"გვინდა რეალური ქმედება და არა პოპულიზმი, რითიც ქვეყანა ვერასდროს წავა შორს"
თამარ მუკბანიანი
06.08.2019

 საშუალო ხელფასი, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა  და გაზრდილი ბიუჯეტი მხოლოდ სტატისტიკურადაა შესამჩნევი, რეალურად კი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ იცვლება. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში უმუშევართა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ხალხს შემოსავალი არ ჰყოფნის და ყოველი მეხუთე ოჯახი ნასესხები ფულით იკვებება, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოწყვეტილია რეალობას. 

ქვეყანაში საშუალო ხელფასი წლიდან წლამდე იზრდება. "ოცნების" ხელისუფლების პირობებში თითქმის 80%-ით მოიმატა პენსიამ. იზრდება ბიუჯეტი და მშპ-ს ტემპიც ყოველწლიურად არც ისე დაბალია. პარალელურად კი მოსახლეობა რომ უფრო და უფრო ღარიბდება, ამაზე სპეციალისტების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციები და ხელისუფლებაც საუბრობს. რატომ არ აისახება ციფრები რეალობაზე და რატომ აქვს უკუეფერქტი ხალხის კეთილდღეობაზე ბიუჯეტის ზრდას, სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, რასაც არც ერთი მისაღები პასუხი სახელმწიფოს მხრიდან არ გასცემია. 

"იუნისეფის" კვლევის მიხედვით, რომელმაც, ოფიციალური ინფორმაციით პრემიერ კვირიკაშვილის თანამდებობა შეიწირა, ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე გაზრდილია, პენსიის ოდენობა კი საგანგაშოდ დაბალია. დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ 2015 წელთან შედარებით, 2017 წელს ქვეყანაში უკიდურესად ღარიბთა რიცხვი 108 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ღარიბთა რიცხვმა კი 124 ათასი კაცით მოიმატა. უკიდურესი სიღარიბე გაიზარდა 2,9%-ით, ხოლო ზოგადი სიღარიბე - 3,3%-ით.  

მიუხედავად იმისა, რომ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამ კვლევის წაკითხვის შემდეგ ღამეები არ ეძინა. ვითარება ქვეყნაში არ შეცვლილა. ლარის ახალმა, ისტორიულმა ანტირეკორდებმა კი, რომელსაც ეროვნული ვალუტა ყოველ 2-3 თვეში ერთხელ ამყარებს, ხალხი მეტად გააღარიბა. 

ციფრები რომ რეალობისაგან შორს დგას, `რეზონანსთან~ ადასტურებს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაიაც. მისი თქმით, ქვეყნის ყველაზე სწორი ტემპით განვითარებიც შემთხვევაშიც კი ჩვენი ეკონომიკის პირობებში, რამდენიმე წელია საჭირო რათა სტატისტიკამ რეალობაზე ჰპოვოს ასახვა. 

,,დღეს ქვეყნის ეკონიმიკა მოსახლეობის კეთილდღეობისგან შორს დგას. ამიტომაა, რომ მშპ-ს ზრდა სოციალური ფონის გაუმჯობესებას ვერ განაპირობებს. ეს პროცესები ხალხის შემოსავლებზე ასე სწრაფად არ აისახება. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სიკეთე შეიძლება იგრძნონ რამდენიმე წლის შემდეგ, ჯერჯერობით ეს შეუძლებელია. 

ალბათ, 2020 წლის შემდეგ უფრო შესამჩნევი გახდება მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზრდის პოზიტიური გავლენა. რამაც შეიძლება სამუშაო ადგილები შექმნას, სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, მაგრამ საქართველო ამ რეალობაში დღესდღეობით არ იმყოფება. 2-3 თვის მონაცემი კი რეალობას დიდად ვერ შეცვლის. მარტივი საქმე არ არის, როცა სოციალურ შემწეობას ნახევარი მილიონი ადამიანი იღებს. კარგია, რომ სახელმწიფო ეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ასეთი საჭიროება არ იდგეს ქვეყნისთვის. 

წარმოების განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის გარეშე არაფერი გამოვა. პირველ რიგში, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. ჩვენ გვინდა რეალური სამუშაო ადგილები და არა პოპულიზმი, რითიც ქვეყანა ვერასდროს წავა შორს”, - აცხადებს ჯგერენაია. 

ეკონომიკაში დაგროვილია ბევრი პრობლემა, ბევრი თეორია და ბევრი შეფასებები. თუმცა, გვაქვს ცოტა პროგრამები, უფრო ცოტა პრაქტიკული ღონისძიებები და კიდევ უფრო ცოტა შედეგები. ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი რატი აბულაძეამბობს, რომ ყველაფერი გაუფასურდა: ლარი, მართვა, გაუფერულდა შეფასებები და ანალიზი; ღირებულება დაკარგა აქტივებმა და პოლიტიკამ.

სამწუხაროდ, ჩვენმა ვალუტამ გადალახა ყველა მნიშვნელოვანი ნიშნული. კრიტიკულ კომპონენტად იქცა ვაჭრობასა და საინვესტიციო აქტივობაში, სამომხმარებლო და ბიზნეს პროცესებში, ქვეყანაში გააძვირა „მრავალფეროვანი“ იმპორტული პროდუქცია.

ლარის გაუფასურების მთელი ციკლი გახდა ერთგვარი ეკონომიკური სიგნალი, რომ  ქვეყანაში მართვის შესაძლებლობების ზღვარი გავლებულია. პრაქტიკული ნაბიჯების დეფიციტის ფონზე პრობლემების სპექტრი კიდევ უფრო იზრდება. შედეგად ეკონომიკური დარტყმის ქვეშაა საზოგადოება, ბიზნესი და აქტივობები. ასეთ პირობებში, პენსიის ან ხელფასის ზრდაც არ წარმოადგენს ქართული პოლიტიკური გარემოს პრიორიტეტს. 

სავალუტო და ეკონომიკური დარტყმები ძვირი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტსაც. ამასთან, ადგილი არ აქვს ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების წარმოქმნას. პრობლემებზე საუბარი მიდის, საქმის კეთება და ქმედითი ნაბიჯები კი არ იდგმება.

ამიტომ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ახლა ბიზნეს საზოგადოების სვლაა. იმისათვის, რომ ქვეყანაში არ ჩაკვდეს ახალი სიტყვა და პატრიოტული ობიექტურობა”, - განაცხადა აბულაძემ ,,რეზონანსთან”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×