„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ოპოზიციამ არ უნდა მისცეს საშუალება ხელისუფლებას ჩაშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებში არის ბევრი საკამათო საკითხი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიცია უნდა დათანხმდეს ამ ცვლილებებს, რათა ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნები ისევ მისთვის მომგებიანი შერეული სისტემით არ ჩაატაროს“, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც „რეზონანსი“ მიმდინარე საკითხებზე გაესაუბრა.
„რეზონანსი“: როგორც „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ აცხადებენ, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს დაშალოს „გაერთიანებული ოპოზიცია“, რის საშუალებასაც ისინი არ მისცემენ. თქვენ აზრით, დათანხმდება ოპოზიცია ამ ცვლილებებს?
ვახტანგ ძაბირაძე: ცვლილებებს ღრმად არ ვიცნობ, თუცმა არის რამდენიმე საკითხი, რომელიც საკამათოა და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს გაფანტოს ოპოზიციის ხმები და დაქსაქსოს ოპოზიცია. მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ, ვფიქრობ, ოპოზციამ არ უნდა მისცეს საშუალება ხელისუფლებას, რომ ეს პროცესი ჩაშალოს და მერე მათ დააბრალოს. ამიტომ ნებისმიერ ცვლილებებს უნდა დათანხმდნენ, რომ 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით არ ჩატარდეს.
რაც შეეხება ოპოზიციის დაშლის საფრთხეს, აქაც არის გამოსავალი - „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ შემავალ პარტიებს შეუძლიათ ერთიანი სიით გამოვიდნენ. ასე რომ, ეს სადაო თემა არ არის, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროპორციული საარჩევნო სისტემა.
„რ“: როგორც ამბობენ, ამ საკითხში ერთმანეთში ვერ თანხმდებიან „ევროპული საქართველო“ და „გაერთიანებული ოპოზიციაც“...
ვ.ძ.: პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობს როგორც „ოცნებას“, ისე „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამბობენ და ცვლილებეთან დაკავშირებთი თავიანით არგუმენტები მოჰყავთ. ანუ, არ თანხმდებიან ნულოვან ბარიერს და „ოცნების“ უარს ბლოკებთან დაკავშირებით.
„ევროპული საქართველო“ კი ყველა პირობაზე თანახმაა. სავარაუდოდ, ეს არის განხეთქილების მიზეზი.
„ოცნება“ დღესაც ცდილობს, რომ მომავალ არჩევნებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს მთავარი ძალა, რადგან პირველ ადგილზე გასვლის მეტი შანსი აქვს და მთავრობასაც თვითონ დააკომპლექტებს. ამის გარანტიას კი პროპორციული არჩევნები არ აძლევს და მოუწევს კოალიციის შექმნა პარალმენტში შესულ პარტიებთან ერთად.
„ნაციონალები“ ისევ 2003 წლის სცენარზე ფიქრობენ. ანუ, თუ პირისპირ დარჩებიან „ოცნებასთან“, არის შანსი, რომ ეს სცენარი განვითარდეს; დღევანდელი შემადგენლობით „ოცნებაში“ უფრო დიდი აჯაფსანდალი იქნება. თანაც შიშობენ, რომ პარლამენტში შესულ პარტიებთან „ოცნება“ დაიწყებს ვაჭრობას და მათთან ერთად შექმნის კოალიციას, დააკომპლექტებს მთავრობას. ამიტომაც აქედანვე იჭერენ თადარიგს და ყველა პარტიებს ეუბნება - ჩვენთან უნდა იყოთო. თუმცა პოლიტიკურ ძალთა დაშლის თუ გაერთიანების პროცესი ნათლად გამოჩნდება ან შემოდგომაზე, ან წლის ბოლოს.
„რ“: როგორც ჩანს, შემოდგომა პოლიტიკურად ცხელი სეზონი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილი სექტემბერში მთავრობის შეცვლას გეგმავს. ამაზე რას ფიქრობთ?
ვ.ძ.: სამთავრობო ცვლილებები აუცილებლია, მაგრამ თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე სერიოზული გეგმა, მაშინ ეს ცვლილებები უნდა მოხდეს შემოდგომაზე; თუ სერიოზული გეგმა არ აქვს და ისევ დაპირებებს გასცემს, მაშინ სჯობს არჩევნებთან უფრო ახლოს, გაზაფხულზე განახორციელოს, პიარი მაინც იქნება.
დღეს „ოცნების“ მთავრობა არის მხოლოდ ტექნიკური მთავრობა და ის დინებას მიჰყვება. ახალ მთავრობას სჭირდება ახალი ხედვა, არაორდინალური ნაბიჯები და იდეების გენერაცია. ჯერ-ჯერობით ამ მზაობას მე ვერ ვხედავ.
იმ შემთხვევაში, თუ ივანიშივლი დაბრუნდება ხელისუფლებაში, კიდევ არის შანსი მდგომარეობა გამოსწორდეს და ახალ მთავრობაშიც არ გაჭირდება იმ ადამიანის მოზიდვა, ვინც „დიმიტრი გელოვანის მოთხოვნებს“ დააკმაყოფილებს. სხვაგვარად კი ერთწლიანი ციკლისთვის, „ოცნების“ ბუნდოვანი პერსპეტივით, არავინ არ გარისკავს.
„რ“: თუმცა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნებას“ მაინც არაფერი უშველის, რადგან შემოდგომაზე საპროტეტსო ტალღა უფრო მძლავრი იქნება და პოლიტიკურ მოთხოთნებს სოციალური მოთხვონებიც დაემატება.
ვ.ძ.: შეიძლება სოციალური ლოზუნგი არ იყოს და იყოს პატრიოტული, მაგრამ სოციალურ საკითხებს უკავშირდებოდეს. ამიტომ ვამბობ, რომ თუ სერიოზული გეგმა აქვს ხელისუფლებას, ცვლილებები შემოდგომაზე უნდა განახორციელოს, სადაც წინა პლანზე სოციალური თემები იქნება.