„ეს იყო შეზღუდული დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტი, ერთი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული პირდაპირი სამხედრო აგრესია, რომლის ანალოგი 21-ე საუკუნის დასაწყისში რთულად თუ მოიძებნება, ფაქტიურად მაშინ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის 60% იყო ოკუპირებული, ეს პირდაპირი აგრესია იყო." ასე აფასებს სამხედრო კუთხით „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია 2008 წლის აგვისტოს ომს.
„რუსეთის ძირითადი მიზნები და ამოცანები პირველ რიგში ის იყო, რომ უნდოდა დემონსტრირება მოეხდინა დასავლეთისთვის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ძლიერი სახელწიფო იყო რომელსაც შეეძლო სამხედრო ინსტრუმენტებით განეხორციელებინა საკუთარი ეროვნული ინტერესები პოსტ საბჭოთა სივრცეში, ეს იყო დასავლეთისათვის პასუხის გაცემა და თავის წარმოჩენა თუ რაზე შეიძლებოდა წასულიყო იგი.
„რუსეთმა ასევე გამოიყენა კოსოვოს პრეცედენტი, როგორც კი ჩაუვარდა შესაძლებლობა ე.წ სეპარატისტული რეგიონების აღიარება კოსოვოს აღიარების საპირისპიროდ, ამით ერთგვარად პუტინის სურვილი ასრულდა.
რუსეთმა კოსოვოშიც კი მოახდინა მცირე ინტერვენცია, როდესაც მან მოახდინა პრიშტინის აეროპორტის დაკავების სპეცოპერაცია 1999 წელს, ანუ ფაქტიურად რუსეთიც შეეცადა სამხედრო კუთხით დაპირისპირებოდა ნატოს ძალებს, რათა ალიანსის ძალებისათვის შეეჩერებინა ჰუმანიტარული სამშვიდობო ოპერაციის ჩატარება კოსოვოში, რომელიც მას არ გამოუვიდა და იძულებული იყო გამოეყვანა ჯარები. ფაქტიურად რუსეთმა ეს სპეცოპერაცია მაინც წააგო, უკან დაიხია და იძულებული გახდა აეროპორტი ნატოს ძალებისთვის გადაეცა.
„ეს მომენტი, რომ რუსეთმა ფაქტიურად ნატოს წინაშე წააგო, პუტინისათვის იყო საკმაოდ მძიმე ტვირთი, მაშინ მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩვენ ვებრძოდით ნატოს ძალებსო და ფაქტიურდ „პრიშტინის" ოპერაციაში დამარცხების სინდრომი რუსეთმა საკმაოდ მძიმედ გააგრძელა, გასაგებია რასთან იყო დაკავშირებული ეს ომი და რატომ უბრძანა მედვედევმა თავიანთ შეიარაღებულ ძალებს საქართველოში პირდაპირი შემოჭრა განეხორციელებინა."-ამბობს ექსპერტი
რა წაიღო ყველაზე ღირებული რუსეთმა საქართველოდან
„კიდევ ერთი საინტერესო მომენტი ის იყო, რომ რუსეთმა ფაქტიურად საქართველოში ხელში ჩაიგდო ახალი სამხედრო ტექნოლოგიები, რომლებიც მას ნამდვილად აკლდა და მისთვის ფაქტიურად მიუწვდომელი იყო, ამის საფუძველზე მოახდინა საკუთარი თავდაცვის რეფორმების განხორციელება, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია და მომზადება უფრო ფართომასშტაბიანი ტიპის ოპერაციისათვის, როგორიცაა ჰიბრიდული სამხედრო ოპერაციის ჩატარება უკრაინაში, როდესაც მან უკრაინაში მოახდინა ოკუპაცია.
„ამ ტექნოლოგიების ხელში ჩაგდებაში, როგორც ჩანს დაეხმარა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაში მყოფი რუსეთის გავლენის აგენტურა, რომლებმაც როგორ ჩანს მისცა ამის საშუალება, რადგანაც, გაურკვეველია, რატომ მოხდა სენაკის სამხედრო ბაზის ასე უცებ დატოვება, რატომ არ მოხდა იქ არსებული ამერიკული და ისრაელური ტიპის თანამედროვე შეიარაღების ტექნოლოგიების განადგურება.
"ასევე, ვინ გასცა ბრძანება კოდორის ხეობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უკან დახევისა,როდესაც კოდორის ბაზა იყო აბსოლუტურად აუღებელი, რომელიც რუსეთს ძალიან გაუჭირდებოდა. რუსეთმა ამ ომის საფუძველე მოახდინა სამხედრო ანალიზი და მოახდინა თავისი შეცდომების გამოსწორება და ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ანალიზი ამ სამხედრო კონფლიქტისა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია."-ამბობს მაისაია.
რა ტიპის შეიარაღებასთან უწევდა საქართველოს არმიას გამკლავება
„რუსეთმა მაშინ გამოიყენა სტრატეგიული ავიაცია, ეს არის ბირთვული ტრიადის შეიარაღების კომპონენტი, ასევე გამოიყენა ბირთვული შეიარაღების ტიპები, როგორიცაა - ისკანდერი ემ-ემი და სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22-ემ-3, ანუ ეს ის შეიარაღებაა, რომელსაც შეუძლია ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანა-გამოყენება, რუსეთმა ფაქტიურად გამოიყენა ბირთვული ტრიადის შეიარაღების ელემენტები, რაც საერთაშოისო სამართლის უხეში დარღვევაა.
„რუსეთმა ასევე გამოიყენა მეორე ქვეყნის სამხედრო სადესანტო ოპერაციების ელემენტები, ასევე გამოიყენა 58-ე არმიის პოტენციალი, რომლის რაოდენობა შეადგენდა 30-40 ათას ადამიანს. ეს ყველაფერი შეზღუდული კუთხით იყო გამოყენებული, ამიტომაც შეზღუდული სამხედრო სტატუსი ჰქონდა, ქართულ და რუსულ მხარეებში მაქსიმალურად გამოყენებული იქნა 30 ათასი სამხედრო პირი, საბრძოლო ტანკების რაოდენობა სავარაუდოდ იყო 250 ტანკამდე, გამოყენებული იყო ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემები, ასევე საბრძოლო ავიაცია, ჯავშანმანქანების რაოდენობა და ორივე მხარის მიერ გამოყენებულ იქნა სახმელეთო ჯარების კონტინგენტები ."-ამბობს იგი
საქართველოს მხარდაჭერა აშშ-ს მე-6 ფლოტის მიერ
„მაშინ სამხედრო დახმარება ჩვენ არ მიგვიღია. ერთი მომენტი ის იყო, რომ ამერიკელების სამხედრო ხომალდების შემოსვლა საქართველოში მაშინ იყო უპრეცენდენტო შემთხვევა, სხვათაშორის მათ წყალი არ შემოუტანიათ, ეს იყო ამერიკელების მხრიდან რუსეთის მიმართულებით სამხედრო ძალის დემონსტრირება, სხვათაშორის ამ დემონსტრირებამ გაჭრა, იმიტომ, რომ როგორც კი ფოთში შემოვიდნენ ამერიკული სამხედრო ხომალდები, მეორე დღესვე რუსეთმა დაიწყო საქართველოს შიდა ტერიტორიის დეოკუპაცია.
„ეს იყო ჩვენთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და რატომღაც ისე ითვლება, რომ ვითომ წყლები შემოიტანეს და სხვა ვითომ ამერიკელებმა არაფერი გააკეთეს, რაც არ არის სიმართლე, ამერიკელებმა ფაქტიურად მოახდინეს სამხედრო ძალის დემონსტრირება.
"საინტერესო ფაქტი არის ის, რომ თვითონ რუსებიც კი აღიარებენ, რომ ამერიკელების მხრიდან მოხდა სამხედრო ძალების დემონსტრირება, მეექვსე ფლოტის სამხედრო ხომალდების შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში, სხვათაშორის თურქეთი მაშინ აბრკოლებდა მათ შემოსვლას, რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მაგრამ ისინი მაინც შემოვიდნენ 16-17 აგვისტოს პერიოდში."-აცხადებს ექსპერტი
კიბერომის ელემენტები
რუსებმა ჩვენს წინააღმდეგ აგვისტოს ომში ასევე კიბერომის ელემენტებიც გამოიყენეს, მისი ელემენტები იყო გამოყენებული სრული მასშტაბით, ჩვენ გვახსოვს რომ 8 აგვისტოდან მთლიანად გაითიშა სოციალური ქსელები, მეტსაც გეტყვით, იყო საკომპიუტერო ტიპის შეტევები, მაგალითად ჩემი კომპიუტერი გაითიშა, გამოვიდა მწყობრიდან და წაიშალა მთელი მასალები, მეც გავხდი ფაქტიურად კიბერომის შეტევის მსხვერპლი.ასევე მათ გამოიყენეს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის საკმაოდ სერიოზული სრულმასშტაბურობა."-თქვა მან
თბილისის აღების რისკები
„რამდენადაც მე ვიცი, რუსულ მხარეს თბილისის აღების გეგმები ჰქონდა, საქართველოში სხვა პოლიტიკური პროცესების დაწყება. მეტსაც გეტყვით, რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი, ერთ მთავარ კომენდანტის კუთხით, ასევე თბილისში იყო დაგეგმილი გარკვეული პირების დაპატიმრებაც კი, მაგრამ ბოლო მომენტში რუსებმა თავი შეიკავეს ამ ქმედებების გამო, იმიტომ, რომ აქ უკვე ჩაერია საერთაშორისო საზოგადოება.
„აქ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, ანუ რიგითმა ჯარისკაცებმა, ოფიცრებმა გმირულად იბრძოლეს, რასაც სარდლობაზე ვერ ვიტყოდი, იმიტომ, რომ სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სრული დეზორგანიზაცია განახორციელა, რაც იყო სრული დემორალიზება.
"საშუალო და რიგითმა შემადგენლობამ გმირულად იბრძოლა და მისცა საშუალება, რომ საერთაშორისო საზოგადოებას მიეღო ზომები, არ მომხდარიყო მთლიანი საქართველოს ოკუპაცია თბილისის ჩათვლით, მაგრამ, მაშინ საერთაშოორისო საზოგადოება ჩაერია, მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის იმდროინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო და კიდევ ბალტიის ქვეყნების ხელმძღვანელები,"-აცხადებს იგი
პარტნიორი ქვეყნის ლიდერების ვიზიტის მნიშვნელობა
„მე გამოვყოფდი ნიკოლა სარკოზისა და აწ უკვე გარდაცვლილ ლეხ კაჩინსკის უპრეცენდენტო გმირობას, რომლებმაც ფაქტიურად შეაჩერეს ეს რუსული სამხედრო აგრსია, მათმა ჩამოსვლამ და სოლიდარობამ იქონია საკმაოდ ძლიერი ეფექტი,ამას მინდა ხაზი გავუსვა ჩვენთან შემთხვევით არ არის, რომ თბილისში ლეხ კაჩინსკის სახელობის ქუჩა არსებობს."თქვა მან
„რუსებმა დაიწყეს მიზანმიმართულად საქართველოში სტრატეგიული სამხედრო ობიექტების განადგურება, 31-ე სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე განახორციელეს არსებული აეროდრომის განადგურება, დაარტყეს თბილისის აეროპორტსაც, ასევე რადიოსალოკაციო სისტემას, რომელიც იყო საფრანგეთის მხრიდან გადმოცემული, რომელიც სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებს რეგულაციისთვის იყო აუცილებელი. დაიბომბა ფოთის პორტი, ქვემო ქართლში მარნეულის სამხედრო აეროდრომი, სენაკის ბაზა, გორის ბაზა და ასევე სხვა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბაზები." - იხსენებს მაისაია „რეზონანსთან".