ელზა პაპოშვილი
06.08.2019

 „რუსთავი 2“-ის შემდეგ, შესაძლოა ახალი დარტყმის ობიექტი „ტვ პირველი“ აღმოჩნდეს. ამის საფრთხეს „ტვ პირველის“ მფლობელი, ვატო წერეთელი ხედავს. წერეთელი პროკურატურაში „თიბისი“ ბანკის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოძიების ვერსიით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფულის გათეთრება სწორედ მისი კომპანიის გამოყენებით განახორციელეს.

ტელეკომპანიის მფლობელი უწყებაში დაბარების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. 

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით. თუმცა, წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს“ არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ!“ - წერს სოციალურ ქსელში ვატო წერეთელი. 

„რეზონანსი“ ტელეკომპანიის დირექტორს პაატა კაკაურიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ის „ტვ პირველის“ მფლობელის მოსაზრებას და გამოთქმულ შიშს სრულიად იზიარებს და არ გამორიცხავს, რომ „ტვ პირველის“ ირგვლივ პოლიტიკური პროცესები ვითარდებოდეს. 

კაკაურიძე აცხადებს, რომ წერეთელთან გასაუბრების შემდეგ უფრო ვრცელ კომანტარს გააკეთებს. 

„ვატოს მოსაზრებას, რაც მან სოციალურ ქსელში დაწერა, სრულად ვიზიარებ. მეც ვადასტურებ, რომ „ტვ პირველი“ არავის გავლენის ქვეშ არ იმყოფება და არც არასდროს იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ ტელეკომპანიის და მისი მფლობელის ირგვლივ პოლიტიკური პროცესები ვითარდებოდეს. უფრო ვრცელ კომენტარს და შეფასებას წერეთელთან გასაუბრების შემდეგ გავაკეთებ“, - აცახდებს „რეზონანსთან“ კაკაურიძე. 

წერთლის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. პარლამენტარი რატი იონათამიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ აუცილებელია გაიმიჯნოს პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები. მისი აზრით, გამოძიება გამჭვირვალედ და მაღალი კომპეტენციის ფარგლებში უნდა წარიმართოს. დეპუტატი ამბობს, რომ მიუღებელია, როდესაც ყველა საკითხის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში გვსურს. 

„ჩვენს მთავარ მიზანს მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ გამოძიება მაღალი გამჭვირვალეობის ფარგლებში წარიმართოს. დანარჩენი ღონისძიება, რაც იქნება ჩატარებული, ეს არის გამოძიების როგორც კომპეტენცია, ასევე პასუხისმგებლობის საკითხი. 

„ჩვენი ხომ არ შეგვეკითხება პროკურატურა ვინ როდის დაკითხოს? როდესაც ამის საჭიროება დაინახა, წერეთლის დაკითხვაც მაშინ გადაწყვიტა. არასწორია, როდესაც ნებისმიერი საკითხი, რაც არ უნდა დაისვას ჩვენს ქვეყანაში, გვინდა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განვიხლიოთ. ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი „რეზონანსთან“.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ იმ საქმის მოვლენებს გადავხედავთ, რომელ საქმესთან კავშირებითაც წერეთლის დაკითხვაზე დაბარება მოხდა, პრინციპში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს. 

„გამომდინარე იქიდან, რომ წერეთლის დაკითხვაზე დაბარება ანაკლიის პროექტის ამერიკელების კონტროლქვეშ გადასვლის მეორე დღესვე ხდება, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს და ეჭვი ჩნდება, რომ ამ მოვლენებთან კავშირშია. 

„დღემდე ხელისუფლება ამ სქემის სწრაფად გამოძიებით დაინტერესებული არ იყო, პირიქით, მას ეგონა, რომ დრო მასზე მუშაობდა. ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ფულის გათეთრების საქმის ჰაერში დაკიდებით კონსროციუმის ანაკლიის პროექტიდან განდევნას შეძლებდა და საბოლოოდ ხელში ჩაიგდებდა. დღეს ეს ამოცანა ნაკლებად შესრულებადი აღმოჩნდა და ამიტომაც ახლა ხელისუფლებას ეს საქმე ტვირთად აწვება და დროის გაწელვასაც აზრი აღარ აქვს. ამიტომ გარკვეული მოქმედებები დაიწყეს. რა არის კონკრეტულად ეს მოქმედებები, ამ დღეებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება“,-აცხადებს ხუხაშვილი „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, „ტვე პირველთან“ დაკავშირებით ხელისუფლებას ორი მცდელობა ჰქონდა, ერთი ნაკლებად გახმაურებული, რომელიც განეიტრალდა და მეორე, როდესაც გახარიას ცნობილ წერილზე იყო საუბარი. ხუხაშვილი აცხადებს, რომ ახლა გააჩნია ხელისუფლება რამდენად შორს შეტოპავს.

„მესმის, რომ ხელისუფლებამ ერთ ფრონტზე იბრძოლოს, მაგრამ ხომ წარმოუდგენელია ყველა ფრონტზე ომი გამოაცხადო... მოდი ახლა ჯინი ბოთლში ჩავაბრუნო და ყველა და ყველაფერი გავაკონტროლო - ამას ვერ გააკეთებს. ეს უფრო აფექტური ღონისძიებებია, ვიდრე გეგმაზომიერი და კარგად დაგეგმილი ქმედებები. კუნთების თამაშის ამ ქვეყანაში არავის ეშინია და ამის უკვე ბევრი ისტორიული მაგალითებიც გვაქვს“, -აცახდებს „რეზონანსთან“ ხუხაშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×