ელზა პაპოშვილი
08.08.2019

 „ტვ პირველის" დამფუძნებლის ვატო წერეთელის გამოკითხვა დასრულდა. სამოქალაქო სასამართლო მან რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. წერეთელი ამბობს, რომ მას დაკითხვისას ეჭვი გაუჩნდა, რომ მის ოჯახზე, კერძოდ მამაზე სურთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რის შემდეგაც მასზე, როგორც ტელეკომპანიის მესაკუთრეზე მანიპულაციას შეძლებენ.

„ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე უნდათ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამით შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულაციას," - ამბობს ის.

მისივე განცხადებით, არ არსებობს მომჩივანი და არც დაზარალებული და სწორედ ეს აჩენს ეჭვებს, რომ ასეთ საქმეზე, რომელიც 11 წლის წინანდელია, პროკურატურა თავად დაინტერესდა.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე, მაინტერესებდა ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს არც დაზარალებული ჰყავს, არც მომჩივანი," - აცხადებს ვატო წერეთელი.

„ტვ პირველის" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე მოვლენები უშუალოდ ტელეკომპანიას უკავშირდება. მისი თქმით, ტელევიზიაზე კონკრეტული შემოტევები იყო, ამიტომაც, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს საქმეც ტელევიზიას უკავშირდება.

„ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და ამითი, ჩემი აზრით, შეეცდებიან, ჩემზე პირადად მანიპულირებას... ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი შემოტევები, ამიტომ ტელევიზია არის დამოუკიდებელი, ყოველთვის რჩება გავლენების მიღმა და მოვლენების შუა გულში, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები," - განაცხადა ვატო წერეთელმა.

წერეთელი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. მას გამოძიება ედავება, რომ ბანკირებმა წერეთლის კომპანიის დახმარებით ფული გაათეთრეს.

„ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებაზე პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი განმარტებას აკეთებს. მან განმარტა, თუ რატომ გადაწყდა ვატო წერეთლის გამოკითხვა სწორედ ახლა, როდესაც საქმე, დაახლოებით, ერთი წლის წინ აღიძრა.

როგორც პროკურორი ამბობს, ამ საქმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების მოპოვება ეტაპობრივად მოხდა. მისი თქმით, კონკრეტულად, ერთი დამატებითი მტკიცებულების მოპოვების საფუძველზე შემდგომი პირის დაკითხვა არ ხდება. მტკიცებულებების მოპოვება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„მას შემდეგ, რაც შევაფასეთ მოპოვებული მტკიცებულებები და გავაანალიზეთ, თუ ვისი დაკითხვა იყო საჭირო, დავდექით ამ აუცილებლობაზე და, შესაბამისად, სწორად ახლა ვკითხავთ ჩვენ ბატონ ვახტანგ წერეთელს," - განაცხადა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა.

პროკურორის განცხადებით, მათ ვერ მიიღეს პასუხები დასმულ შეკითხვაზე და ვატო წერეთელი უმეტეს შემთხვევაში მათ ეუბნებოდა, რომ არ ახსოვს კონკრეტული დეტალები.

„ვატო წერეთელი სოციალურ მედიაში ავრცელებდა რიტორიკულ შეკითხვებს თუ რატომ არ ხდებოდა მისი დაკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს პიროვნება სასამართლოში დავკითხეთ, ძირითადად ჩვენს შეკითხვებზე პასუხები გასცა, რომ არ ახსოვს და მისი შემხებლობა ამ კომპანიებთან შემოიფარგლებოდა იმით, რომ ეს იყო მათი ოჯახის ბიზნესი.

"ჩვენ ვახტანგ წერეთელთან გვქონდა ლეგიტიმური შეკითხვები, ვინაიდან ის წარმოადგენდა ‘სამგორი ემის" და ‘სამგორი ტრეიდის" წილის მფლობელს, ეს, შეგახსენებთ, ის კომპანიები რომელზეც მოხდა ამ თანხების სესხად გაცემა, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებით.

გამოძიებამ რა გაარკვია, დეტალურად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მოგახსენებთ. შეხება ჰქონდა ამ კომპანიებთან, იყო ამ კომპანიების წილის მფლობელი, შესაბამისად, ჩვენ გვქონდა შეკითხვები," - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

„ერთი პროცენტით რომ არ მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი "ტელეკომპანია პირველს", არ უკავშირდება, მაშინ პროკურატურასთან არ მივიდოდი," - ეს განცხადება "ტვ პირველის" გენერალურმა პროდიუსერმა, ინგა გრიგოლიამ გააკეთა.

ჟურნალისტი „ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვატო წერეთლის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება. ინგა გრიგოლია ამბობს, რომ ვატო წერეთლის გამოკითხვა პირდაპირ უკავშირდება „პირველს". ინგა გრიგოლია იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც ბოლომდე გამოძიებული არ არის.

„სხვისი, რაც არ უნდა პატივს ვცემდე ვიღაცის ბიზნესინტერესების დასაცავად, მე არ ვიქნებოდი. 100-დან 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკავშირდება სწორედ ტელეკომპანია "პირველს" და რატომ, იმიტომ, რომ ადამიანებს ბრალი ისე წარუდგინეს და გირაო შეუფარდეს, რომ კომპანიების ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც წესით, საქმის მონაწილე უნდა ყოფილიყო, არ გამოუკითხავთ.

"წარმოიდგინეთ, ეს ხომ არის, თავისთავად, რაღაც უცნაური მოვლენაა. პლუს, ჩვენ ვსაუბრობთ, თუ არ მეშლება, 11 წლის წინანდელ ამბავზე, რომელსაც არ ჰყავს არც დაზარალებული, არც მომჩივანი. ესეც ხომ არის ძალიან უცნაური მოვლენა. ქვეყანაში, სადაც უამრავი გამოუძიებელი საქმეა, სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი... უეცრად, როდესაც ამდენი ამბავი არის გამოუძიებელი, თურმე გამოძიება ინტერესდება 11 წლის წინანდელ საქმით, საქმით, რომელსაც არ ჰყავს არც მომჩივანი, არც დაზარალებული" - ამბობს ინგა გრიგოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×