2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ოპოზიცია მმართველიი გუნდის განცხადებებს არასახელმწიფოებრივ მიდგომად აფასებს და აცხადებს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ხელისუფლების გაუთავებელი სპეკულაციები სრულიად არის ამოვარდნილი იმ კონტექსტიდან, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფოებრიობა და აზიანებს ქვეყნის უსაფრთხეობას და მის განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა, პოლიტიკური ძალები ვერ თანხმდებიან ომთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებში. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არც მაშინ და არც შემდეგ დამოუკიდებელი, სანდო გამოკვლევა, თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ქვეყნის შიგნით, არ გაკეთებულა და დღეს ვიმკით გაუკეთებელი საქმის შედეგს.
„ეჭვს არ იწვევს, რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, არც მაშინ და არც შემდეგ დამოუკიდებელი, სანდო გამოკვლევა, რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ქვეყნის შიგნით, არ გაკეთებულა. დღეს ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ ერთი ერთს ამტკიცებს და მეორე - მეორეს. ამიტომაც არის აზრთა ასეთი სხვადასხვაობა და ეს მძიმე ეპიზოდები რეალურად სანახევროდ არის საზოგადოებისთვის გარკვეული.
„ასე რომ, დღეს ვიმკით გაუკეთებელი საქმის შედეგს. შიში მაქვს, რომ ასე დარჩეს. ის, რომ ეს გახლდათ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, ამაში ეჭვი მხოლოდ რუსეთს შეაქვს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ირაკლი მენაღარიშვილმა.