(რეზონანსი) ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება, არის ხელისუფლების მცდელობა გვარამიას განეიტრალებისა, რათა მან ახალი ტელევიზია არ შემქნას, - ამის შესახებ "2020NEWS" გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რაზეც დღეს პროკურატურა საუბრობდა ბრიფინგზე ამაზე გაკვრითაც კი არ ყოფილა საუბარი გვარამიას გამოკითხვის დროს და ამ საქმეს არანაირი შემხებლობა არ აქვს სამართალთან.
"ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება არ ყოფილა მოულოდნელი, იმიტომ, რომ როგორც კი ეს გამოძიება დაიწყო, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ქმედების მიზანი პროკურატურის მხრიდან იყო არა რაღაცების გამოკვლევა, არამედ ნიკა გვარამიას განეიტრალება, რათა მან არ შექმნას ახალი ტელეკომპანია.
მას შემდეგ რაც ხელისუფლებას "რუსთავი 2" ხელში ჩაიგდო, ვინმე ქიბარ ხალვაშის მეშვეობით, ახლა ახალი ამოცანა არის ის, რომ არ დაუშვან ახალი ტელევიზიის შექმნა. ეს არის ხელისუფლების მიზანი და ამისთვის იარაღად საქართველოს პროკურატურას იყენებს, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ადვოკატის თქმით, საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე რთული სათქმელია აღკვეთი ღონისძიების სახით გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურა გამოიყენებს თუ არა პატიმრობის მოთხოვნას.
ნიკა გვარამიას ბრალი სსკ-ის 220-ე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წაუყენეს, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.