ტატა შოშიაშვილი
06.08.2019

 „ეგზიტპოლების გაუქმების აზრს ვერ ვხედავ. ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციები გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ -მთავარი ესაა. გაუგებარია ისიც, ვის უნდა აწყობდეს ეგზიტპოლების გაუქმება", - ასე შეაფასა „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივა ეგზიტპოლების გაუქმების შესახებ.

საუბარია საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებზე, რასთან დაკავშირებითაც ოპოზიციური პარტიების არაერთმა წარმომადგენელმა საკუთარი აზრი გამოთქვა და ინიციატივა წამოაყენა. „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი კი ამბობს, რომ რადგან არჩევნებზე აღარ იქნება მაჟორიტარული ოლქები დასათვლელი, ეს ნიშნავს, რომ ცესკო შედარებით ადრე გააცნობს მოქალაქეებს არჩევნების პირველად შედეგებს. შესაბამისად, ახვლედიანის თქმით, ეგზიტპოლები აზრს კარგავს და ის უნდა გაუქმდეს.

გია ხუხაშვილის თქმით, ეგზიტპოლების გაუქმების საჭიროება არ არსებობს, უბრალოდ, გამოკითხვა უნდა ჩაატაროს ნდობით აღჭირვილმა ორგანიზაციამ:

„სიმართლე გითხრათ, ეგზიტპოლების გაუქმების აზრს ვერ ვხედავ, რადგან ეგზიტპოლები არჩევნების თანმდევი მოვლენაა. სხვა საკითხია, რომ ხშირ შემთვევაში ეს პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენება.

„ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეგზიტპოლების ჩამტარებელი ორგანიზაციები გარკვეულ საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდნენ - მთავარი ესაა. საეჭვო რეპუტაციის და არსაიდან მოსულმა ორგანიზაციებმა არ უნდა ჩაატარონ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, ზოგადად, ეგზიტპოლებში რა პრობლემაა", - განმარტავს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ეგზიტპოლების გაუქმების ინიციატივას, სავარაუდოდ, ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს, რადგან ეს ინიციატივა აზრს მოკლებულია:

„არა მგონია, რომ დაეთანხმონ (ოპოზიციის წარმომადგენლები), იმიტომ, რომ ასეთი სახის აკრძალვის აზრს ვერ ვხედავ. ეს არის გარკვეული მეცნიერული მეთოდიკით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. სოციოლოგიის საკმაოდ მიღებული კვლევებია და გაუგებარია, რატომ უნდა აიკრძალოს ისინი.

„გაუგებარია ისიც, ვის უნდა აწყობდეს ეგზიტპოლების გაუქმება. გასაგებია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის ინიციატივაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამაზე დისკუსია უნდა გავმართოთ. თუ ძირითადი მოთამაშეები დაიწყებენ ამაზე მსჯელობას, კი ბატონო, შემდეგ ვილაპარაკოთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ლოგიკას ვერ ვხედავ ამ მოთხოვნაში. მთავარია, რომ ის ორგანიზაციები, რომელიც ატარებენ ეგზიტპოლებს, სარგებლობდნენ შესაბამისი კვალიფიკაციითა და ავტორიტეტით", - დასძინა პოლიტიკურმა ექსპერტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×