ელზა პაპოშვილი
06.08.2019

 საარჩევნო კოდექსში  დაგეგმილი ახალი ცვლილებები კონსტიტუციონალისტების, მესამე სექტორისა და მედია ექსპერტების  შეფასებით,  პრობლემას პოლიტიკური პარტიების გარდა მედიასაც უქმნის. მათი აზრით, ამ მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები თუკი განხორციელდა, მედიაორგანიზაციებს მკაცრი სანქციების პირობებში კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობა ვერ მიეცემათ. 

რა საფრთხეებზე მიანიშნებენ კონსტიტუციონალისტები და როგორ ან ვინ უნდა გააკონტროლოს მედიაში გასული რეკლამა არის თუ არა ანტირეკლამა? ან რა სახის სანქციები შეიძლება მედია საშუალებებს ასეთ შემთხვევაში დაუწესდეს?  

კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით საკმაოდ სახიფათო ბუნდოვანებაა. თუმცა ისინი „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას სავარაუდოდ სპეციალური სახელმწიფო ორგანო შექმნა მოუწევს, რომელიც მათთვის მისაღები ადამიანებებით დაკომპლექტდება. ეს კი საკმაოდ დიდი  საფრთხის მატარებელია. მათი აზრით, საერთოდ მსგავსი ცვლილებაც ამ ეტაპზე  ქვეყანაში დაუშვებელია. 

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით კი  „საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს“ და მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ.

„რეზონანსი“ შეეცადა მმართველ გუნდთან გაერკვია არსებობს თუ არა კანონპროექტში მონახაზი, თუ როგორ და ვის მიერ უნდა მოხდეს გარკვევა არის თუ არა „სიძულვილის ენა“ გამოყენებული და ასეთ შემთხვევაში დასჯის რა მექანიზმი ამოქმედდება.  

„ოცნების“ წევრი და დეპუტატი ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ის კანონში შესატან ყველა ცვლილებას მიესალმება, მათ შორის ცვლილებას „სიძულვილის ენასთან“ დაკავშირებით. მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ასეთი დოზით სიძულვილის ენის გამოყენება დაუშვებელია და მისი გარკვეული ფორმით დარეგულირება უნდა მოხდეს. 

ჩვენს კითხვაზე, იგეგმება თუ არა კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს შექმნა, რომელიც ამას გააკონტროლებს, წილოსანი  ამბობს, რომ გარკვეული მონახაზი არსებობს, თუმცა ამაზე მსჯელობა ოპოზიციასთან ერთად უნდა მოხდეს. 

მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ  დასჯის მექანიზმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც მსჯელობის და დისკუსიის შედეგად უნდა  მიიღონ. 

„როგორ მოხდება სიძულვილის ენის  გაკონტროლება და რა სახის სანქციები დაეკისრება მედიას ასეთ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მსჯელობის და კონსესუსის შემდეგ,  ყველასთან შეთანხმების შედეგად მიღებული უნდა იყოს. თუ სხვადასხვა კანონმდებლობით სიძულვილის ენა, ქსენოფობია და უარყოფითი გამოხატვის ფორმა აკრძალულია, რატომ არ უნდა იყოს ეს თუნდაც წინასაარჩევნოდ გამკაცრებული? მითუმეტეს, როდესაც ვნახეთ, რომ არჩევნების დროს მსგავსი მიმართულებით პოლიტიკოსები  აქტიურდებიან“, - აცახდებს წილოსანი „რეზონანსთან“.

მისივე თქმით, არსებობს გარკვეული მონახაზი, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს ცვლილებები იქნება ევროპული და ცივილური გამოცდილებებიდან აღებული. 

„არ ვარ  სპეციალისტი და ვერ გეტყვით რა შეიძლება კონკრეტულად ეთიკის დარღვევად და „სიძულვილის ენად“ ჩაითვალოს. ვერ გეტყვით კონკრეტულად რა შეიძლება პოლიტიკოსებს და პარტიებს აეკრძალოთ. ამის განსაზღვრა კომპეტენტური პირების და ორგანოს მიერ უნდა მოხდეს. ამის დადგენის შემთხვევაში რა სახის დასჯის მექანიზმი შეიძლება გამოყენებული იქნას, ვერ გეტყვით. ვერც კონკრეტულად  ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს ფინანსური სანქციები იქნება. ამაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი მხოლოდ მუშაობის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს. 

„რაც შეეხება თავად პარტიების მხრიდან თვითრეგულაციას, ამას თუ ოპოზიცია შემოგვთავაზებს, დავთანხმდებით თუ არა, რთული საკითხია, რადგანაც ჯერ არ ვიცით ეს რას შეიძლება  გულისხმობდეს“, - აცახდებს წილოსანი „რეზონანსთან“. 

იურისტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ძალადობის ენა და მისი პროპაგანდა სხვა არის და „სიძულვილის ენა“ - სულ სხვა. აქ გასარკვევი და საშიში ის გარემოებაა, თუ ვის როგორ ესმის ამ სიტყვის განმარტება. 

ალაფიშვილის თქმით, რთულია იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის საქართველოში ის მაღალი ნდობის ინსტიტუტი ან პირი, რომელსაც კომპეტენციაც, გამოცდილებაც აქვს და საზოგადოების თვალში მაღალი ნდობითაც სარგებლობს, რათა დაადგონოს რა არის „სიძულვილის ენა“ და ამის მიხედვით მედიას თუნდაც სანქციები ან ფინანსური ჯარიმები დაუწესოს. 

„ჩვენნაირი განვითარების დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვის მსგავსი ტერმინების კანონმდებლობაში ჩაწერა ყოველთვის საფრთხის შემცვლელია. ახლა დგება კითხვა - ვინ უნდა შეაფასოს, განსაჯოს და გადაწყვიტოს რა არის „სიძულვილის ენა“? ან თუ მედიას გაუშვებს რეკლამას და მას ვიღაც ჩათვლის, რომ არის ანტირეკლამა, როგორ მოხდება ამ მედიის დასჯა? 

„გამოდის, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ორგანო, რომელიც დაკომპექტდება რამდენიმე ადამიანით და ისინი დაიწყებენ გაკონტორლებას რა არის „სიძულვილის ენა“. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის... ჩვენს ქვეყანაში ვინ სარგებლობს ამხელა კომპეტენციით ან ნდობით, რომ ამის  კონტროლი მივანდოთ? 

„ჩემი მოწოდება იქნება, რომ ნაწილი კანონმდებლობაში გაიწეროს და ნაწილის თვითრეგულაციის წესით  დარეგულიერბა მოხდეს. ანუ, პოლიტიკურმა პარტიებმა მემორანდუმივით გააფორმონ, რომ ამ საკითხებს თავად ასე და ასე მოაგვარებენ. შეიქმნას თვითრეგულირების ორგანო და არა სახელმწიფო რეგულირების. პოლიტიკოსები საერთო პრინციპების დადგენაზე პასუხისმგებლები და ვალდებულები თავად უნდა იყვნენ“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“. 

მედიაში „სიძულვილის ენის“ განმსაზღვრელად  სახელმწიფო ორგანოს  შესაძლოა შექმნას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ის „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საერთოდ საარჩევნო კანონმდებლობაში ამ ცვლილების შეტანა კატასტროფა იქნება და მისი ამოღება უნდა მოხდეს. ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლება 5 კაცს ვერ მოძებნის, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნდობა ექნება და რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან დაადგინონ რა არის „სიძულვილის ენა“. 

„აბსოლუტურად ვიზიარებ იმ მსოაზრებას, რომ „სიძულვილის ენა“ პოლიტიკაში და მედიაში გამოყენებული არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებისადმი ნდობა ძალიან დაბალია, ხოლო საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული, ნებისმიერი რეგულაცია და ქმედება ქვეყანას დააზარალებს. მაშინ კანონში იმდენად დაწვრილებითი და განმარტებითი ახსნა უნდა მოიძებნოს, რას გულისხმობს „სიძულვილის ენა“, რომ ესეც შეუძლებელია. 

„აღარაფერს ვამბობ, იმ სახელმწიფო ორგანოზე, რომლის შექმნასაც ალბათ, თუ კანონში ცვლილება შევა, ხელისუფლება აპირებს. აბა, ვინ უნდა გააკონტროლოს რა არის „სიძულვილის ენა“?!  5 კაცს ვერ დაასახელებენ, რომლებიც საზოგადოებაში მეტ-ნაკლები ნდობით სარგებლობენ. ვინ უნდა შექმნას ეს ორგანო და სად არიან ეს პიროვნებები, რომლებიც დაგვიდგენენ რა არის „სიძულვილის ენა“? 

„სანამ ქვეყანაში ინსტიტუციონალურ დემოკრატიას საფუძველი არ ჩაეყრება, მანამდე ნებისმიერი რეგულაცია დაუშვებელია. ხოლო მედიის ფინანსური დაზიანება, რასაც ალბათ დასჯის მექანიზმად გამოიყენებნე, დაუშვებელია. ეს მათ გაკოტრებამდე  და საბოლო ჯაამში დახურვამდეც მიგვიყვანს“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.

...

ფრაზა - ლევან ალაფიშვილი: „გამოდის, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ორგანო, რომელიც დაკომპექტდება რამდენიმე ადამიანით და ისინი დაიწყებენ გაკონტორლებას რა არის „სიძულვილის ენა“.

ფრაზა - ნინო წილოსანი: „ამის განსაზღვრა კომპეტენტური პირების და ორგანოს მიერ უნდა მოხდეს. ამის დადგენის შემთხვევაში რა სახის დასჯის მექანიზმი შეიძლება გამოყენებული იქნას, ვერ გეტყვით. ვერც კონკრეტულად  ვერ დაგიდასტურებთ, რომ ეს ფინანსური სანქციები იქნება.“

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×