„არ ვარ ქალაქში და არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. მე ვიცი - ჩემი შემოსავალი ნამდვილად არ გაზრდილა და რაც შეეხება დანარჩენს, მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბიუროკრატიამ გაცილებით მეტი თანხები მიიღო. ალბათ, შესაბამისი უწყება გასცემს ზუსტ პასუხს, ეკონომიური ბლოკი ალბათ გაცილებით უფრო ზუსტად იტყვის ეს რამდენად სწორია და ზუსტად სად დაიხარჯა თანხები", - ასეთია პარლამენტისა და „ქართული ოცნების" წევრის ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარიას პასუხი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე და ოპოზიციის განცხადებებზე.
აუდიტის ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 47 მილიონით მეტია წინა წლის ბოლო ექვსი თვის მონაცემებზე. ოპოზიცია გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე საუბრობს. მათი თქმით, სამთავრობო სექტორის გაზრდილი ხელფასები და პრემია-დანამატები პირდაპირ კავშირშია ლარის გაუფასურებასთან, რაც ეკონომიკის ზრდას აფერხებს.
ქანთარია ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს.
„ეს არის ყოველგვარი მცდელობა იმის, რომ უნდათ ყველანაირად ყველაფერი დაგვბრალდეს, ლარი მითუმეტეს ყველაზე მგრძნობიარე თემაა და ცდილობენ მაქსიმალურად, რომ რაღაცა გარკვეული მიზეზები უპოვონ.
„არავითარი ამის ნიშანწყალი არ არის, რომ რამე დაემატა, უკვე შვიდი-რვა წელია ვართ პარლამენტში და არაფერი ჩვენ რა თქმა უნდა არ მოგვმატებია და არც ვაპირებთ ამას", - ამბობს ქანთარია „რეზონანსთან".