რეზონანსი
07.08.2019

 საკვირაო ქადაგებაზე პატრიარქის მიმართვას ქალებისადმი, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. პატრიარქმა ქადაგებაზე თქვა: „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა“. 

პატრიარქის ქადაგების შემდეგ საზოგადოებაში ორად გაყოფილ შეფასებებს „პრაიმტაიმთან“ პეტრე კოლხი აფასებს. 

"გამრავლება მხოლოდ ბიოლოგიურ გამრავლებას არ გულისხმობს. როდესაც შვილს ვაჩენთ, პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ, მაგრამ მხოლოდ დედას დავაკისროთ პასუხისმგებლობა, არასწორი იქნება. მაგრამ იმას, რასაც პატრიარქი ბრძანებს, რომ დედა სახლში უნდა იყოს და შვილები აღზარდოს, ცალსახად ვეთანხმები, რადგან დედაზე მოდის მთელი რიგი პასუხისმგებლობები, თუ როგორი აღზრდილი იქნება მომავალი თაობა.

ხშირ შემთხვევაში, მშობლები ისე არიან დღეს გაზარმაცებულები, რომ ურჩევნიათ პრობლემას, ბავშვის წუწუნს თავი დააღწიონ და აწყობთ, რომ გარეთ გავიდნენ. იმას არ კითხულობენ, რა საზოგადოებაშია სახლიდან როცა გადის. ბავშვი, რომელიც მოსიყვარულე, ერთგულ, თბილ საზოგადოებასა და გარემოში იზრდება, აუცილებლად დარჩება შინ, მაგრამ თუ ის უსიყვარულო გარემოშია, მას იქ აღარ უნდა, გულგრილობასა და გულცივობას ვერ ეგუება, კამათს, ჩხუბს, დაუსრულებელ დაპირისპირებას, ამიტომ, მისი გონება რასაც წვდება, იმას აკეთებს. ახალ თაობას ყველაზე მეტად ვღუპავთ ჩვენ, უფროსი თაობა, ყველაფრისთვის ვიცლით, გარდა შვილებისა და რაც დრო გადის, უფრო რთულდება მათი მდგომარეობა“, - ამბობს პეტრე კოლხი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×