„რუსთავი 2"-ის შეემდეგ ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის „ტვ პირველის" მოხრჩობას აპირებს - ამ შეფასებას ოპოზიცია ტელეკომპანიის მეპატრონის ვატო წერეთლის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით აკეთებს.
„ტვ პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, ხუთშაბათს, 8 აგვისტოს სასამართლოში დაიკითხება. პროკურატურის ინფორმაციით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა წერეთელმა თავად მოითხოვა. არსებული ინფორმაციით, საკითხი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება.
თავად ვატო წერეთელი კი მის უწყებაში დაბარებას ასე აფასებს:
„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ , - წერს ვატო წერეთელი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.
ვატო წერეთელი, „თიბისის" დამფუძნებლების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, თუმცა ის დაკითხვაზე აქამდე დაბარებული არ ყოფილა.
პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით დაწყებული გამოძიების საქმეში ვატო წერეთელი და მისი მამა ავთო წერეთელი მთავარი ფიგურები არიან - გამოძიების ვერსიით, სწორედ მათ კომპანიებს ასესხა თიბისი ბანკმა 2007-2008 წლებში 17 მილიონი დოლარი და შემდეგ ის ხაზარაძე/ჯაფარიძის ანგარიშებზე გადაირიცხა.
ხაზარაძის განმარტებით, ავთო წერეთლის კომპანიებს თიბისიში 2007 წელს 35 მილიონის საკრედიტო ხაზი ჰქონდათ გახსნილი და თანხის მიღება ბანკისგან უმარტივესად შეეძლოთ, თავის საკრედიტო ოფიცერთან მხოლოდ ერთი ზარის განხორციელების მეშვეობით. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამბობენ, რომ 2007-2008 წლებში სხვადასხვა სუბიექტისაგან ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, ჯამში, 80 მილიონი ისესხეს, მათ შორის 17 მილიონი ავთო წერეთლისგან, და თავიდან საერთოდ არ იცოდნენ, რომ წერეთელმა ეს ფული „თიბისიდან" გამოიტანა.
პროკურატურის მიერ ზემოთნახსენები ინფორმაციის გავრცელების დღიდან ვატო წერეთელი პროკურატურისგან დაკითხვას ითხოვდა, თუმცა მისი თქმით, აქამდე ის დაკითხვაზე დაბარებული არ ყოფილა. სამაგიეროდ კი აღმოჩნდა, რომ გამოძიება ტელეკომპანიის მფლობელის ფარულ სატელეფონო მიყურადებას ახორციელებდა.
უფრო ადრე კი „ტვე პირველის" ირგვლივ მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა. 2019 წლის მარტში „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მათ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღეს. მოგვიანებით, გამოძიებისთვის წარდგენილი ეს წერილი პროკურატურამ გაასაჯაროვა.
წერილში არის მოთხოვნა, რომ ტვ პირველი "იმედის" ტრენდზე უნდა დაჯდეს. გახარია ამ წერილის აუთენტურობას უარყოფს, ხაზარაძის თქმით, კი დოკუმენტი ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი.
"ვითომ "ფულის გათეთრების" საქმით არკვევდით ტელევიზიის გეგმებს, პოლიტიკას ანუ დადასტურდა, რომ პრაქტიკულად ფარულად უსმენდით იმ ტელევიზიის ყველა თანამშრომლეს, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ!!!!", - ასე გამოეხმაურა მაშინ „ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გამოძიება მის სატელეფონო საუბრების მოსმენას ახორციელებდა.
"ბრავო! თურმე ტელევიზიის მფლობელს უსმენდით 6 თვე ფარულად, ახლა გასაგებია, ამ ვითომ ფულის გათეთრების საქმით, რამდენი რამის გაპრავება სცადეთ. ანუ უსმენდით ჩემს და ინგა გრიგოლიას, ნინო ჟიჟლაშვილის, დიანა ტრაპაიძის, ვახო სანაიას, გიორგი ისაკაძის, თამარ ჩიხლაძის საუბრებს", - წერდა ვახტანგ წერეთელი სოციალურ ქსელში.
ოპოზიცია კი „ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. „რეზონანსთან" ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედია სივრცის მოსუფთავებას ცდილობს.
„ევროპული საქართველოს" წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს გააზრებული აქვს,რომ ის ხელისუფლებას კარგავს. ხოშტარია ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მმართველი გუნდის ლიდერი რეპრესიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას მიმართავს. ხოშტარიას შეფასებით, დამოუკიდებელი მედიების გაჩუმების მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაქცია.
"მედიის ჩახშობას, ადამიანების რეპრესიებს, აუცილებლად მოჰყვება საზოგადოების კიდევ უფრო მწვავე პროტესტი. ეს კი ივანიშვილს ძალაუფლებას ხელიდან უფრო სწრაფად გამოაცლის. რა თქმა უნდა, ის რაც ახლა „ტვ პირველის" ირგვლი დაიწყო, არჩევნებამდე თავისუფალი მედია სივრცის მოსუფთავების მცდელობაა. ეს კი ივანიშვილს მასვე უკან ძალიან მძიმედ დაუბრუნდება", - აცხადებს ელენე ხოშტარია.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი „ტვ პირველის" გაჩუმებაა. „თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ეს მცდელობა ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა.
„დარწმუნებული ვარ,რომ ამ ხელისუფლებას არ გამოუვა თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ეს ნიშნავს რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას საქართველოში.
"ფაქტობრივად ვხედავთ, რომ ამ გზას ვადგავართ. თუმცა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამის უფლებას არ მისცემს. რაც უფრო რადიკალურ ზომებზე გადავა წინასაარჩევნოდ, მოსახლეობისგან უფრო მკაცრ პასუხებს მიიღებს," - აცხადებს გოგუაძე.