ია აბულაშვილი
08.08.2019

 "სამთავრობო ცვლილებები აუცილებელია და რა თქმა უნდა, კადრებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალ მთავრობაში უნდა მოვიდნენ პროფესიონალები, რადგან პროფესიონალიზმის გარეშე პროგრესი არ იქნება"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი მთავრობის შეცვლას გეგმავს.

"არც მთავრობის წევრი ვარ და არც მათი სამზარეულო ვიცი, მაგრამ როგორც მოქალაქე, ჩემს აზრს მოგახსენებთ, რომ სამთავრობო ცვლილებები აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმადე ერთი წელი დარჩა, საქმის მცოდნე ადამიანი თავის ხელს უცბად დაატყობს.

"არ ვამბობ, რომ ყველა მინისტრი უნდა შეიცვალოს, ვინც თავის საქმეს კარგად უძღვება, მას საშუალება უნდა მიეცეს, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

"თუმცა, ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გუნდი უნდა შეიცვალოს იმ ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში შეიქმნა. განაცხადი ერთია, რომ არის ეკონომიკური ზრდა, თუცმა ვხედავთ, სად გარბის ლარი, ე.ი. რაღაც ისე ვერ არის და საჭიროა ცვლილებები.

"ჩემი აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად დაბრუნდება. ბოლოს და ბოლოს ეს ადამიანი საქართველოს ბიუჯეტის ტოლფასი თანხის განმკარგავია და არ გაუჭირდება ვითარების დარეგულირება.

"რაც შეეხება ამ ხელისუფლების მოცილე ადმიანების განცხადებებს, რომ შემოდგომაზე შეიძლება სოციალური აფეთქება მოხდეს, ისინი ქვეყნის ეკონომიკას ვერ გამოასწორებენ, მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ სოციალური აფეთქების საფუძველი იყოს ქვეყანაში, მაგრამ ეს ფუჭი იმედებია.

"ახალი მთავრობა მოვა, თუ ძველი დარჩება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, ეს არ მოხდეს, ანუ პირველ რიგში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მოგვარდეს" - განაცხადა "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×