების და პროდუქტის ფასსაც. ჩვენი აზრით, აუცილებელია გადავადება მინიმუმ 1 წლით, წინააღდეგ შემთხვევაში, ვერანაირ შედეგამდე ვერ მივალთ, გარდა ფასების ზრდისა. ეს როგორმე ექსპერტებმა, ანალიტიკოსებმა და მედიამ, ერთად უნდა გავაგებინოთ ხელისუფლებას, რომელიც ყოველგვარი კვლევის და ანალიზის გარეშე იღებს რეგულაციას", - ამბობს შენგელია. 

ასამოქმედებელი ნორმის 1 წლით გადავადებას ითხოვს კერძო სექტორიც. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას თქმით, საწვავის გაძვირების კვალდაკვალ მომსახურება და ფასებიც გაიზრდება. 

"იმის გათვალისწინებით, რაც ხდება ქვეყნის ეკონომიკაში და იმის გათვალისწინებითაც, რომ რეგულაციები მუდმივად იზრდება, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი, რომ 2020 წელს ასამოქმედებელი  რეგულაცია დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესისთვის. ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება სადისტრიბუციო ქსელზეც. საბოლოოდ ფასებზე ჰპოვებს ასახვას, რაც მერწმუნეთ კატასტროფაა ამ ვითარებაში", - აცხადებს ივა ჭყონია.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნვთობკომპანიის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებებში ადასტურებენ, რომ 2021 წლისთვის მათი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულ მზადყოფნაში იქნება "ევრო-5"-ის ტიპის დიზელის წარმოებისათვის. აღნიშნული პერიოდისთვის სრულად მოხერხდება ქარხნის ახალ სტანდარტებზე გადაიარაღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×