(რეზონანსი) ჩემთვის, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია, მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს.
„დღეს სრულდება 11 წელი მას შემდგ, რაც მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტევების, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ, პუტინი დაესხა თავს სრულმასშტაბიანად საქართველოს, მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.
ჩემთვის, 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია, მთელი საქართველოს არსებობის მანძილზე. ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც შეიკრა ერთ მუშტად, დადგა ყველა ერთად რუსთაველზე, გააკეთა ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს მასშტაბით, არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და დაიცვა თავის ქვეყანა. ეს არის ნამდვილი გმირობა" - აცხადებს სააკაშვილი და ამბობს, რომ რუსეთმა მაშინ თავის მიზანს საქართველოში ვერ მიაღწია.
„2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა, ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და მათ ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოდგენელი ძალისხმევით და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით", - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.